ალასანიას პარტია პრეზიდენტის სახელზე პეტიციას ამზადებს

© photo: Sputnikირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ჩინოვნიკების გათავისუფლებას მოითხოვს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, რომელიც უწყების ექს–ჩინოვნიკების უდანაშაულობაში დარწმუნებულია, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელზე პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

 „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შაბათს საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს. აქციას სხვა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ისინი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ჩინოვნიკების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების საქმემ ოპოზიცია ქუჩაში გამოიყვანა

„ჩვენ საქართველოს ყველა რეგიონში პეტიციის მომზადებას ვიწყებთ, რათა ასიათასობით ადამიანმა უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლებას დაუჭიროს მხარი. შემდეგ ამ პეტიციას საქართველოს პრეზიდენტს მივაწვდით. ჩვენ უსამართლობა პროკურატურის წინ გავაპროტესტეთ, მაგრამ სამართლიანობას ვეძებთ ისეთ ლეგიტიმურ ინსტიტუტში, როგორიც პრეზიდენტის ინსტიტუტია“, – განაცხადა ალასანიამ. მისი გამოსვლა ტელეკომპანია „იმედმა“ გადასცა.

ამას გარდა, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა საპროტესტო აქციების პერმანენტულად ჩატარება გადაწყვიტეს. შემდეგ ჯერზე ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ბედი მოგვიანებით გადაწყდება

უფრო ადრე პრეზიდენტს გასამართლებულთა შეწყალებისკენ „ეროვნულმა ფორუმმა“ მოუწოდა. ამაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტს ვინმეს მოწოდება ამ საქმეში არ სჭირდება.

კანონით, პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც სასამართლო განხილვები ყველა ინსტანციაში დასრულდება. როგორც ცნობილია, ექს–ჩინოვნიკების დაცვა აპელაციას ამზადებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის, ე. წ. კაბელების საქმეზე შვიდ–შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 


ყველა ახალი ამბავი
0