დავით დოიაშვილის სახელი ყველა თეატრის მოყვარულმა იცის. ნიჭიერი, შეუპოვარი და ულევი ფანტაზიით დაჯილდოებული რეჟისორის სპექტაკლები გამოირჩევა გემოვნებით და საინტერესო აზროვნებით. რამდენიმე დღის წინ დავით დოიაშვილი უნგრეთიდან ჩამოვიდა. საერთაშორისო ფესტივალზე, გორკის „ფსკერზე“ და ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკის“ უნგრულ პრემიერაზე გვესაუბრება მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი.
- დავით, როგორია ის თეატრი, სადაც „სირანო დე ბერჟერაკი“ დადგი?
— სპექტაკლი უნგრეთის ნაციონალურ თეატრში დავდგი, რომლის სტატუსიც რუსთაველის თეატრს შეესაბამება, სახელმწიფო თეატრია. ამ თეატრს ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვს — წელიწადში 34 მილიონი ევრო. ეს თანხა თითქმის საქართველოს კულტურის სამინისტროს ბიუჯეტს უდრის. აქედან გამომდინარე, ალბათ მიხვდებით თუ რა რანგის თეატრზეა საუბარი. ძალიან კარგი თეატრია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკური აღჭურვილობით. ბუდაპეშტის ეს სცენა ძალიან ცნობილია არნახული და წარმოუდგენელი შესაძლებლობით.
ეს თეატრი, იქაური კულტურის სამინისტრო და კულტურის პარლამენტი (მგონი ასე ეწოდება) ერთად ატარებენ ძალიან საინტერესო ფესტივალს, რომელსაც ჰქვია MITEM. წელს მეოთხედ ჩატარდა ეს ფესტივალი, რომელმაც თავი მოუყარა ძალზე საინტერესო რეჟისორებს: პურკარეტე, ოსტერმაიერი, რიჟაკოვი, ვასილევი, ფოკინი… იყო ესპანური დასი და ვიყავით ჩვენც — გორკის „ფსკერზე“ წავიღეთ. თეატრს ძალიან სერიოზული წარმატება ჰქონდა და ბევრი მიწვევა აქვს.
- სპექტაკლ „ფსკერზე“ თბილისის თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე წარმატება ხვდა წილად. ჩვენთან ჩამოსულმა უამრავმა უცხოელმა სტუმარმა აღფრთოვანება ვერ დამალა. გამახსენდა ფრანგი თეატრმცოდნე — ქალბატონი ბეატრისი, რომელმაც მითხრა: დოიაშვილის სპექტაკლების სანახავად სპეციალურად უნდა ჩამოვიდე თბილისში…
— ბეატრისი უნგრეთშიც ჩამოვიდა, ჩვენი „ფსკერზე“ მეორედ ნახა და ძალიან აქტიურობს, რომ საფრანგეთმაც ნახოს. ეს სპექტაკლი დიდ ევროპულ ტურნეს დაიწყებს. უნგრეთში უკვე ვითამაშეთ, შემდეგია პოლონეთი, ისრაელი, ბუენოს-აირესი…
გორკის პიესა არის ამოუცნობი და საიდუმლოებებით სავსე ნაწარმოები. მისი დრამატურგიის დიდი მოტრფიალე არ ვყოფილვარ, მაგრამ ეს პიესა, მისი ადრეული პერიოდის საინტერესო აზროვნებით, ბევრი რამით მომწონს. თუნდაც ნიცშეს გავლენა ავიღოთ, ულვაშებსაც ხომ მისებრ ატარებდა. და მთავარი, როცა მან ეს ნაწარმოები სამხატვრო თეატრში მიიტანა, მას ერქვა „მზის შვილები“, შემდეგ ცოტა გადააკეთა და „ფსკერზე“ დაარქვა. აი, ეს ამპლიტუდა ძალიან საინტერესოა — რას ნიშნავს ფსკერი, რა იგულისხმება ფსკერში…
- თუ არ ვცდები, ამ პიესით სოციალურ თეატრს პირველად შეეხეთ და დადგით იმ პერიოდში, როცა ისევ ფსკერზე აღმოვჩნდით. ფსკერი — ჩვენი ყოფაა თუ აზროვნება, როცა აღარ გვსურს ჩვენი ცხოვრების შეცვლა. თეატრში პრობლემას აყენებ, მისი გადაჭრის გზა კი მაყურებელმა უნდა მოძებნოს.
— ჩემი აზრით, ავადმყოფთან ურთიერთობაში ყველაზე ძნელი დიაგნოზის დასმაა, თუ სწორ დიაგნოზს დასვამ, მაშინ უკურნებელი სენის მკურნალობაც ადვილია. ჩვენ დიაგნოზის დასმას ვცდილობთ, იმიტომ რომ გვგონია, ავადმყოფურ მდგომარეობაში ვართ. ვსვამთ დიაგნოზს და ვამბობთ — ჩვენ ვართ ფსკერზე. გვითხრან — როგორ ამოვიდეთ ამ ფსკერიდან! „ფსკერის“ მერე გაიმართა ჩემი იქაური სპექტაკლის „სირანო დე ბერჟერაკის“ პრემიერა.
