"ნახტომი მარადისობაში" - თბილისში მარის ლიეპასადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოწერა

თბილისში ბალეტის ცნობილი მოცეკვავის მარის ლიეპას დაბადების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. Sputnik-ი ღონისძიების ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

ბალეტის საბჭოთა კავშირისა და ლატვიის გამოჩენილი მოცეკვავის, პედაგოგისა და კინომსახიობის მარის ლიეპას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა თბილისის ხელოვნების სასახლეში მიმდინარეობს.

გამოფენაზე, რომლის სახელწოდებაცაა „მარის ლიეპა: ნახტომი მარადიულობაში“, მეოცე საუკუნის ლეგენდარული მოცეკვავის ფოტოები და სასცენო კოსტიუმებია წარმოდგენილი. ღონისძიების ორგანიზატორი თბილისის მერიაა.

მარის-რუდოლფ ლიეპა 1936 წლის 27 ივლისს რიგაში დაიბადა, 20 წლის ასაკში ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც სტანისლავსკისა და ნემიროვ-დანჩენკოს  სახელობის თეატრსა და დიდ თეატრში ცეკვავდა. დიდ თეატრში ლიეპა წამყვან პარტიებს ასრულებდა „რომეო და ჯულიეტაში“, „სპარტაკში“ „ჟიზელში“, „კონკიასა“ და სხვა სპექტაკლებში.

მარის ლიეპა ასწავლიდა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, მუშაობდა სცენური მოძრაობისა და ცეკვის დამდგმელად. 70-80-იან წლებში მას აქტიურად იღებდნენ დრამატულ როლებზე კინოში. მსახიობის შემოქმედებაზე დოკუმენტური ფილმიცაა გადაღებული სახელოწოდებით „მარის ლიეპა“ (1970). 

თავისი შემოქმედებითი ბიოგრაფიის განმავლობაში ლიეპა თანამშრომლობდა პრესასთანაც, მასალებს ამზადებდა ჟურნალ-გაზეთებისთვის, გამოსცა წიგნი „მსურს 100 წელი ვცეკვავდე“ (1980) და „გუშინ და დღეს ბალეტში. მარის ლიეპა“ (1986). მისი მოღვაწეობის სფერო მხოლოდ დრამატული და საცეკვაო ხელოვნებით არ შემოიფარგლებოდა — 70-იან წლებში მან დ. ტუხმანოვის სიმღერებზე ფირფიტა ჩაწერა. 

მარის ლიეპა თითქმის ყველა საერთაშორისო პრემიის ლაურეატი და ჯილდოს მფლობელი იყო. მათ შორის — „სპარტაკში“ შესრულებული როლისთვის სტანისლავსკის სახელობის მედლით, ლენინის პრემიით — „სპარტაკში“ შესრულებული კრასას პარტიისთვის. 

ლიეპა 1989 წლის 26 მარტს გარდაიცვალა. ის მოსკოვშია დასაფლავებული. 

ლიეპასადმი მიძღვნილი გამოფენა თბილისში 24 მაისამდე გასტანს.


ყველა ახალი ამბავი
0