თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ქალაქ სენაკის მაცხოვრებლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას შს სამინისტროს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს АК-74 მოდელის ავტომატისაგან კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი, 545 საბრძოლო ვაზნა, ხუთი მჭიდი, ოთხი ჭურვი და ერთი ხელყუმბარა.
გარდა ამისა, 11 ელექტროკაფსულა-დეტონატორიც ამოიღეს. გამოძიებისას სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ დაკავებული გივი ე. საბრძოლო მასალას არამარტო სახლში, არამედ ეზოში აშენებულ სპეციალურ შენობაშიც ინახავდა, იუწყებიან შს სამინისტროს პრეს-სამსახურში.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებად ნივთიერებათა ან ასაფეთქებელი მოწყობილობების უფლების გარეშე ტარება“, რაც ჯარიმით ან თავისუფლების სამიდან ხუთ წლამდე აღკვეთით ისჯება.
წლის დასაწყისიდან ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შედეგად, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს 53 პისტოლეტი, 15 ავტომატი, ხუთი რევოლვერი, 11 შაშხანა, ერთი სანადირო თოფი, ხუთი ხელყუმბარა, ერთი ასაფეთქებელი, უკვამლო დენთის 250 კილოგრამი, ტროტილის 200 გრამი და 2 ათას 355 საბრძოლო ვაზნა.
გარდა ამისა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის 54 ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცა