დღეს, დილიდან, რუსთაველის გამზირზე დადგმული დინამიკებიდან მხოლოდ ინგლისურენოვანი სიმღერები ისმის… რას ვიზამთ? გვიყვარს ქართველებს სტუმრის, უცხოს პატივისცემა, თანაც იმდენად, რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დღეს უკვე უცხოურად, ვიქტორიის აღმნიშვნელ ორ თითს მაღლა ვწევთ და ინგლისურად „ფრიდოომს“ გავყვირით!.. მოკლედ, საუცხოო ხალხი ვართ. სა-უცხოო,- ამ სიტყვის ფარულ არსზე იმ,,გაყინული“, 80-იანი წლების ბოლოს ჩემმა ლექტორმა, ბატონმა დავით კოტეტიშვილმა მიგვაქცევინა ყურადღება… კარგისა და გადასარევის გარდა, ეს სიტყვა იმასაც,,გვეუბნება“, რომ ჩვენიანზე მეტად მაინც უცხოზე ვართ,,ორიენტირებული“…
დაკვირვებიხართ, ქართველი საკუთარ ქვეყანაში რომ გახდეს წარმატებული და სამშობლოში სულ მცირე, ყურადღება რომ მიიქციოს, საამისოდ, ჯერ,,უცხოეთში“ უნდა გაიაროს ერთგვარი „ტესტირება“, სხვაგან წარმატების შემდეგ კი ტრიუმფატორად საკუთარ ქვეყანაშიც აღიარებენ, თანაც, სულ ადვილად, უაპელაციოდ…
მგონი ყველაზე ბევრს თავისუფლებაზე ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ რეალურად, პიროვნულ თავისუფლებამდე ისევ შორი გზაა… ხშირ შემთხვევაში, თავისუფლება, რომელიც პოეტის სიტყვებით,,ისე არ მოდის“ და მართლაც „ლომთა ხვედრია“, ჩვენთვის არასწორად აღქმული და გაგებული, განყენებული ცნებაა. ისტორიულად მრავალჯერ დასაბუთებული ჭეშმარიტება, რომ თავისუფალ ქვეყანასა და საზოგადოებას მონური აზროვნების ადამიანები ვერ შექმნიან — ჩვენთვის ჯერაც სადავოა…
პიროვნული თავისუფლებიდან ქვეყნის თავისუფლებისაკენ — ეს ფორმულა უპირობო თავისუფლების წინაპირობაა. პიროვნულ თავისუფლებას საზოგადოებაში მისი ქცევა და თავისუფალი ნება განსაზღვრავს, ანუ ერთი შეხედვით, უბრალო ქცევის კოდექსი, მარტივი რამ: არ დაყარო ნაგავი, არ გადახვიდე „წითელზე“, არ დაიგვიანო საქმიან შეხვედრაზე… და კიდევ ბევრი „არ“…
ადამიანის საზოგადოებაში ცნობადობას ეპატაჟურობა და როგორც ჩვენში ამბობენ, მისი „გატელევიზორების“ სიხშირე კი არ უნდა განსაზღვრავდეს, არამედ მისი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ხარისხი და ამავე საზოგადოებისთვის მისი საჭიროება… ვიღაცისთვის თავისუფლება ყველაფრის კეთების უფლება და სხვებისთვის მიყენებული ცხრაწლიანი ტკივილის დავიწყების მოთხოვნის კანონიერებაა. არადა, პიროვნული თავისუფლების ერთ-ერთი კანონი იმას გვახსენებს, რომ „სხვას არ გაუკეთო ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ“…
დღეს თავისუფლების ზეიმს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ჩვენებურად, პომპეზურად, ამჯერად,,ძვირ-ფასი“ რობი უილიმასიც გვერდით გვეყოლება, რომელიც სადღაც, მისთვის გაშლილ, რომელიმე სამეფო სუფრაზე, ალბთ, დამტვრეული ქართული გვეტყვის სახელდახელოდ ნასწავლ ფრაზას: „საკარტველოს გაუმარდჟოს“ —რაზეც ჩვენ ისევ არა ქართული,,ვაუს“ ძახილით აღვფრთოვანდებით… მრავლად წარმოითქმება ტრადიციული სადღეგრძელოები თავისი ცეკვა-თამაშებით… მერე შვიდწუთიანი ძვირადღირებული ფეიერვერკიც გააფერადებს თბილისის ცას…
ამ დროს კი სადღაც, კახეთის რომელიმე სოფელში, ალბათ, გიგო პაპა ისევ თავის დაკოჟრილ ხელებს დახედავს და დასეტყვილ ვენახზე იდარდებს…
თავისუფლების დღეს გილოცავთ….