თბილისი, 15 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ, განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა.
„აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის უნარიანობისა და სამხედრო მზადყოფნის გაძლიერების მიზნით, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება. ხაზი გაესვა მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე გაზისა და ნავთობის მილსადენების დაცვაში. ვფიქრობ სწორედ ამისთვისაა საჭირო ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარება,“- თქვა ჰასანოვმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გაბალში.
აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაბალში ჰასანოვის მიწვევით გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრებმა აღნიშნეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მინისტრების შეხვედრების სამმხრივი ფორმატის სტრატეგიული მნიშვნელობა.