„რადგან სევდაც კი სულ ბოლომდე სავსეა შენით“...

© ria.ruალექსანდრე სერგეის ძე პუშკინის პორტრეტი - ო. კიპრენსკი
ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინის პორტრეტი - ო. კიპრენსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს უნდა გამოგიტყდეთ, რომ გარეგნული ეფექტებისადმი(ანუ სამკაულების, ქურქებისა და ა.შ.)  ჩემი სრული გულგრილობის მიუხედავად,  კაბაში, რომელშიც დღეს დაგხვდებით, თავის დროზე, მოსკოვში იმდენად უსინდისოდ დიდი თანხა გადავიხადე (ცხოვრებაში ერთხელ წამძლია სულმა), რომ დღემდე შემომრჩა, რადგანაც…ზედმეტად არ ვაწუხებ…

მოკლედ აგიწერთ და ქალბატონები ყოველ შემთხვევაში  მიხვდებიან — ჩითის არის (მაგრამ რა ჩითის!)…წვრილი ყვავილებით (მაგრამ რა ყვავილებით და რა მიმობნევით)… და, რაც მთავარია, მარტივია იმ უბრალოებით, რომელიც, როგორც წესი, ძალიან ძვირი ღირს…

აი, ასაკი კი ცოტა მღალატობს… მთლად ახალგაზრდა რომ ვყოფილვიყავი, ღამე, რაღა თქმა უნდა, ჩვენს დღევანდელ სტუმარს წერილს მივწერდი სასიყვარულოს, რომელსაც დავიწყებდი სიტყვებით — „მე წერილს გიწერთ, ამაზე მეტი აბა, რა გითხრათ“… მთლად მხცოვანი რომ ვყოფილვიყავი, აკანკალებული  ხმელი ხელით მივაწვდიდი მას ბანქოს 3 კარტს (3-იანს, 7-იანს და ტუზს)… 

მაგრამ, აი ამ, ღამურასავით შუალედურ ასაკში… ისევ კაბა თუ მიშველის… 

რა თქმა უნდა, მიხვდით, რომ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის უდიდეს პოეტზე, ბობოქარ, დაუცხრომელ, ტრაგიკულ და მუდამ შეყვარებულ ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინზე… 

რადგანაც ზუსტად ამ დღეს, 1830 წლის 18 მაისს,ის დაინიშნა მოსკოვის ულამაზეს ქალბატონ  ნატალია გონჩაროვაზე…

© aif.ruნატალია გონჩაროვას პორტრეტი, მხატვარი ი. მაკაროვი - 1840 წ.
ნატალია გონჩაროვას პორტრეტი, მხატვარი ი. მაკაროვი - 1840 წ.  - Sputnik საქართველო
ნატალია გონჩაროვას პორტრეტი, მხატვარი ი. მაკაროვი - 1840 წ.

პირველად პოეტმა 16 წლის ნატალია 1828  წლის ზამთარში დაინახა, ცნობილი ცეკვის მასწავლებლის იოგელის  მეჯლისზე… და როგორც თავად პუშკინი აღწერდა  ნატალიას დედისადმი მიწერილ წერილში, მას სიყვარულისგან თავბრუ დაესხა. ნატალიაც შეყვარებული თვალებით უცქერდა პოეზიის მეფეს, რომელსაც სიცოცხლეშივე  ყველა გენიოსს ეძახდა… სხვათა შორის, სულაც არ შეესაბამება სიმართლეს ის აზრი, რომ ისინი ძალიან არ უხდებოდნენ ერთმანეთს, რომ პუშკინი შეუხედავი იყო… მე, მაგალითად ვენდობი რუსეთის იმპერატორული და კოპენჰაგენის  გეოგრაფიული საზოგადოების  წევრის, მიხეილ იუზეფოვიჩის სიტყვებს — „პუშკინის თვალებში აისახებოდა  ყველაფერი მშვენიერი, რაც კი ბუნებაში არსებობდა“…ნიჟნი ნოვგოროდის  თავადის ასულის,  დახვეწილი ლიდია ნიკოლსკაის შეფასებით  კი — „პუშკინს ქონდა მუქი ნაცრისფერ-მოლურჯო თვალები, რომელთა გამოხედვაში იყო ცეცხლიც და ალერსიც. მე არასდროს არ მინახავს უფრო მეტყველი, ჭკვიანური, კეთილი და ენერგიული სახე“…. ამასთანავე,  პუშკინი იმ დროისთვის  დაბალ კაცად არ ითვლებოდა, რასაც ხშირად ხაზს უსვამენ ხოლმე.  მისი სიმაღლე  167 სმ იყო… მართალია, ნატალია იყო საკმაოდ მაღალი (173სმ.), მაგრამ რა შუაშია სანტიმეტრები, როდესაც საუბარი პუშკინზეა…

1930 წლის გაზაფხულზე, პუშკინმა  ნატალიას თხოვა ცოლად გაჰყოლოდა, მაგრამ მისმა დედამ განაცხადა, რომ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო და ფაქტიურად, პუშკინი უარით გაისტუმრეს…

