თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. მომღერალი საქართველოს პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ესტუმრა.
პოპულარული შემსრულებელი თაყვანისმცემლების წინაშე სოლოკონცერტით „დინამო არენას“ სტადიონზე 27 მაისს, 17:00 საათზე წარდგება.
”ერთი სული მაქვს, მივიღო თქვენი სიყვარული. ამას ძალიან ველოდები. გთხოვთ იყავით კეთილგანწყობილი ჩემს მიმართ, მე თქვენი სიყვარული მჭირდება. მე ვიცი კარგი პუბლიკის ფასი”, – განაცხადა რობი უილიამსმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.
რობი უილიამსისა და Maroon 5-ის კონცერტები მთავრობის პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებშია დაგეგმილი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზებასა და მსოფლიოში მისი საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას.
პროგრამის ფარგლებში თბილისში უკვე გამართა კონცერტი იტალიელმა მომღერალმა ეროს რამაზოტიმ, ხოლო 18 ივნისს ქუთაისში გამოჩენილი ესპანელი საოპერო მომღერალი ხოსე კარერასი იმღერებს.

