მისი ხელოვნება არავისას ჰგავს, რადგან აქ კონკრეტულ საგნებსა და მოვლენებს მიღმა მხოლოდ მის მიერ შემჩნეული და აღმოჩენილი აბსტრაქტული, უჩვეულო სამყაროა: ჩამოხეული აფიშები, საგნების ჩრდილები, საღებავგადაცლილი კედლები, განსხვავებულ რაკურსში დანახული ბუნების ფრაგმენტები… სულ 2000-ზე მეტი ფოტო აქვს გადაღებული, თბილისში, საფრანგეთში, ბელგიასა და სანქტ-პეტერბურგში 30-ზე მეტი გამოფენა ჰქონდა. იგი პეტერბურგის მხატვართა კავშირის წევრი გახლავთ.
— ბატონო დავით, ცნობილია, რომ ბავშვობაში კრივმა ცნობილი მოკრივის, ჯო ლუისის ავტობიოგრაფიული წიგნის წაკითხვის შემდეგ გაგიტაცათ.
— ამ წიგნში ჩვენს შორის ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე: მეც, როგორც ის, ღარიბ ოჯახში გავიზარდეთ. მეგობარს წაუყვანია დარბაზში და გულმოდგინე ვარჯიშის შემდეგ სახელოვანი მოკრივე გამხდარა. მე ორთაჭალაში ვცხოვრობდი და დედა სამ ვაჟს გაჭირვებით გვზრდიდა. მეზობლები ხშირად გვეხმარებოდნენ და მათი სიკეთე დღემდე მახსოვს. კრივზე ჩემმა უფროსმა ძმამ მიმიყვანა. დედას არ უნდოდა, მეც ძმასავით კრივზე მევლო, ამიტომ "დინამოს" სტადიონზე სექციაში ოჯახისგან ფარულად ჩავეწერე. ჯო ლუისს წლების შემდეგ შეხვდი — 1976 წელს ამერიკაში ყოფნისას საბჭოთა მოკრივეთა მატჩის დროს გავიცანი და მასთან ფოტოც გადავიღე. ვფიქრობ, ჩემი სპორტული კარიერა წარმატებული იყო.
— ბავშვობისდროინდელი ამბებიდან რომელი დაგამახსოვრდათ?
— აი, სწორედ გუშინ ბავშვობისდროინდელ უბანში ვიყავი და ასეთი შემთხვევა გამახსენდა. გორგასლის 25-იდან მეტეხის ხიდამდე ჩვენი ტერიტორია იყო. იმის იქით ბავშვებს აღარ გვიშვებდნენ. მახსენდება, რომ ბიჭები მეტეხის ხიდიდან პირდაპირ მტკვარში ხტებოდნენ, უფრო გაბედულები გადახტომას მეტეხის ეკლესიიდანაც რისკავდნენ. მე ცურვა მტკვარში ვისწავლე. ერთხელაც წივილ-კივილი შემოგვესმა და დავინახეთ გოგო, რომელიც მტკვრისკენ გამორბოდა, უკან კი ახლობლები მოსდევდნენ. როგორც მერე გავიგეთ, ეს გოგო ებრაელი იყო და ბიძაშვილზე სურვილის წინააღმდეგ ათხოვებდნენ. ამის გამო, ეტყობა, თავის მოკვლა გადაეწყვიტა. მივხვდი, რაღაც საშინელება ხდებოდა და იმ გოგოს გამოვეკიდე. როცა მივუახლოვდი და დავიჭირე, ყვირილი ატეხა, ხელი გამიშვიო. მეც გავუშვი და ვუთხარი, კარგი, გადახტი-მეთქი. მოულოდნელად გოგო გაჩერდა, ეტყობა, გადახტომა გადაიფიქრა. ამასობაში მისი მშობლებიც მოცვივდნენ და გოგოს შემოეხვივნენ, ეფერებოდნენ და თან ეუბნებოდნენ, როგორც შენ გინდა ყველაფერი ისე იქნებაო… იმ შემთხვევის მერე საკუთარ თავს შევამჩნიე, რომ შინაგანად გავიზარდე…
— დიდი სპორტიდან წასვლის მერე მოზარდებს ავარჯიშებდით…
— დიახ, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გავხდი და თბილისის უნივერსიტეტში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის ხელმძღვანელი ვიყავი. 1995 წლიდან კი სანქტ-პეტერბურგში გადავსახლდი და იქ ლესგაფტის სახელობის სახელმწიფო აკადემიაში ლექციებს ვკითხულობდი. ხშირად პეტერბურგის ქუჩებში მარტო დავეხეტებოდი და გარშემო ყველაფერს ვაკვირდებოდი. ერთი შეხედვით დაფარული სილამაზე უცნაურ ადგილებში აღმოვაჩინე. ბევრი ფოტო დამიგროვდა და ამიტომ გამოფენების მოწყობა გადაწყვიტე, რის შემდეგაც ამ ქალაქში თანდათან გამიცნეს და ერთ დღესაც მხატვართან კავშირის წევრადაც მიმიღეს. კავშირის წევრად მიღებიდან ერთი სახალისო მომენტი დამამახსოვრდა. კომისიის თავმჯდომარემ მთხოვა, საკუთარ თავზე რაიმე მომეყოლა. მეც ვუთხარი, კრივში ევროპისა და საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ვარ-მეთქი, რაზეც ის აღშფოთდა და გამომიცხადა, აქ ხუმრობის ადგილი არ არისო. მერე, როგორც იქნა, დარწმუნდა, რომ სიმართლეს ვამბობდი და ამ ფაქტზე ბევრი ვიხალისეთ.
— ბატონო დავით, თქვენს მიერ გადაღებულ რომელიმე კადრთან დაკავშირებით რაიმე საინტერესო ამბავი ხომ არ გახსენდებათ?
— რა თქმა უნდა, მახსენდება. 1998 წელს პეტერბურგში ერთ-ერთი პარკის სკამზე ასეთი წარწერა აღმოვაჩინე: "Алиса +დათო“ — სიტყვა ალისა რუსულად ეწერა, დათო — ქართულად. ძალიან მომეწონა და ამ სკამს ფოტო გადავუღე. ერთ გამოფენაზე, რომელსაც ქართველი ებრაელები ესწრებოდნენ, ეს ფოტოც გავიტანე. ერთმა სტუმარმა ქალბატონმა მითხრა, ჩემი შვილი სკოლაში პეტერბურგში სწავლობდა და თავის კლასელ ალისაზე იყო შეყვარებულიო და მთხოვა, იქნებ ამ ფოტოს ასლი მომცეთ, რომ ამერიკაში გავუგზავნო, სადაც ჩემი შვილი უმაღლესში სწავლობსო. გავუკეთე ფოტოს ასლი და მივეცი. ამ ამბავს საინტერესო განვითარება აქვს. ქალს გაუგზავნია შვილისთვის ეს ფოტო და აღმოჩნდა, რომ ის წარწერა სწორედ მის შვილს გაუკეთებია პეტერბურგში სწავლის დროს. აი, ასეთი მოულოდნელია ცხოვრება, ამ ქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება…
— დღეს თქვენ საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ხართ, ანუ ისევ სპორტის სფეროში დაბრუნდით?
— ბოლო დროს ისევ კრივს დავუბრუნდი. პირდაპირ გეტყვით, კარგი გუნდი შევკარი. ჩემ გვერდით ის ადამიანები დგანან, ვისაც ეს საქმე უყვარს და პროფესიონალები არიან. საერთოდ, იცით, რას მივხვდი ცხოვრებაში? მთავარია არა თანამდებობა ან რომელიმე პარტიისადმი კუთვნილება, არამედ სიკეთე და ღირსება. ის ფაქტი, რომ ამდენი წლის შემდეგ გულშემატკივარს ახსოვხარ — ყველაზე დიდი დამსახურება და ჯილდოა!