თბილისი, 23 მაისი — Sputnik. პოპულარული ქართული ფოლკ-როკ-ჯგუფი „მგზავრები“ რუსულ მუსიკალურ ფესტივალ „დიკაია მიატაზე“ („Дикая мята“, „ველური პიტნა“) გამოვა ისეთ ჯგუფებთან ერთად, როგორებიცაა „სპლინი“, Iowa და 5'NIZZA.
წლევანდელი ფესტივალი მოსკოვიდან 130 კილომეტრში, ტულის ოლქის სოფელ ბუნირევოში 24-26 ივნისს გაიმართება.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები იუწყებიან, ქართველი მუსიკოსების გამოსვლა ფესტივალის ყველაზე ემოციური მოვლენა იქნება.
„წელს ჯგუფი 10 წლისთავს აღნიშნავს, გველოდება ნამდვილი ქართული საიუბილეო გამოსვლა. მოხარული ვართ, რომ ეს სასიხარულო მოვლენა სწორედ ჩვენ ფესტივალზე მოხდება, რადგან მათი პირველი საფესტივალო გამოსვლა სწორედ აქ მოხდა“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
„მგზავრები“ რუს მსმენელს ეროვნული კოლორიტით, მწყობრი მრავალხმიანობით, გულწრფელი შესრულებითა და განუმეორებელი მეგობრული ატმოსფეროთი იპყრობს, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ფესტივალში მონაწილეობენ ჯგუფები: Несчастный случай, Oli, Microguagua, The Wanton, Bishops, Dubioza Kolektiv, Кирпичи და სხვ. „დიკაია მიატას“ პროგრამაშია ასევე ქუჩის თეატრების გამოსვლა, ღამის კინოჩვენებები და საჰაერო ბურთით ფრენა.
მუსიკალური ფესტივალი 2008 წლიდან იმართება. სხვადასხვა დროს მასში მონაწილეობდნენ ჯონ ფორტე, გორან ბრეგოვიჩი, SunSay, ინა ჟელანნაია, Oquestrada და სხვები.
ჯგუფი „მგზავრები“ 2006 წელს ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა დააარსა. 2008 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი „მე მოვიგონე“, რომელიც საქართველოში დღემდე პოპულარობით სარგებლობს.
მუსიკოსების შესრულების მანერა ინდივიდუალურია, რომელიც ფოლკლორული რიტმების, მრავალხმიანობის, იმპროვიზაციისა და თანამედროვე და კლასიკური ელემენტების სინთეზია.
2016 წლის თებერვალში „მგზავრებმა“ რუსული პრემია Чартова Дюжина მიიღეს ნომინაციაში Взлом.