რა სურს ქართველს, რომელიც ამერიკის პრესტიჟულ უმაღლესში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა?

© FB/ Megrelishviliarchilარჩილ მეგრელიშვილი
არჩილ მეგრელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში ქართველები უცხოეთში Sputnik-ის კოლუმნისტი თეონა გოგნიაშვილი თბილისელ ახალგაზრდაზე არჩილ მეგრელიშვილზე მოგითხრობთ.

 ის ფაქტი, რომ ქართველი ახალგაზრდები უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ დღეს აღარავის უკვირს. ისიც ცნობილია, რომ ამგვარი ფუფუნების საშუალება ჩვენში ყველას არ აქვს, რადგან ევროპასა თუ ამერიკაში უმაღლესი განათლების მიღება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მით უფრო არც ისე ხშირია შემთხვევა, როცა უცხოეთის რომელიმე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი ემიგრანტს სწავლას სრულად უფინანსებდეს. ჩემი რესპონდენტი ამგვარ სასიხარულო, მე ვიტყოდი, საამაყო გამონაკლისს წარმოადგენს. თბილისელი არჩილ მეგრელიშვილი ამერიკის ჯეიმს ქოლგეითის სახელობის უნივერსიტეტში ლიბერალ არტსის ფაკულტეტზე ამერიკული მხარის სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ჩვენ მას ნიუ-იორკში დავუკავშირდით.

-არჩილ, როგორ მოხვდი ამერიკის ქოლგეითის უნივერისტეტში სრული დაფინანსებით?

— თბილისში “ლოგოსში" ვსწავლობდი და ჩვენი სკოლის პრიორიტეტია, რომ მის მოსწავლეებს ნებისმიერ ადგილას მოხვედრის შანსი აქვთ.. მე-9-ე კლასიდანვე ამერიკაში მინდოდა წასვლა, ამიტომ რაც „ლოგოსში“ გადავედი, მას მერე საჭირო საგნებში მომზადება დავიწყე და აპლიკაციები გავაგზავნე რამდენიმე უნივერსიტეტში, სადაც მინდოდა მოხვედრა. ქოლგეითიდან მომივიდა დადებითი პასუხი და თანაც, სრული დაფინანსებით. მინდა გითხრათ, რომ აქ იმდენად დიდი გადასახადია, არა მგონია, ოდესმე ამ თანხის გადახდა შემძლებოდა, ამიტომ სიხარულით დავთანხმდი. ტესტების შევსება წინასწარ ყველას უწევს და დაფინანსების მოთხოვნის უფლებასაც გაძლევენ. თუ არ მოითხოვ, რასაკვირველია, უფრო დიდი შანსია, რომ მიგიღონ, მაგრამ თუ საკმარისად კარგი შედეგი აჩვენე, დაფინანსებით მიგიღებენ. 

© FB/ COLGATE UNIVERSITYამერიკის ჯეიმს ქოლგეითის სახელობის უნივერსიტეტი
ამერიკის ჯეიმს ქოლგეითის სახელობის უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
ამერიკის ჯეიმს ქოლგეითის სახელობის უნივერსიტეტი

- ქოლგეითი ჩვენთან ასოცირდება კბილის პასტის ფირმასთან, უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება მოგვიყევით რას წარმოადგენს თქვენი უნივერსიტეტი?

— დიახ, ქოლგეითი მსოფლიოში უფრო ცნობილია, როგორც კბილის პასტის ბრენდი, რომელსაც არანაირი კავშირი აქვს უნივერსიტეტთან. ქოლგეითი არის უნივერსიტეტი, რომელსაც სახელი რამდენჯერმე შეეცვალა, მაგრამ საბოლოოდ ერთ-ერთი უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ჯეიმს ქოლგეითის სახელი  დაერქვა.

- ამ უნივერსიტეტში სწავლობ ლიბერალ არტსის ფაკულტეტზე, რომელიც პროგრამირებასა და თეატრის საკითხებს მოიცავს. რა საგნებს სწავლობ და რა პრაქტიკულ გამოცდილებას იძლევა ის?

— ლიბერალ არტსი ბევრად მეტს მოიცავს, ვიდრე პროგრამირება და თეატრია. აქ სწავლობ ნებისმიერ საგანს და საკითხს, რაც მოგესურვება, მაგალითად პირველ სემესტრში ფსიქოლოგიისა და უძველესი სამყაროს ისტორიის კურსი ავიღე. ლიბერალ არტსი არის განათლების სტრუქტურა უნივერსიტეტში. მოკლედ რომ ავხსნა, 4 წლიდან პირველი 2 წელი სხვადასხვა საგნებს სწავლობ და ორი წლის შემდეგ შენს მთავარ სფეროს ან სფეროებს ირჩევ. შეგიძლია ერთდროულად ორიც აირჩიო.

