მისი უჩვეულო რკინის ფიგურები და გრაფიკული ნახატები უკვე იხილეს საქართველოში და უცხოეთში, სადაც მისი 100-მდე ნამუშევარია გატანილი. ქალაქში არსებულ რკინის საკუთარ ნამუშევრებს შორის ხელოვანი რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიის გვერდზე დადგმულ ვაზის ქანდაკებასა და "მზიურში“ შესრულებულ რკინის ქანდაკებებს გამოყოფს.
- ბატონო ლევან, ცნობილია, რომ რკინის მოთვინიერება რთული საქმეა, თქვენ კი მათგან ხელოვნების ნიმუშებს ქმნით…
— ცნობილია, რომ რკინას, როგორც ძალიან საჭირო მასალას ოდითგანვე ისე ეხებოდნენ. მისგან საბრძოლო, სამეურნეო, სამშენებლო იარაღები მზადდებოდა. მე კი ვიზუალური მხარე-რკინის მხატვრული დამუშავება და სამუშაო პროცესი უფრო მაინტერესებს. სასიამოვნოა ძიების პროცესი, მაგრამ განსაკუთრებით კი — შედეგი. სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების გამოყენებითი ფაკულტეტი დავამთავრე — ლითონის, ხის და სხვა მასალათა მხატვრული დამუშავების სპეციალობით. შეხება თითქმის ყველა მასალასთან მქონდა, მაგრამ უპირატესობას რატომღაც რკინას ვანიჭებ. ამ მასალით შესრულებული ნამუშევრები ჩემში მონუმენტურობის, ძალისა და ორიგინალურობის განცდას იწვევს.
- ჩემი აზრით, თქვენი რკინის ფიგურები ერთი შეხედვით საუკუნეების წინ გაკეთებულ ისტორიულ ნივთებს ჰგავს და მათ დღევანდელი დღისთვის უჩვეულო ემოცია და განწყობა მოაქვთ…
— დიახ, ეს ფიგურები ერთი შეხედვით თითქოს მარტივია, სინამდვილეში ფიგურების სტილიზირება იმ სახით, რომ მათ უჩვეულო და სასიამოვნო ემოცია მოგვარონ მნახველს, საკმაოდ რთულია. მხატვრები ამას ფიგურის გრამატიკულად დანგრევას ვეძახით. ფიგურის ანატომიური სიზუსტით ხატვა ჩემთვის ცოტა უინტერესოა. ამის ნათელი მაგალითი გენიალური ნიკალას შედევრებია. ძალიან მიყვარს რკინის ქანდაკებებზე მუშაობა- ფიგურებზე, აბსტრაქციებზე, როგორც მცირე ზომის, ასევე მონუმენტურ კომპოზიციებზე. პერიოდულად რკინაში, ფერწერასა და გრაფიკაში ვმუშაობ. მთავარია, ნებისმიერ მასალაში შესრულებულმა ნამუშევარმა ადამიანებს სიამოვნება მიანიჭოს. 12 წლის წინ, ლოს-ანჯელესში ერთი წლის განმავლობაში ჰოლივუდში მქონდა გამოფენა, სადაც 50-მდე ჩემი ფერწერული ნამუშევარი გაიყიდა.
- როგორც უკვე ვთქვით, თქვენს ნამუშევრებში ხასიათი შეიგრძნობა, საინტერესოა, მათი დამზადებისთვის რაიმე განსაკუთრებულ განწყობაზე ყოფნა თუ არის საჭირო?
— ნებისმიერი ხელოვანისთვის მთავარი განწყობაა. არის პერიოდები, როცა თავში არანაირი იდეა, თემა ან კომპოზიცია არ მოდის. ეს ნორმალურია ხელოვანისთვის და ამას განტვირთვას ვეძახი- როდესაც შემოქმედებით მუშაობაში ძიების პროცესს იმორჩილებ, ანუ როცა ტვინი გახსნილია. ამას მუზის მოსვლასაც ვეძახი. ხელოვანი ადამიანის შემოქმედებაში მისი ხასიათი ჩანს. მის ნამუშევრებზე ზეგავლენას ქვეცნობიერად ქვეყანაში ან თუნდაც მის პირად ცხოვრებაში მოვლენების განვითარება ახდენს, მაქვს კომპოზიციები: „კერპი“, „მარიონეტების თეატრი“, „გაუხედნავი“ და სხვ. მათი შექმნის იდეაც ჩემში ქვეყანაში მიმდინარე უარყოფითი მოვლენების განვითარებამ გამოიწვია. ძირითადად მაინც კარგ ხასიათსა და განწყობაზე რომ ვარ, მაშინ ვმუშაობ.
- ბატონო ლევან, გაიხსენეთ რა გარემოში გიყვართ მუშაობა და ამ მუშაობის ყველაზე წარმატებულ შედეგად რა მიგაჩნიათ?
– რაც შეეხება პირობებს, უპრეტენზიო ვარ, თუმცა კარგ პირობებზე უარს არ ვიტყოდი. მთავარი მაინც განწყობაა — “დაპროგრამებული” მუშაობის რეჟიმი ჩემთვის მიუღებელია. თავს კარგად ვგრძნობ მეგობრებში, ოჯახში, ჩემს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ჩემს საქმეში. ყოველთვის ვცდილობ რაღაც ახლის შექმნას, ერთი მიმართულებით ან ერთ სტილში მუშაობა არ მაკმაყოფილებს. რაც შეეხება შემოქმედებით წარმატებებს, მახსენდება, რომ 12 წლის წინ, ლოს-ანჟელესში ერთი წლის განმავლობაში, ჰოლივუდში მქონდა გამოფენა, სადაც 50-მდე ჩემი ფერწერული ნამუშევარი გაიყიდა. მაშინ უცხოეთში დარჩენა შემეძლო, მაგრამ ნოსტალგიის გამო ვერ გავძელი და დავრბუნდი, ამას არც ვნანობ…
- სინანული ახსენეთ, ასეთ წარმატებულ ხელოვანს რაიმეზე ხომ არ გწყდებათ გული?
— გული რაზე მწყდება იცით? ბარათაშვილის კიბესთან კედელი რომ მქონდა მოხატული საბავშვო თემაზე, თბილისის ცნობილი მოვლენების დროს სამწუხაროდ განადგურდა. ასევე ვერ განხორციელდა პროექტები ბათუმის ბულვარში, აგრეთვე ფუნიკულიორზე მთავარი ჭიშკრის პროექტი და რესტორნის აივანზე მხატვრული ტიხრები. მიუხედავად ამისა, მხატვრულად ბევრი ობიექტი მაქვს გაფორმებული. ამჟამადაც საინტერესო პროექტებზე ვმუშაობ და უფლის ნებით, იმედი მომავალშიც მაქვს. საკამათო გამონათქვამს- ხელოვნება ხალხისთვის თუ ხელოვნება ხელოვნებისთვის- ასეთ ფორმულირებას გავუკეთებდი: ნამუშევრის შექმნის პროცესში, ხელოვნება ხელოვანს ეკუთვნის, ხოლო პროცესის დასრულების შემდეგ ის უკვე ხალხის კუთვნილებაა…