კუ კულულებით, კუ კულინარიაში და ფენ-შუი...

გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ისე მეზარება ყველაფერი დილიდან… არა, ორშაბათულად კი არა, უფრო მეტად…
ყველაფერს ნელა ვაკეთებ… ზლაზვნითა და პაუზებით… ვარჯიში რომ ვარჯიშია, ადგილზე სირბილის დროს ჩამეძინა და კინაღამ „ადგილზე წოლაზე“ გადავედი…
აივანზე გასვლას დღეს საერთოდ აზრი არა აქვს, რადგან სტუმარი იმისთანა ნელი გვყავს, რომ შემდეგი წლის 23 მაისს თუ მოუსწრო, კარგია…
მოკლედ, კუს ნაბიჯებით მოდის და, იცით, რატომ? ერთი სულ უბრალო მიზეზის გამო – იმიტომ, რომ კუა…
დღეს კუს საერთაშორისო დღეა, თანაც ერთის კი არა, ყველასი ერთად: შუააზიურის, ბისასი, დოგანიასი, მატამატრასი, ლოგერხედის, ვიწროთავიანის, დიდთავიანის, კაიმანის, რიდლეასი და, რა თქმა უნდა, შაბუტის… 
კუ მართლაც საოცარი ვინმეა, მის შესახებ ზუსტად არავინ არაფერი იცის. მეცნიერებს დღემდე  ვერ გაურკვევიათ, ვინ იყო მისი წინაპარი. ერთია ცნობილი – რომ გიგანტური კუები დედამიწაზე არსებობდნენ 70 მილიონი წლის წინ, მაგრამ იმ დროს მათ კბილები ჰქონიათ და თავს ჯავშანში არ მალავდნენ… სხვათა შორის, დღესაც არსებობს კუს ჯიში, რომელსაც საკმაოდ გრძელი კუდი აქვს — ეს არის კაიმანის და ზღვის კუ. ხოლო ბალკანურ კუს კი, ვარდივით, კუდზე ეკალიც კი ამოსდის…
წყნარი ოკეანეს აუზის ქვეყნებში ბინადრობს კულულებიანი (თმიანი) კუ, რომელიც გრძელი მწვანე დალალებით შორიდან ცოტა „რუსალოჩკასაც“ ჩამოჰგავს… მისი კარაპაქსისგან (ანუ ამობურცული ბაკნისგან) მზადდება იაპონელი ქალების თმის უძვირფასესი სავარცხელი — კანძასი, ხოლო ჩინელები ამ კუს შარდისგან (უკაცრავად) სიცოცხლის ელექსირს ხარშავენ…
კუს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბევრი ქვეყნის რელიგიაში, ხელოვნებაში, კულტურაში… მაგალითად, აფრიკის ქვეყნების ზღაპრებში კუ ერთ-ერთი მთავარი გმირია, ძველ ჩინეთში კუს თვლიდნენ სიბრძნის, წარმატებისა და ბედნიერების სიმბოლოდ, ინდუიზმში კი ღმერთი ვიშნუ სწორედ კუს სახით მოევლინა ადამიანებს, მათი წარღვნისგან გადასარჩენად…
თუ დავუჯერებთ ფენ-შუის უძველეს სწავლებას, ოჯახში, ცოცხალი თუ არა, აუცილებლად უნდა გავიჩინოთ კუს პატარა ფიგურა მაინც, რაც კეთილდღეობის მომტანია… თუ ოჯახში რამდენიმე თაობის წარმომადგენლები ცხოვრობენ, სასურველია კუს 3 ფიგურა ერთმანეთზე დაეწყოს, მათ გვერდით კი აუცილებლად უნდა დაიდგას პატარა ლამბაქი წყლით… ხოლო თუ თქვენი მაგიდა რომელიმე კედელს ეყრდნობა, კედელს ფანქრით, შეუმჩნევლად, პატარა კუ მაინც მიახატეთ…
ზოგიერთ ქვეყანაში კუს მხოლოდ პრაქტიკული თვალსაზრისით უყურებენ. მას სერიოზული ადგილი უკავია კულინარიაში… ამბობენ, რომ კუს ხორცი ამაგრებს ღვიძლს და თირკმელებს, ხელს უწყობს ბავშვის ინტელექტის განვითარებასა და კონცენტრაციას, აუმჯობესებს მეხსიერებას და დადებითად მოქმედებს პოტენციაზე.
საკმაოდ დახვეწილ დელიკატესად ითვლება ზღვის მწვანე კუს სუპი… აშშ-ის პრეზიდენტი უილიამ ტაფტი მისი დიდი მოყვარული გახლდათ და სპეციალური მზარეულიც კი ჰყავდა დაქირავებული მის მოსამზადებლად. ხოლო  „სამი მუშკეტერის“ მამა ალექსანდრე დიუმა, სანამ ჩვენ ცრემლებს ვღვრიდით კონსტანცასა და დარტანიანის უიღბლო სიყვარულზე, მილედისავით უემოციოდ და გულგრილად ხარშავდა კუს სუპს, რომელსაც სპეციალური ტრაქტატიც კი მიუძღვნა და თანაც შიგნით ბლომად პიტნასაც ყრიდა…
აღმოჩნდა, რომ კუ იმახსოვრებს ადამიანის… არა სუნს, არა ხმას, არამედ სახის ნაკვთებს! არჩებს ფერებს, განსაკუთრებით კი წითელ ფერზე გიჟდება… გარდა ამისა, კუები პოლიგლოტებიც ყოფილან… გაირკვა, რომ საკუთარი ენის გარდა დელფინების ენაც იციან (თუმცა, იქნებ, დელფინები არიან პოლიგლოტები, ვინ იცის)… ასეა თუ ისე, ზღვის კუ არასდროს გადის ნაპირზე კვერცხების დასადებად, თუ წინასწარ არ მიიღებს ნიშანს დელფინებისაგან…
სამწუხაროდ, კუებს არ ენიჭებიდათ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, თორემ აუცილებლად მიიღებდნენ, რადაგან 1968 წელს კოსმოსურ ხომალდ Союз-7К-Л1-ის ბორტზე მყოფმა შუააზიური კუების ეკიპაჟმა მთვარეს წრე დაარტყა და, მართალია, კუებმა ნერვიულობისგან წონაში 10%-ით დაიკლეს, მაგრამ უვნებლები დაბრუნდნენ დედამიწაზე…
სამწუხაროდ, როცა თბილისში უშუქობა იყო, მაშინ არ ვიცოდით, რომ თუ კუს მთელი დღით მზეზე დადებ, ღამე მისი ბაქანი ფოსფორისფრად ანათებს… მართალია, ტელევიზორს ვერ აამუშავებს გენერატორივით, მაგრამ მთლად უშუქობას ხომ მაინც სჯობია…
იმდენი რამ მოვყევი კუზე, რომ მე მგონი, დღეს ჩვენ ზოომაღაზიებში მათზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება… მოშენებაც ხომ არ მეფიქრა, რამე რომ იყოს?
გისურვებთ ბედნიერი და წარმატებული კვირის დასაწყისს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0