გიორგი ლეონიძე - შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს - არ უწერია გადაშენება!

© ეროვნული ბიბლიოთეკალია ელიავა
ლია ელიავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ამინდისთვის წინასწარ გამოწერილი მაქვს  ისეთი სილამაზე, სიმყუდროვე  და სიფაქიზე, რომ ჩვენს აივანზეც კი, მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენია და არავინ არაფერს არ გვიშლის, მაინც  ძალიან ჩემად გავალ, ფეხაკრეფით და თითქმის ჩურჩულით გეტყვით… თანაც ყოველგვარი შესავალის გარეშე, რომ… 

ზუსტად ამ დღეს, 1934 წლის 28 მაისს დაიბადა ერთერთი ყველაზე ლამაზი ქალბატონი, ვინც კი მინახავს, თანაც ძალიან ახლოს… მშვენიერი და განუმეორებელი ლია ელიავა…

ძალიან ძნელია დაასახელო ცნობილი ქართული ფილმები, რომელშიდ ლია ელიავა არ მონაწილეობდა… რაც შეეხება გარეგნობას,  დამეთანხმებით, ასეთი ბუნებრივი სათნოებით და სილამაზით   ჰოლივუდიც კი  ვერ დაიკვეხნიდა, ნამდვილად…  მას ყველა ეტრფოდა, ყველას მასსავით ნიჭიერი და ლამაზი უნდოდა ყოფილიყო… ის კი ამ დროს  იყო საოცრად უამბიციო, უბრალო,  გულწრფელი და უაღრესად კეთილმსურველი ადამიანი… ზუსტად ისეთივე, როგორიც მისი მზისა და მთვარისა  „ბაში აჩუკიდან“…

 …70-იან წლების დასაწყისში… თბილისში, უშანგი  ჩხეიძის ქუჩაზე იდგა ძალიან ცნობილი,  თაღიანი და ორტირიფიანი სახლი N33…  სახლი ცნობილი  იმით იყო, რომ მასში ცხოვრობდნენ ქართული კინემატოგრაფიის სახელგანთქმული  მოღვაწეები, რეჟისორები, მსახიობები, სცენარისტები, ოპერატორები, ხმის ოპერატორები, მხატვრები…  ოთარ კობერიძე და ლია ელიავაც  ამ სახლის მეოთხე სართულზე ცხოვრობდნენ, ჩვენი ოჯახი კი — 2 სართულით ქვევით, მეორეზე… საერთოდ, ჩვენი სახლი   ყველაზე მეტად იმით გამოირჩეოდა, რომ მასში იმდენი ლამაზი მანდილოსანი ცხოვრონდა, ბარე  ერთ ქალაქსაც კი ეყოფოდა… ლია დეიდა კი რაღაცა განსაკუთრებული იყო… ის, რომ ძალიან ლამაზი იყო, ყველამ იცის, მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ  სრულყოფილი ფიზიკური სილამაზე… ის იყო საოცრად ნაზი, გრაციოზული,  და  თბილი… დილიდან რომ შეგვხდებოდა, ისე გაგიღიმებდა და მოგესალმებოდა, პატარაობაში ასკინკილათი რომ გააგრძელებ გზას და ცოტა დიდობაში იმავე ასკინკილას გულში რომ გაატარებ… 

დღეს ერთი საიდუმლო უნდა გაგანდოთ… არა, რა თქმა უნდა, ეს „ვითომ საიდუმლოა“, თორემ თქვენც კი ვერ გაგანდობდით… თურმე ჩემს მამიკოს ლია ელიავა ბავშვობაში უყვარდა… ახლა უკვე თავისუფლად  შეიძლება თქმა, რომ მე მგონი, ამ გრძნობამ ბოლომდე არც არასდროს გადაუარა, რადგანაც,  თუ ვინმე ქალი შესახედავად მოეწონებოდა, თანაც,   მნიშვნელობა არ ქონდა არც სიმაღლეს, არც თმის ფერს, არც აღნაგობას, არც ეროვნებას, ასე იტყოდა — „ძალიან ლამაზია!“ და მერე დაუმატებდა: „სულ ცოტათი ლიას გავსო“…  

ერთხელ მამას გადავეკიდე, — გინდა თუ არა მომიყევი, პაემანზე ყოფილხართ როდისმე თქო შენ და ლია დეიდა?  და „კიო“… „მერე, როგორი იყო?“, — არ მოვეშვი… და იცით, რა მიპასუხა: „როგორიო და… ლია წინ მიდიოდაო და ერთ 20 მეტროში მე მივყვებოდიო…  არავის არაფერი რომ არ ეთქვაო“… 

დღეს ისეთი გულწრფელი დილა გათენდა, რომ  კიდევ ერთ რამეში გამოგიტყდებით… ჩვენი ეზოს გოგოები  ყველანი ვიყავით შორიდან და უიმედოდ შეყვარებულები ოთარ კობერიძეში… ერთხელაც, მახსოვს, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, მაკამ, რომელიც ნაწყენი იყო ჩემზე, სამაგიერო ასე გადამიხადა… ლია და ოთარი რომ ჩამოვიდნენ ეზოში (არა და მათ  ერთად დანახვას არაფერი ჯობდა)… უცებ მივარდა ოთარს, და ხმამაღლა დაიძახა, რუსულად — „Дядя Отар, а Лела  Вас любит!“  (მე ამ დროს ვარ მაქსიმუმ 10 წლის) და გაიქცა…   მე კიდევ დამტოვა…  დღესაც გული გამიჩერდა, რომ გამახსენდა და მაშინ რა დამემართებოდა… გავწითლდი ჭარხალივით და სახლში ავვარდი…  ორი დღე ეზოში არ ჩამოვდიოდი… ბოლოს მშომლებმა გამომტყუეს სახლში ჯდომის მიზეზი…  ბევრი იცინეს…  დედამ იხუმრა —  „ეს ანჯაფარიძეები ამ ელიავა-კობერიძეების ოჯახს რას გადაეკიდეთო?“… მაშინ მივხვდი, რომ დედასაც გაგონილი ქონია მამას პირველი სიყვარულის ამბავი… 

ჩვენს სახლში რაღაც საოცარი ურთიერთობები იყო…  ალბათ, როგორც ყველა იმდროინდელი თბილისის სახლში… მართლა ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით… ერთხელ ლიამ დედას დაურეკა და გამოუტყდა, ქათმის ბულიონს ვაკეთებო, ოთარს გამჭვირვალე უყვარს, მე კი არ გამომდისო… დედამ ასწავლა, მარლაში გაატარეეო… საღამოს კი ჩამოვიდა ლია ჩვენთან და კვდება სიცილით… 

გაირკვა, რომ ოთარი მოსულა სახლში და ლიას უთხოვია, მე მარლას დავიკავებ „რაკოვინაზე“ და შენ  ბულიონი ჩაასხიო… ყველაფერი კარგად იქნებოდა, მარლის ქვეშ,  ცარიელი ქვაბის ჩადგმა რომ არ დავიწყებოდათ… ასე რომ მთელი გამჭვირვალე ბულიონი, ლამაზად ჩაიღვარა ტრაპში… 

… ზოგჯერ ვფიქრობ, რამხელა ბედნიერებაა, ადამიანებს  წარსულის  ჯადოსნური კიდობანიდან მოგონებების პატარა, ძვირფასი თვლების ამოღების ნიჭი რომ გაგვაჩნია… სულს რომ გვივსებენ და გულს გვითბობენ… ალბათ, სწორედ  ეს არის მარადიულობაც და  უკვდავებაც… 

გისურვებთ ბედნიერ და ლამაზ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0