სალომე ყანჩელის აურაცხელი სამკაული - 95

სალომე ყანჩელი
სალომე ყანჩელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას სწამდა, რომ ძირითადი სცენური კანონების ცოდნა შემოქმედებისთვის აუცილებელია. 14 მაისს სალომე ყანჩელის დაბადების დღეა, მსახიობს 95 შეუსრულდებოდა.

სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სალომე ყანჩელი უკვე თეატრში იყო. მის პარტნიორებს კარგად ახსოვდათ და არც დაავიწყდებათ საგრიმიორო მაგიდასთან თოვლივით თეთრ  ხალათში გამოწყობილი მსახიობი, რომელიც ემზადებოდა იმ სცენაზე გასასვლელად, სადაც მრავალჯერ წარმატებით უთამაშია შექსპირის, გარსია ლორკას, ცაგარელის თუ სხვა ავტორთა მიერ შექმნილი გმირები. ერთხელ ჰკითხეს: „რატომ ხარ ექიმივით თეთრად შემოსილი?“ მან უპასუხა, რომ კოსტიუმის მორგების და გრიმის გაკეთების დროს, სხვა ფერს ვერ ჩაიცმევდა. ამ თითქოს უბრალო დეტალში მისი თეატრთან დამოკიდებულება ჩანდა. თეატრისა და კინოს აღიარებული მსახიობი მხატვრული კითხვის ოსტატიც იყო. „ყველაზე დიდი ბედნიერება მაინც ის არის, როცა შენი საქმე გიყვარს და იმ საქმესაც უყვარხარ“ გვითხრა სალომე ყანჩელზე ქალბატონმა ნათელა ურუშაძემ. 

ჩემ პირად არქივში ინახება მრავალი დოკუმენტური მასალა, რომელიც ასახავს უახლესი ქართული თეატრის ისტორიას, შეხვედრებს მსახიობებთან, რეჟისორებთან და თეატრმცოდნეებთან. 2001 წლის მაისში დავუკავშირდით სალომე ყანჩელის პარტნიორებს და გულშემატკივრებს. მედეა ჩახავა, ნანა ფაჩუაშვილი, ნათელა ურუშაძე და გოგი გეგეჭკორი მსახიობის პროფესიონალიზმზე და პიროვნულ თვისებებზე გვესაუბრებოდნენ. მასალა ქვეყნდება პირველად.

მსახიობი გოგი გეგეჭკორი: მე და სალომე ერთ სკოლაში ვსწავლობდით. მაგის გულისთვის ბიჭები ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევდნენ — სალომე ამას გრძნობდა და ამით ყოველთვის ხარობდა. 1943 წელს რუსთაველის თეატრშია, თითქმის ათი წელი სოხუმის თეატრში მუშაობდა, მერე ისევ რუსთაველის თეატრში. 

სალომე ჩემი პარტნიორიც იყო, მაღალი დონის პროფესიონალს, ცხოვრებაში და სცენაზეც არაჩვეულებრივი მომხიბვლელობა და ისეთი განსაკუთრებული აურა ჰქონდა, რომ თვალს ვერ მოწყვეტდი. ხანუმა ხომ მაჭანკალია, მაგრამ ამ როლსაც ისეთი მანერით ასრულებდა, რომ კაი შახიანი ქალი იყო.

ავიღოთ ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა“, სადაც სალომე თავისი სავლეს ქანდაკებას უკვეთავს. ფილმში ორი ეპიზოდი აქვს და როგორი შთამბეჭდავია, არა? სასწაული პერსონაჟია, საოცარი! „ჩემი სავლე!“ და ისტერიკას რომ ატეხავს? პირველად, რომ ვნახე ფილმი, ყველა გმირი დამამახსოვრდა, მაგრამ სალომესი განსაკუთრებით.

თეატრში ინტრიგებში არ ჩარეულა… როცა წარმოდგენაში დაკავებული არ იყო,  სხვების მუშაობას აკვირდებოდა და ისეთი გულუბრყვილო მაყურებელი იყო, რომ ჩვენ მის რეაქციებზე რაღაც ეპიზოდებს ვამოწმებდით.

მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი: ურთიერთობაში ფაქიზი ქალი იყო. თითქოს ახლოს მიგიშვებდა და იმავე დროს დისტანციაც ჰქონდა. მის არისტოკრატულ თვისებებს ვერ გადაიღებდი, ვერ მიბაძავდი. მისი თეატრზე შეყვარებული სული, მისი სამყარო არაჩვეულებრივი და ამაღლებული იყო. 

