თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა, რიგი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი შესვლისთვის ვიზების დაგეგმილი გაუქმების გათვალისწინებით, მოიწონეს ევროკომისიის წინადადებები მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმში ცვლილებების შეტანის შესახებ.
ევროკომისიამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. თუ ევროპარლამენტარები კანონპროექტს მოიწონებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180–დან 90 დღემდე ვადით შეძლებენ. ქართული მხარე ამ გადაწყვეტილებას ზაფხულის დსაწყისში ელოდება.
„სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ევროკავშირის ქვეყნებისთვის და მესამე სახელმწიფოებისთვის დიდი უპირატესობა აქვს. და მაინც, ჩვენ ვიზებისგან გათავისუფლებული ყველა ქვეყნისთვის ავარიული მუხრუჭი გვჭირდება, რათა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით ბოროტად არ ისარგებლონ. მოხარული ვარ, რომ დღეს შევთანხმდით მექანიზმზე, რომელიც ბოროტად სარგებლობის წინააღმდეგ ქმედებებს შეამსუბუქებს. მოუთმენლად ველოდები ევროპელ დეპუტატებთან მუშაობის დაწყებას, რათა ეს უახლოეს მომავალში რეალიზებული იყოს“, – განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ნიდერლანდების შს მინისტრმა კლაას დიკჰოფმა სხდომის შედეგების მიხედვით.
როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეს–სამსახურში განმარტეს, არსებულ მექანიზმში ცვლილებების შეტანა ევროკომისიისთვის შესაძლებლობას ქმნის, აამოქმედოს ის საკუთარი ინიციატივით, ასევე, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალდებულებს, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში, რამდენად შეესატყვისებიან მესამე სახელმწიფოები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოთხოვნებს.
მექანიზმის ამოქმედება ასევე ევროკავშირის ერთ–ერთი ქვეყნის ინიციატივით არის შესაძლებელი. თუ ამ ინიციატივას თანამეგობრობის უბრალო უმრავლესობა მოიწონებს, ევროკომისიას კონკრეტული მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით, ექვსი თვის ვადით შეჩერებაზე სააღმსრულებლო გადაწყვეტილების პროექტის მომზადება მოუწევს, აღნიშნულია პრეს–რელიზში.
პრეს–რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭომ ასევე მოიწონა მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა, რათა დააკვირდეს, სავიზო რეჟიმისგან გათავისუფლებული ქვეყნები როგორ განაგრძობენ უვიზო სტატუსის მოთხოვნების შესრულებას.