- დავით, როგორც მახსოვს „სირანო დე ბერჟერაკზე“ თბილისშიც მუშაობდით…
— ამ როლში მე ვხედავდი ზურა ყიფშიძეს და სპეციალურად მისთვის ვდგამდი. ინტენსიურად ვიმუშავეთ, ბოლო წამს კონფლიქტის მსგავსი რამ მოგვივიდა და ამ სპექტაკლს ფაქტობრივად დავემშვიდობე.
რაც შეეხება ჩემ უნგრულ პრემიერას, ეს იქ გაკეთებული მეორე სპექტაკლია. წელიწადნახევრის წინ დავდგი შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“. მერე ისევ მთხოვეს დადგმა, მინდოდა განმეხორციელებინა შექსპირის „ქარიშხალი“, მაგრამ სამწუხაროდ, ამ პიესაზე ლუკა რონკონის მოწაფესთან (ძალიან კარგ რეჟისორია) ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული და ბოლოს შევთანხმდით „სირანო დე ბერჟერაკზე“.
- ფოტოებზე ვნახე და ძალიან უცნაური და იმავე დროს საინტერესო მომეჩვენა. პოეტურია?
— ძალიან პოეტურია, თუმცა სპექტაკლი გამოვიდა იმაზე, თუ როგორ ვკლავთ ჩვენივე თავში რომანტიზმს, რატომ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც რომანტიზმის გვრცხვენია და გინდა მოკლა სირანო, როგორც უკანასკნელი რომანტიკოსი — აი, აქეთკენ წავედით. ძალიან საინტერესოდ ვიმუშავეთ, კმაყოფილი დავრჩი. შემდეგ ჩამოვიდა ავინიონის ფესტივალის დირექტორატთა საბჭოს უფროსი, რომელმაც პრემიერა ნახა და ალბათ, 2017 წლის სელექციაში მოხვდება, ოღონდ სამწუხაროდ, უნგრეთის სახელით.
- თუმცა, ავინიონის ფესტივალზე ქართველი რეჟისორის მიერ დადგმული „სირანო დე ბერჟერაკის“ წარდგენა, ეს უკვე წარმატებაა და გილოცავთ. შემდეგ რა გეგმები გაქვთ?
— მალე მივდივარ რუმინეთში და ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში ვიწყებ შექსპირის „მეფე ლირის“ დადგმას. რუმინეთში შექმნილი ვითარების მიუხედავად, დაახლოებით 7 წლის წინ, მისმა დირექტორმა მოიპოვა ძალიან დიდი გრანტი — 60 თუ 600 მილიონი და ძალიან მაგარი თეატრი გააკეთეს, შვიდი სცენა აქვთ და ფაქტობრივად, თეატრალური ცენტრია… გახსნილი სივრცე, კაბარე, ალტერნატიული სივრცე, მცირე სცენა, საშუალო ზომის სცენა (600 კაციანი მაყურებელთა დარბაზი), ცალკე სცენა „კითხვისთვის“ და ბოლოს 1100 მაყურებელზე გათვლილი დიდი სცენა. მე უნდა დავდგა დიდ სცენაზე. რაც შეეხება მსახიობებს, უნდა ვნახო 7-8 სპექტაკლი და მერე ავარჩევ არტისტებს.
- ჩვენ ვიცნობთ არაჩვეულებრივი რუმინელი რეჟისორის, სილვიუ პურკარეტეს შემოქმედებას, მისი სამი სპექტაკლი: „გულივერის მოგზაურობა“, „გოდოს მოლოდინში“ და „ქარიშხალი“, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარმოადგინეს. „ქარიშხალი“ უჩვეულოდ საინტერესო ინტერპრეტაცია იყო. პურკარეტეს სპექტაკლებით თუ ვიმსჯელეთ, იქ სამსახიობო ოსტატობის მაღალი დონეა…
— პურკარეტეს იმდენად ძლიერი გამომსახველობითი ფორმები აქვს, რომ ძნელად ვიმახსოვრებ არტისტებს და ხანდახან მგონია, რომ სულ ერთია ვინ ითამაშებს.
- გეთანხმებით, მაგრამ იმ მოძრაობაში თუ ამოცანა არ დევს, მაშინ ის დაცარიელდებოდა და გამოვიდოდა აკრობატიკა ან მხოლოდ მოძრაობა.
— ის ქმნის ძალიან კარგ ვიზუალურ თეატრს, რომელიც ჩემთვის საინტერესოა და მე მგონია, რომ თანამედროვე რეჟისურა აქეთკენ უნდა წავიდეს.
- ანუ ისე, როგორც მიდის მუსიკისა და დრამის თეატრის გარკვეული მიმართულება.
— ჩვენთან, სანამ შენობის პრობლემა არ გადაწყდება, ამას ჯერ ექსპერიმენტული სახე აქვს… ჩვენ თამამ ექსპერიმენტებზე მივდივართ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ. ერთ კვირაში „სამი და“ მიდის პოლონეთის ფესტივალზე. მალე კორეიდან და იაპონიიდან ძალიან საინტერესო პროდიუსერთა ჯგუფი ჩამოდის და ვგეგმავთ თეატრის ერთთვიან გასვლას ჯერ კორეაში და მერე იაპონიაში, მაგრამ ეს მოგვიანებით. ამ ზაფხულს თეატრს ძალიან აქტიური მუშაობა მოუწევს — 4 პრემიერა უნდა მომზადდეს.