თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში ტუნისის პრემიერ ჰაბიბ ესიდს, ნიგერიის პრეზიდენტს მუჰამად ბუჰარის და კოტ-დივუარის პრემიერს დანიელ კაბლანს შეხვდა.
მარგველაშვილი სტამბოლში ჰუმანიტარულ საკითხებში პირველ მსოფლიო სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის ინიციატივით 23 მაისს დაიწყო.
აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრებზე მარგველაშვილმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების კუთხით, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
როგორც საგარეო კავშირების კუთხით პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, გარკვეული აქცენტები იმ აფრიკულ ქვეყნებზე კეთდება, რომლებთანაც საქართველომ ახლახან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.
„შეხვედრებზე კონფლიქტებთან დაკავშირებული ჰუმანიტარული პრობლემები განიხილებოდა…საქართველოს პრეზიდენტმა ტუნისის მთავრობის ხელმძღვანელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ჰუმანიტარული პრობლემები გააცნო“, — განაცხადა ფხალაძემ.
ჰუმანიტარული საკითხებისადმი მიძღვნილ მსოფლიო სამიტზე 125 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური ჩავიდა. სამიტის მიზანია — საერთაშორისო ჰუმანიტარული სისტემის განმტკიცებაა.