… ამის შემდეგ პოეტი  კავკასიაში გაემგზავრა, მაგრამ იქაც ვერ დაივიწყა თავისი ნატალია, რომელსაც  მადონას ადარებდა და შეუდარებელ სტროფებს უძღვნიდა… ეს არც იყო გასაკვირი, ნატალიას არა მხოლოდ  გამორჩეული სილამაზე ამკობდა (რასაც ადასტურებს მისი ყველა პორტრეტი, განსაკუთრებით კი, კარლ ბრიულოვის მიერ შესრულებული), ის გამოირჩეოდა საოცარი მომხიბვლელობით, ქალურობითა და თავმდაბლობით…

პუშკინის მეორე მცდელობა უფრო შედეგიანი აღმოჩნდა და 1831 წლის მარტში წყვილმა ჯვარი დაიწერა მოსკოვის დიდი ამაღლების ეკლესიაში. აღსანიშნავია, რომ ჯვრისწერის დროს, იატაკზე დაეცა სახარება და ჯვარი, ჩაქრა სანთელი, რაზეც პუშკინმა სევდიანად აღნიშნა, რომ ეს ცუდის მომასწავებელი იყო…

როგორც სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე, ბედნიერებას ბევრი მოძულე და მოშურნე უჩნდება… მითუმეტეს, როცა საქმე  რუსეთის უდიდესი პოეტისა და რუსეთის ულამაზესი ქალის ბედნიერებას ეხება… ამბობენ, რომ მეფე ნიკოლოზ 1  საიდუმლოდ ყოფილა შეყვარებული  გონჩაროვაში და იმისთვის, რომ ხშირად ენახა თავის კარზე, პუშკინს კამერ-იუნკერის წოდება მიანიჭა. პოეტი თავის დღიურში წერდა — „მომანიჭეს წოდება იმის გამო, რომ სამეფო კარს სურს იხილოს, როგორ ცეკვავს ნატალია“… მეჯლისებზე სიარული და ახალი კაბების შეკერვა ხარჯებთან იყო დაკავშირებული, პუშკინი ვალებში ჩავარდა და მაშინ მეფემ მას ხელფასიც დაუნიშნა, რითაც საბოლოოდ ეცადა მიეჯაჭვა  ის სასახლესთან და თავისზე დამოკიდებული გაეხადა… პუშკინმა  ნატალიას   დროებით სოფელში   გადასვლა თხოვა, მაგრამ 22 წლის ნატალიამ, რომელსაც მთელი სამეფო კარი ეთაყვანებოდა, ქალაქის დატოვება არ მოინდომა…   პუშკინმა კამათი არ გააგრძელა და მეუღლეს დაუთმო…ალბათ, კარგი იქნებოდა, მაშინვე რომ გაცლოდნენ ღვარძლიან და არაკეთილმსურველ ადამიანებს…

ისტორიკოსების ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ დანტესმა ნიკოლოზ 1-ის პირდაპირი მითითებით  მოახდინა მასსა და პუშკინს შორის დუელის პროვოცირება… ის საკმაოდ თავმოყვარე კაცი იყო და მშვენივრად იცოდა, რომ დუელის მისთვის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, მას რუსეთიდან გააძევებდნენ, სადაც საკმაოდ კომფორტულად და მყუდროდ გრძნონდა თავს…  ერთია ცხადი,  რომ ფრანგმა მონარქისტმა, ოფიცერმა, მომავალში საფრანგეთის სენატორმა  ჟორჟ შარლ დანტესმა,  თავისი დაჟინებული და შეურაცხმყოფელი საქციელით, პუშკინს, რომელსაც საოცრად უყვარადა ნატალია, სჯეროდა მისი  და საკუთარ თავზე მეტად მის რეპუტაციას უფრთხილდებოდა, დუელის გარდა სხვა არჩევანი არ დაუტოვა…

დუელი პუშკიუნსა და დანტესს შორის შედგა 1937 წლის 27 იანვარს, შავ მდინარესთან… 37 წლის პუშკინმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო… საოცარია, ის ისევე შეყვარებული წავიდა ამ ქვეყნიდან, როგორც მისი უკვდავი პოემის რომანტიკული გმირი — ლენსკი… 

ნატალია გონჩაროვა დაქვრივდა 24 წლის ასაკში, მას დარჩა 4 მცირეწლოვანი შვილი… პუშკინმა მოასწრო და სიკვდილის წინ სთხოვა, რომ 2 წელიწადში გათხოვილიყო წესიერ კაცზე… ის 7 წელიწადში გაყვა მართლაც ყველაფრით დადებით და ღთისმოსავ ადამიანს, გენერალ ლანსკის, ვისთანაც  კიდევ 3  შვილი გააჩინა… იყო სამაგალითო დედა და მეუღლე, მაგრამ ვინც მას იცნობდა, ყველა ადასტურებდა, რომ ის  სადღაც გულში თავს დამნაშავედ გრძნობდა საოცარი ადამიანის წინაშე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ სიცხოცხლის ბოლომდე ახსოვდა და უყვარდა… 

როგორ შეიძლება დაივიწყო კაცი, რომელიც ასეთ სტროფებს მოგიძღვნის: 

„ სიჩუმე  აწევს კავკასიას მიქრობილ ფერთა…

მაღლა გაფრენილ ვარსკვლავებს კი ციმციმი შვენით…

დარდი არა მღლის რა ნათელი ყოფილა  სევდა,

რადგან სევდაც კი სულ ბოლომდე სავსეა შენით“…

გისურვებთ ბედნიერ და იმედიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0