ქალბატონ მედეა ჩახავას 80 წლის იუბილეზე შევხვდი. მისი შემოქმედებითი ისტორია იმდენად დიდი იყო, რომ ბინის კარზე დაძაბულმა დავაკაკუნე, მაგრამ რამდენიმე წუთში მსახიობმა ისეთი უშუალო, თბილი და გულწრფელი ატმოსფერო შექმნა, რომ დამავიწყდა — ვინ იყო სტუმარი და ვინ მასპინძელი. 15 მაისს ქართული სცენის მშვენებას, უმშვენიერეს მედეა ჩახავას 95 წელი შეუსრულდებოდა.
- ქალბატონო მედეა, რომელი დაბადების დღე იყო განსაკუთრებული, ყველაზე ბედნიერი?
— როცა დედ-მამა ცოცხალი იყო, როცა ჩემი ძმა, სასახელო და დიდი მეცნიერი ცოცხალი იყო, როცა ჩემი ახლობლები და ჩემი მეგობრები ცოცხლები იყვნენ. ჩემ მეგობრებს მაყურებელი კარგად იცნობს და ასეთი ადამიანები, რომ წავლენ, მერე მძიმეა ცხოვრება, გაღარიბებული ხარ. მაგრამ შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები მახალისებენ — ეს ისეთი დიდი სიმდიდრეა! ღმერთო კეთილად მისმინე და ესენი კარგად მიმყოფე. ჩემ პროფესიაში შეყვარებული ადამიანი ვიყავი და მეგონა — ესაა ყველაფერი, მაგრამ არა! ყველაფერი ბავშვები არიან! ჩემებს ვეუბნები: სანამ შემიძლია ბავშვის ხელში დაჭერა, გააჩინეთ, გამახარეთ და გამაბედნიერეთ!
- აღიარებულ და პოპულარულ მსახიობს, ალბათ ბევრი რამ აქვს გასახსენებელი…
— ძალიან მიყვარდა ჭადრაკის თამაში. მე და ვერა წიგნაძე — ბალეტის უდიდესი მსახიობი, ხშირად დილის 4 საათამდე ვთამაშობდით. ხან ვერა მოდიოდა ჩემთან, ხან მე მივდიოდი მასთან. ერთხელაც წავედი ვერასთან და შემაგვიანდა. გამოვედი ქუჩაში და მანქანას ველოდები, იქვე ორი მილიციონერი იდგა. უფროსი მომიბრუნდა და მეკითხება: კი მაგრამ ასე გვიან სად ყოფილხართო. ეგ მე ვიცი სად ვყოფილვარ, რა თქვენი საქმეა — გამიჩერეთ მანქანა! მეორე ეუბნება: გაჩერდი, ვერ იცანი? აბა, ვინა ვარ-მეთქი. მოჭადრაკეო! ესე იგი, როგორი ინტუიცია ჰქონდა ამ კაცს — მიხვდა, რომ ჭადრაკს ვთამაშობდი.
- ხშირად შემიმჩნევია, რომ მსახიობი ცხოვრებაშიც თამაშობს, რას ნიშნავს ეს, რა ემატება მას ან რა აკლდება?
- მუშაობის დროს იმდენს ეძებ, იმდენ ოფლს ღვრი — როგორ ააგო ფრაზა, როგორ წარმოთქვა სიტყვა, როგორ შეასხა ჩანაფიქრს ხორცი და ეს იმდენად უდიდესი რამ არის, რომ ცხოვრებაში თამაშს ფასი არ აქვს, ვინიდან ამ დროს პიროვნულ ღირსებებს კარგავ.
როგორც პიროვნება მინდა რომ სუფთა ვიყო, სუფთა დაფაზე დავიწყო ძერწვა და მე თუ ცხოვრებაშიც გამოვძერწე ჩემი პიროვნება… ყოველ შემთხვევაში არ ვარ ის დიდოსტატი, რომ ცხოვრებაშიც მსახიობი ვიყო და სცენაზეც.
- თქვენ, ხომ მართლაც დიდოსტატი ხართ?
— არ ვამბობ, რომ მაღალი ხელოვანი ვარ, მე მისკენ მივისწრაფვი. ჩემ ასაკშიც კი, მინდა მაღალი ხელოვნების წარმომადგენელი ვიყო. ახლა, არ მითხრა: ეს თქვენ ხართ! მე ის მსახიობი არ ვარ, რომ ვიფიქრო — ჭერს უკვე მივარტყი თავი… არა! ჩემი ჭერი ძალიან მაღლაა და ძალიან შორს… სამწუხაროდ, ადამიანი ჭერამდე რომ ავიდეს, ერთი სიცოცხლე არ ჰყოფნის!
- სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, ვიგრძენი თქვენი საოცარი სიმსუბუქე, იუმორი, ლაღი დამოკიდებულება. დღეს პირველად შევხვდით პირისპირ და მომეჩვენა, რომ ეს თქვენი ხასიათის თვისებებია…
— ძალიან მწყდება გული, რომ თქვენ თაობას სცენიდან ვერ დავეკონტაქტე. ჩემ შესახებ ალბათ მშობლებიდან იცით. რატომ ვუყვარდი ხალხს? აი, ეს მაშინ იქნებოდა დასანახი.
