თბილისი, 17 მაისი — Sputnik. რუსმა მუსიკალურმა კრიტიკოსმა არტემი ტროიცკიმ ქართველი მუსიკოსების სიმღერას „ევროვიზია 2016“-ზე ერთადერთი ულამაზესი, ხოლო „მომხიბლავი ქართველების“ გამოსვლას კი კონკურსზე საუკეთესო უწოდა.
ავტორიტეტულმა კრიტიკოსმა საქართველოს წარმომადგენლების გამოსვლა „ევროვიზიაზე“ ARU.TV-ზე თავის გადაცემაში „Разноцветные новости с Артемием Троицким“ („მრავალფეროვანი სიახლეები არტემი ტროიცკისთან ერთად“) შეაფასა.
„აბსოლუტურად ერთადერთი სიმღერა „ევროვიზიის“ კონკურსზე, რომელიც ნამდვილად მომეწონა, ანუ რომელიც, უხეშად რომ ვთქვა, ჩემს გემოვნებას ერგებოდა და თუნდაც რაღაც საერთო ჰქონდა აქტუალურ მუსიკასთან, ეს ნიკა კოჩაროვისა და ჯგუფ Young Georgian Lolitaz-ის სიმღერა იყო. არ მახსოვს, რა ერქვა ამ სიმღერას, მაგრამ ნიკუშას გამო ძალიან მიხარია. რადგან მათ შესანიშნავად დაუკრეს — ასეთი ნამდვილი ალტერნატიული როკი, მშვენიერი ტრეკი“, — განაცხადა ტროიცკიმ.
მუსიკალურმა ჟურნალისტმა აღიარა, რომ ქართველი შემსრულებლების სიმღერა იმდენად კარგია, რომ მას თავის ერთ-ერთ პროგრამაში აუცილებლად ჩართავდა.
არტემი ტროიცკი რუსეთში როკ-ჟურნალისტი, მუსიკალური კრიტიკოსი, საბჭოთა კავშირში როკ-მუსიკის, რუსეთში — ინდი (დამოუკიდებელი) და ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პირველი პროპაგანდისტია. ის მრავალრიცხოვანი კონცერტებისა და ფესტივალების ჟიურის წევრი და ორგანიზატორი, რუსეთში თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია. 2000-იანი წლების შუა პერიოდში რამდენიმე მუსიკალური ლეიბლის — Прибой, Zenith, Zakat ორგანიზატორია.
საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2016“ 14 მაისს ღამით დასრულდა. პირველი ადგილი უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამნ დაიკავა, მეორე — ავსტრალიელმა დემი იმმა, ხოლო მესამე — რუსმა სერგეი ლაზარევმა. ქართველმა მუსიკოსებმა მე-20 ადგილი დაიკავეს.