ერთხელ, თურმე, ყოფილ კომუნისტს, უკვე ასაკოვან კაცს ჰკითხეს — თქვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები როდის იყო?. მან უპასუხა — ნეპის („ნოვაია ეკონომიჩესკაია პოლიტიკა“) პერიოდიო. კითხვაზე: რატომო?— მან ასე უპასუხა: — ბაბუ, მაშინ ერექციის პრობლემა არ მქონდაო… ეს ისე, დასაფიქრებელი ფაქტი — ასე ვთქვათ, ინფორმაცია განსჯისთვის…
ახლა ყოფილ პიონერებს მივმართავ: გახსოვთ, ეს დღე, ანუ 19 მაისი N წლების წინ? ვიცი, გახსოვთ, ბავშვობა ხომ ქვაზე წერს ჩვენს ამბებს და მერე მას სიცოცხლის ბოლომდე ვერაფერი შლის. დღევანდელმა მოდერნიზებულმა საზოგადოებამ, ურა-პატრიოტებმა და,,ექსპერტებმა“ იმდენი „მოახერხეს“, რომ ჩვენი „პიონერული წარსულისთვის“ იმ წლებს რატომღაც ფრთხილად ვიხსენებთ, რადგან მაშინდელი პროლეტარულ-სოციალისტური იდეოლოგიის გამო ჩვენს ბავშვობას „დამნაშავის კომპლექსი“ აჰკიდეს… არადა, ყველაზე ნაკლებად სწორედ საბჭოთა იდეოლოგია და ბელადის პლაკატებზე მიწერილი აზრები გვაინტერესებდა, ანუ როგორც ახლანდელი თინეიჯერები იტყვიან სლენგით, ისინი სულაც,,გვეხატა“!… ნამდვილი ბავშვობა წითელი ყელსახვევის იქით, პიონერიის მიღმა არსებული სიუჟეტი იყო, ანუ სულ სხვა,,ოპერიდან“…
ძალიან მიყვარდა მაშინდელ ე. წ. პიონერთა ბანაკში ყოფნა, იმიტომ კი არა, რომ დილის ხაზზე საზეიმო პატაკს იბარებდა რაზმეულის საბჭოს თავმჯდომარე, არამედ იმიტომ, რომ იქ, დამოუკიდებლად ცხოვრებას მივეჩვიე, ბუნებაში წანწალი მიყვარდა და ცოტაც… ჩემს რაზმში მყოფ ყველაზე,,ცუდ“ ბიჭს ჩუმად ვეპრანჭებოდი!.. მოკლედ, ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც დღეს არსებულ პატრიოტთა ბანაკებშია, ოღონდ,,,ბუჩქებში მასობრივად შესევის“ გარეშე…
მოკლედ, ეს ჩვენი წარსულია, ჩვენი „ქვაზე დაწერილი“ ამბები და იქიდან დღეს მარტო ის გვახსენდება, რომ ბედნიერები და უზრუნველები ვიყავით, „ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად“- მოკლედ როგორც ხდება ხოლმე…
ახლა, პიონერიის დღეს (მადლობა ღმერთს), აღარავინ აღნიშნავს. 19 მაისს თბილისის სკოლებში ბოლო ზარია. მხოლოდ ამ ერთ დღეს ქალაქში, როგორც წლების წინ, ისევ ისე გამოჩნდებიან უნიფორმასავით ერთნაირად გამოწყობილი თეთრპერანგიანი (ჯერ კიდევ) ბავშვები. ისინი (როგორც ხდება ხოლმე) ერთმანეთს სკოლის დროს შერქმეული ზედმეტი სახელებით მიმართავენ და ჯერ არ იციან, რომ ეს სახელი- თიკუნები ერთმანეთთან შეხვედრის დროს — ღრმა სიბერემდე შერჩებათ. ჯერ კიდევ არ იციან, რომ ცხოვრება თეთრ წინსაფარზე გაკეთებული,,საკაიფო“ წარწერა არ არის, სისხლში მოჭარბებული ადრენალინი ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ სხვაზე მაგარი და ძლიერი ხარ და ბავშვობის მოგონებები კი ყოველგვარ საბანკო ანგარიშზე უფრო ნაღდი და საიმედოა…