თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ეროვნული სამოსის დღეს საქართველოში მსვლელობით აღნიშნავენ. მსვლელობაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, განუცხადეს Sputnik-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ეროვნული სამოსის დღის გამართვის ინიციატორია საქართველოს რიგითი მოქალაქე დავით გოგლიჩიძე. მან მოხალისეთა ჯგუფი შეკრიბა, რომელიც ახალი იდეის განხორციელებისთვის მუშაობას შეუდგა.
„გელოდებით ყველას, ნებისმიერ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, მას აქვს თუ არ აქვს ეროვნული შესამოსელი, შეუძლია დაესწროს აღნიშნულ დღეს დაგეგმილ ღონისძიებას და მონაწილე გახდეს ამ დიდი დღის შექმნისა. ღონისძიების მიზანი ეროვნული სამოსის პოპულარიზებაა… ჩვენი სამოსი-ჩვენი ისტორიაა!“, — აღნიშნულია ღონისძიების „ფესისბუქის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მრავალი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს, მსვლელობაში მონაწილეობის მიღება თავის ეროვნულ სამოსში ყველა მცხოვრებს შეუძლია.
საზეიმო ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა ქალაქს მოიცავს.
თბილისში, აბანოთუბანში 16:00 საათზე გამოფენა და გალა-კონცერტი ჩატარდება.
გორში ზეიმი 13:00 საათზე გამოფენითა და საჩვენებელი წარმოდგენით დაიწყება. მსვლელობა ეროვნული სამოსით 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო გალა-კონცერტი — 16:00 საათზე.
მცხეთაში მსვლელობა 15:00 საათზე „ბებრისციხიდან“ დაიწყება და სვეტიცხოვლისკენ გაემართება.
კასპში მსვლელობა 12:00 საათზე, რაიონული ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და სააკაძის მოედნამდე გაგრძელდება.
ქუთაისში, სამეფო რეზიდენციაში (ოქროს ჩარდახი) ქართული ეროვნული სამოსის განვითარებისადმი მიძღვნილი ლექცია ჩატარდება. სტუმრებს მრავალ სიურპრიზს ჰპირდებიან.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში საზეიმო ღონისძიებების დაწყების დროა 15:00 საათი.
ღონისძიებების ორგანიზატორები პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებენ, რათა პარლამენტმა ეროვნული სამოსის დღე ოფიციალურად დააკანონოს.