თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველო და უკრაინა ახლო მომავალში ნატოს წევრები ვერ გახდებიან, ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.
„ნატო ყოველთვის აცხადებს „ღია კარის“ პრინციპზე. მაგრამ ჩვენ ეხლა არ ვსაუბრობთ უახლოეს მომავალში საქართველოსა და უკრაინის ნატოში მონაწილეობის შესაძლებლობაზე. რა თქმა უნდა იყო ბუქარესტის სამიტი, სადაც აღინიშნა რომ თუ ეს ქვეყნები მზად იქნებიან და ნატოს ყველა წევრი დათანხმდება, მაშინ ოდესღაც მსგავსი რამ მოხდება. მაგრამ დღეს თავად ნატოში არ არის ერთიანობა ამ საკითხზე“, — ციტირებს მინისტრს Sputnik Латвия.
რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხის გამორიცხვა არ ღირს და ის ფაქტი რომ მონტენეგრო ნატოს წევრი გახდა, იმის ნათელი მაგალითია, რომ „ღია კარის“ პოლიტიკა მოქმედებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გაატარონ არა მარტო თავდაცვის პოლიტიკაში, არამედ ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, კორუფციის აღკვეთის, სასამართლო სისტემისა და სახელმწიფო მმართველობის სფეროებში. ეს ყველაფერი ნატოს აინტერესებს და რინკევიჩსის თქმით, ორივე ქვეყანას ამ მიმართულებით ბევრის გაკეთება მოუწევს.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მეტად ინტენსიურ ფაზაში შევიდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. 2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.
გასული წლის აგვისტოში კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა, სადაც წვრთნებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან.