ვინ არის NK'art Mythologie-ს ავტორი

© NK'art Mythologieმითოლოგია, რეალობისა და წარმოსახვის შერწყმა
მითოლოგია, რეალობისა და წარმოსახვის შერწყმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ხელოვანის იდუმალებით მოცული სამყარო — მითოლოგია, რეალობისა და წარმოსახვის შერწყმა და ფოტოფირზე აღბეჭდილი ყოველდღიურობა…

ნინი რაზმაძე

ახალგაზრდა ხელოვანის იდუმალებით მოცული სამყარო — მითოლოგია, რეალობისა და წარმოსახვის შერწყმა და ფოტოფირზე აღბეჭდილი ყოველდღიურობა…  როგორია საფრანგეთში მიღწეული წარმატების გზა და სამომავლო გეგმები,  NK'art Mythologie-ს ავტორი თავად საუბრობს, რომელმაც ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა…

- როგორია გზა, რომელიც აქამდე გაიარეთ?

— თბილისში 16 წლამდე ვცხოვრობდი, სკოლის დამთავრებისთანავე კი საფრანგეთში  გავემგზავრე. იქ პლასტიკური ხელოვნების, მოქანდაკის, არქეოლოგიის კურსები დავამთავრე. ასევე გავიარე გრაფიზმის ფორმაცია,  ბაკალავრი „არლის“ აკადემიაში დავამთვრე  ფოტოგრაფიის განხრით.

- როდის დაინტერესდით ხელოვნებით?

— ფოტოგრაფიის  და ხატვის სიყვარული ბავშობიდან მომყვება, მაშინ მქონდა ფოტოაპარატი „ზენიტი“, თბილისის ქუჩებში დავდიოდი და სურათებს ვიღებდი. გარდა ამისა, სხვადასხვა მოთხრობებს და თხზულებებსაც ვწერდი და მათ ილუსტრირებას ვახდენდი, ვხვეწავდი ფანქრით, ტუშით, აკვარელითა და ზეთოვანი საღებავებით ხატვის ტექნიკას. შექმნილი მქონდა ჩემი მითოლოგიური სამყარო თავისი პერსონაჟებით, რომელიც შემდგომში დავხვეწე. ჩემთვის ინსპირაციის წყარო თითქმის ყოველთვის ბუნება იყო. ანტიკური ადამიანის წარმოდგენა დაბურულ სივრცეში და იდუმალი ქმნილებების წარმოსახვა… ცოდნა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, იმ დროს ფანტაზიით იცვლებოდა, ფანტაზია კი ზოგჯერ ცოდნას სჯობს. 

© FB/NK'art MythologieNK'art Mythologie
NK'art Mythologie - Sputnik საქართველო
NK'art Mythologie

- საფრანგეთში თქვენი წიგნებიც გამოიცა…

— საფრანგეთში ორი წიგნი გამოვეცი. ერთი არის ზღაპარი ბავშვებისთვის, „ნაია და რიონი“, რომელიც ნათარგმნია ქართულ და კორსიკულ ენაზე. ეს არის პრინცისა და პრინცესას სიყვარულის ისტორია, რომლებიც სხვადასხვა მფრინავ კუნძულზე ცხოვრობენ და ერთმანეთს კუბიდონების მეშვეობით წერილებს უგზავნიან. 

მეორე მითოლოგიური ალბომია მოყვარულებისთვის, რომელშიც თავმოყრილია როგორც ჩემი ფოტოკომპოზიციები, ისე ნახატები. მასში  აღწერილია ამ მითიური სამყაროს ქმნილებების თვისებები და ცხოვრება, აგრეთვე მოყვანილია მათი ქვეყნების კარტოგრაფია. ორივე წიგნის ტექსტისა  და ილუსტრაციების ავტორი თავად ვარ. თითოეულ ფოტო-კომპოზიციაზე  მუშაობისას დაახლოებით 15-30 საათი მჭირდება.

- შეიძლება ითქვას, რომ  თქვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით არ  მუშაობთ.

— დიახ, რადგან ბევრი ნამუშევარი მაქვს,  რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ამ მიმდინარეობისგან და რეალური და კონკრეტული იდეის მატარებელია. სხვათაშორის,  გაცილებით მეტ ყურადღებას ვუთმობ მათ  და შეიძლება ითქვას, ამ "ძირითადი" მიმდევრობისგან ვაცალკევებ. 

© FB/NK'art Mythologieჩემთვის ინსპირაციის წყარო ყოველთვის ბუნება იყო...
ჩემთვის ინსპირაციის წყარო ყოველთვის ბუნება იყო... - Sputnik საქართველო
ჩემთვის ინსპირაციის წყარო ყოველთვის ბუნება იყო...

- იმ პროექტზე გვიამბეთ, რომელზეც თქვენ და ფოტოგრაფი რეზა მუშაობდით…

— აკადემიის ერთ-ერთ შეხვედრაზე,  ფოტოგრაფმა რეზამ (ირანელი ფოტოგრაფი რეზა დეგატი — რედ.)  შემომთავაზა მისი სურათები დამემუშავებინა და რაიმე კომპოზიცია შემექმნა. სურათები რომ დავათვალიერე, მივხვდი, რომ მისი სურათებისგან მონტაჟის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა, რადგან მათი ძალა სწორედ მათ პირდაპირობასა და რეალურობაში იყო და ისინი არაფრის შეცვლას არ საჭიროებდნენ… იმ პერიდში,  პარალელურად,  ჰუმანური იდეის ანიმაციურ სპოტზე ვაპირებდი მუშაობას და მას შევთავაზე მისი სურათები ამ სპოტში გამოყენება,  რაც საკმაოდ შედეგიანად დასრულდა… სპოტს საფუძვლად დაედო ადამიანთა აღუწერელი უნარი რეკონსტრუქციისადმი.  რაც არ უნდა ძლიერი იყოს ომის და სიბოროტის დესტრუქცია, ადამიანი ყოველთვის პოულობს ძალას აღსადგენად. სწორედ ამ აზრის გამოხატვა მინდოდა ამ ნამუშევარში. 

- ანიმაციურ ფილმებზეც მუშაობთ?

— კი,  ანიმაცია და ვიდეომონტაჟი თავად ვისწავლე. საერთოდ,  ანიმაცია უძლიერეს ხელოვნებად მიმაჩნია, რომელიც უსაზღვროა და მუსიკას,  პოეზიას და მხატვრობას მოიცავს. ჩემი ერთ-ერთი პროექტია ანტონიო ვივალდის „წელიწადის დროების“ კომპოზიციაზე აგებული ანიმაცია, რომელიც 40 წუთი გრძელდება. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ნაწილია მზად, რომლის ჩვენებაც „არლის“ ფოტო-ფესტივალზე გაიმართა,  სადაც ჩემი სხვა ნამუშევრებიც იყო გამოფენილი. 

© FB/NK'art Mythologieმითოლოგია, რეალობისა და წარმოსახვის შერწყმა
მითოლოგია, რეალობისა და წარმოსახვის შერწყმა - Sputnik საქართველო
მითოლოგია, რეალობისა და წარმოსახვის შერწყმა

- ახლა რაზე მუშაობთ?

— ამ ეტაპზე სხვადასხვა განსხვავებულ პროექტზე ვმუშაობ, ვაპირებ კიდევ ერთი ზღაპრის დაწერას და ილუსტრირებას, აგრეთვე” ნაია და რიონის” ქართულად გამოცემას. საქართველოში სწორედ ამ პროექტების განსახორციელებლად ვარ ჩამოსული, რომლებიც დაგეგმვის პროცესშია.  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0