როცა იტალიაში გავემგზავრეთ,  სალომე უკვე მძიმე ავადმყოფი იყო, მან დიაგნოზი იცოდა, მაგრამ მაინც წამოვიდა. სცენაზე დიდხანს იდგა, სანამ ავადმყოფობამ არ მოტეხა, არ წააქცია. მისი სიყვარულით სავსე სულში ეგოიზმის ნატამალს ვერ ნახავდით. 

თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე: სალომე ყანჩელი გამორჩეული იყო, არა მარტო გარეგნობით, ვინაიდან მშვენიერი გარეგნობა ბევრ ქალს ჰქონდა თბილისში, არამედ განსაკუთრებული ქალური ხიბლით. თეატრალური ინსტიტუტის შემოსასვლელთან, თაყვანისმცემლ ბიჭებს მის გამო სულ გაუთავებელი ცემა-ტყეპა ჰქონდათ ატეხილი. ის ისეთი ქალი იყო, რომელიც ყველას მოსწონდა — ქალსაც და კაცსაც. აბა წარმოიდგინეთ ასეთი მსახიობი სცენაზე! ამას რასაკვირველია ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ სალომე ამის იმედით  არ იყო და რატომ… ჯერ ერთი იმიტომ რომ მსახიობად იყო დაბადებული და მისი სხვა სახის საქმიანობაში წარმოდგენა შეუძლებელი იყო  და მეორე — მის შემოქმედებაში იგრძნობოდა გამოკვეთილი პიროვნული ინდივიდუალურობა. ამასთან, ის არაჩვეულებრივად მოწესრიგებული ადამიანი იყო. ძალიან კარგად იცოდა სპექტაკლში თავისი პერსონაჟის ფუნქცია — ეპიზოდური როლი იქნებოდა თუ წამყვანი, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს ძალიან იშვიათი თვისებაა და ნამდვილად დასტურია იმისა, რომ მას სკოლა ჰქონდა გავლილი. ვერიკო ანჯაფარიძე ამბობდა: „დიდი მსახიობი პატარა როლშიც ნამდვილი მსახიობიაო“ და ეს შეიძლება სალომეზეც ითქვას.

თემურ ჩხეიძის შესანიშნავი სპექტაკლი „ბერნარდა ალბას სახლი“ ალბათ ნანახი არ გაქვთ, მაგრამ მსურს გითხრათ, რომ სალომეს ბერნარდა ძალიან დიდი და ძლიერი როლი იყო! მის ბერნარდას ხელჯოხი ეჭირა ხელში და უნდა გენახათ, მთელი სპექტაკლის განმავლობაში, როგორ თამშობდა ის ჯოხი, რომელიც მისი ხელის გაგრძელება იყო… ყველა ნივთი, რომელსაც სალომე სცენაზე იყენებდა, მისი ნაწილი ხდებოდა, იქნებოდა ეს მოსასხამი, ხელჯოხი, ფეხსაცმელი, მარაო — ყველაფერი თამაშობდა.

როცა ქართულ სიტყვას წარმოთქვამდა, მარტო გამართული მეტყველება კი არ იყო, არამედ მშვენიერი ქართული. ის გრძნობდა ქართულ სიტყვას, განსაკუთრებით პოეტურ სიტყვას და  მშვენივრად კითხულობდა. მხატვრული სიტყვის ნამდვილი ოსტატი იყო. მის მიერ წაკითხული პოეზიის ნიმუშებში იგრძნობდით ქართული მუსიკის ქართულ ენაში გაჟღერებას. ბრწყინვალედ კითხულობდა საიათნოვას, ბესიკის, გრიშაშვილის და ხალხურ პოეზიას.

მიმართეთ ნებისმიერს, ასეთი მსახიობის გახსენება არავის გაუჭირდება, იმიტომ რომ სცენაზე შთამბეჭდავი, მხატვრული ძალით არის დაჯილდოებული. მისთვის თეატრი მუდმივი ზეიმი იყო, ის მიდიოდა რეპეტიციაზე, როგორც უმაღლესი მნიშვნელობის წვეულებაზე. შრომა სალომეს  სიხარულს ანიჭებდა, ის ბედნიერი ქალი იყო! 

მსახიობი მედეა ჩახავა: სალომე განუმეორებელი ფენომენი იყო, მას ისეთი ხიბლი ჰქონდა, ისეთი, რომ… იუმორით სავსე, რბილი, არაჩვეულებრივი. დაილაპარაკებდა თუ არა, აურაცხელი სამკაულებით გამოანათებდა.


ყველა ახალი ამბავი
0