თბილისი, 16 მაისი — Sputnik. თბილისში მიმდინარე ოჯახთა მეათე მსოფლიო კონგრესი საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ გახსნა და აკურთხა.
„ცივილიზაციათა კვეთაზე, ოჯახი თავისუფლებისა და ზოგადსაკაცობრიო ღორებულებების ბასტიონია“ — ამ სახელწოდებით ღონისძიება მიმდინარეობს თბილისში, რომელიც 16 მაისს დაიწყო და 18 მაისამდე გაგრძელდება.
ილია მეორის თქმით, კაცობრიობა დღეს დგას მრავალი პრობლემის წინაშე, რადგან გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯები მეცნიერებასა და ტექნიკაში, მაგრამ, ამავე დროს, ზნეობაში ბევრი ნაბიჯი უკანაა გადადგმული.
“კონგრესი ოჯახის შესახებ, ეს არის მნიშვნელოვანი მოპოვება. როგორც ამბობს ერთ-ერთი ინდური ლექსი- “დაცარიელდა სიყვარულის დარბაზი”. მართლაც დეფიციტია სიყვარულისა. ოჯახმა დაკარგა ის თავისი მნიშვნელობა, რომელიც უნდა ჰქონდეს მას. ოჯახი არის ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტი და ოჯახი არის ფუძე კაცობრიობის არსებობისა, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და სიმტკიცისა. ოჯახი არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა, ეს არის კანონიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება, ეს არ უნდა დაკარგოს კაცობრიობამ”, – განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოს მასპინძელ ქვეყნად წარდგენის ინიციატივა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მმართველს, ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ეკუთვნის. მან განაცხადა, რომ კონგრესს 200-მდე უცხოელი დელეგატი და 2 ათასამდე ქართველი დელეგატი ესწრება.
ვასაძის განცხადებით, კონგრესის მთავარი თემებია ოჯახი, დემოგრაფია, ფსიქოლოგია. ბიოეთიკა, სქესობრივი ეთიკა.