-რამდენადაც ვიცი, შენ მედიკოსების, კერძოდ ფარმაცევტების ტრადიციული ოჯახიდან ხარ და არჩევანი ხელოვნების სფეროზე გააკეთე, ამას აქვს თავისი ახსნა?

— სხვათაშორის არჩევანი ჯერ სრულად არ გამიკეთებია, მაგრამ ფარმაციაში წასვლას ნამდვილად არ ვაპირებ. ეს ცოტა უფრო პირადულია. არც ისე კარგი მოგონებები და ინფორმაციაა ჩემთვის დაკავშირებული ფარმაციასთან, მითუმეტეს ქართულთან, ამიტომ ამ სფეროში ნამდვილად ვერ ვიქნებოდი. რაც შეეხება ქართულ თეატრს, არ ყოფილა შემთხვევა, როცა თეატრში წავსულვარ და ეს ფაქტი ჩემთვის განსაკუთრებული, ამაღლებული განწყობის მიზეზი არ გამხდარიყო. გულდასაწყვეტია, რომ თეატრის მსახიობები ნამდვილად იმაზე მეტად უნდა ფასდებოდნენ საქართველოში, ვიდრე ახლა ფასდებიან. 

© FB/ARCHIL MEGRELISHVILIარჩილ მეგრელიშვილი
არჩილ მეგრელიშვილი - Sputnik საქართველო
არჩილ მეგრელიშვილი

- ამერიკული ცხოვრების ცნობილ გიჟურ რიტმს როგორ აუწყვე ფეხი?

— ამერიკული ცხოვრება თავიდან ძალიან უცნაური და არც ისე სასიამოვნო ჩანდა არაერთი მიზეზის გამო, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს ვეჩვევით, ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი. ჩემი ყოველი ჩვეულებრივი დღე ძირითადად ლექციებით იწყება, რომლებიც საკმაოდ სახალისოა. ლექციების შემდეგ მეგობრებთან ერთად რომელიმე კაფეტერიაში მივდივარ და ვსაუბრობთ. შემდეგ დავალებები. დავალებები… თუ ძალიან ბევრი დავალება არ გვაქვს, მაშინ კლუბში მივდივართ, სადაც ან ჭარდაკს ან მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობთ. ხანდახან რომელიმე სამაგიდო თამაშს, ან რიგრიგობით არჩეულ ფილმებს ერთად ვუყურებთ. თუ კარგი ამინდია, გარეთ გართობის მრავალი გზაა, თან აქ ძალიან ლამაზი ბუნებაა და  ტბაც ახლოსაა. მოკლედ, განტვირთვის მრავალი საშუალებაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ თავისუფალი დრო ბევრი არ გვაქვს…

- ურთიერთობების თვალსაზრისით რა განსხვავებაა ამერიკელ სტუდენტებსა და ქართველ სტუდენტებს შორის? 

— ამერიკელ და ქართველ სტუნდეტებს შორის არც ისე დიდი განსხვავებაა როგორც ქართველებს ჰგონიათ. აქაც უჭირთ სტუდენტებს და აქაც არიან გაუგონრად ბეჯითები, ისევე როგორც საქართველოში. რაც შეეხება სწავლების მეთოდებს, აქ ბევრად უფრო თბილი და უშუალო ურთიერთობაა სტუდენტებსა და პროფესორებს შორის, რაც ჩემი აზრით ძალიან დიდ სხვაობას ქმნის. რესურსები აქ შეიძლება უფრო მეტი იყოს, მაგრამ დამოკიდებულებები ბევრად განსხვავებულია. 

- და ბოლოს, როგორ გესმის გამოთქმა — ცხოვრება-თეატრია?

— საინტერესო გამოთქმაა, რადგან მას უამრავი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა მას ბოლომდე არ ვეთანხმები, რადგან ცხოვრებას ისე სწორხაზოვნად ვერ შევხედავთ, როგორც თეატრს ვუყურებთ ხოლმე, მაგრამ თეატრიც და ცხოვრებაც იმდენად მრავლისმომცველია, რომ სიმართლის მარცვალი ნამდვილადაა ამ გამოთქმაში. რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, საქართველოში დაბრუნებას სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებ. მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა საკუთარ ქვეყანაში რამის შეცვლა შემეძლება და ყველანაირად შევეცდები, რაც შეიძლება მეტი მოვახერხო. ბოლოს და ბოლოს, ჩემი აქ წამოსვლის მთავარი მიზეზი ხომ სამშობლოს დახმარება და მის უკეთეს მომავალში მონაწილეობის სურვილი იყო…


ყველა ახალი ამბავი
0