- დარდს როგორ უმკლავდებით, ქალბატონო მედეა?
— უდარდელი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ დარდმა არ უნდა შეგჭამოს. სანამ ცოცხალი ხარ „ვაი, ვაი..“ კი არ უნდა იძახო, არამედ შენ თავს უნდა მიხედო, ჯანმრთელობას გაუფრთხილდე, ბოღმას და ვიღაცეებზე გაბრაზებას არ უნდა შეაჭმევინო თავი. შენი აპარატი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ვიღაცას გამოადგე, თუნდაც ცხოველს.
- როცა სცენაზე გამოდის მსახიობი, თითქოს ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ის ენერგია, ის ძალა, რომელიც ადამიანს სცენაზე გასვლას აიძულებს, თითქოს ყოველთვის ახალგაზრდულია თუ ეს მეჩვენება?
— არ გეჩვენება! სცენაზე რომ გადიხარ, აუხსნელი რამ ხდება, რაღაცა გემატება. აი, ამ წუთშიც გელაპარაკები და ქვეცნობიერად ვიცი, რომ ეს ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს და მამოძრავებს სურვილი — დავტოვო კარგი შთაბეჭდილება, უამისოდ არ შემიძლია!
თუ სცენაზე ფეხი დავდგით, იქ არც სიცხე გვაწუხებს, არც კბილის და არც გულის ტკივილი. მსახიობი შეიძლება მოკვდეს, მაგრამ გულის ტკივილის გამო კულისებში არ გავა, ის ვერ გაექცევა მაყურებელს და იმ ბედნიერებას, რაც ამ დროს ხდება.
- ქალბატონო მედეა, თქვენ ერთ-ერთი ლამაზი ქალბატონი ბრძანდებით…
— არა! მომხიბვლელი ვიყავი, ალბათ… ლამაზი არა, ტყუილია, არ დაიჯერო!
- აბა კინოფილმებში, ფოტოებზე რომ ლამაზი ხართ?
— არ ვარ ლამაზი, ნუ სიმპათიური ვარ და მომხიბვლელი! ჰო, ხიბლი ალბათ მქონდა… რეპეტიციაზე როლში თუ გავიღიმებდი, გიორგი ტოვსტონოგოვი მიყვიროდა: Не улыбайся! როცა იღიმები — იქ ოსტატობა აღარ გინდა, ადვილად გამოდიხარ, გაიცინებ და კაცს ყველაფერი ავიწყდებაო. მიშა თუმანიშვილიც ასე იყო. ვითომ ასეთი ღიმილი მქონდა? თავის ქებაზე ნუ გადამიყვან ახლა, კარგი!
- ქალი როგორი უნდა იყოს?
— რა თქმა უნდა ქალი კეკლუცი უნდა იყოს! უნდა მოეწონოთ და ეს უნდა ამოძრავებდეს მას, მაგრამ „უუუჰ“, ოღონდ კი ვინმეს მოვეწონო და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო — ეს არ შეიძლება! ბუნებრიობაზე დიდი მშვენიერება არ არსებობს.
- მამაკაცში რას აფასებთ, ქალბატონო მედეა?
— სიმართლეს! დღესაც სიმართლეს ვაფასებ. სიმართლე ყველაფერია! თუ კაცი გეტყვის მიყვარხარო და ის მართალია, არ მოგატყუებს… ყველას შეუძლია მოტყუება, ხომ? თუ ამას არ იკადრებს - ეს არის მამაკაცში დასაფასებელი. მამაკაცის შეფასება დღემდე შემიძლია!
საერთოდ მიმნდობი ვარ და ადამიანი მგონია ღირსეული არსება, რომელმაც ტყუილებით არ უნდა გაიჭუჭყიანოს თავი, შუბლგახსნილი ლაპარაკი უნდა შეეძლოს. ეს ქალშიც უაღრესად დასაფასებელია. გულწრფელობა, სიმართლე, პატიოსნება — ეს ადამიანს ამდიდრებს, ხომ?
- ურთიერთობაში, რა არის თქვენთვის განმსაზღვრელი?
— სითბო, ყურადღება და გულწრფელობა. არ ვამბობ, რომ ასეთი ვარ, მაგრამ ვცდილობდი…
- ქალბატონო მედეა, 80 წლის იუბილე ძალიან დიდი ამბავია, არა?
— დიდი ამბავია, მაგრამ ეს მე არ ვარ! მე 80 წლის ვარ? „ჰა-ჰა-ჰა“ გუნებაში სიცილით ვკვდები. საიდან ვარ 80 წლის? არა. მე ბავშვებთან ერთად ვხტუნაობ, ვთამაშობ, არ ვკრუსუნებ — ღმერთო კეთილად მისმინე! ამ ასაკს ცოტა ქერქეტულად ვექცევი…