თბილისი, 14 მაისი — Sputnik. რომის პაპის, ფრანცისკის საქართველოში სექტემბრის ბოლოსთვის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ვატიკანში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ და წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილემ მონსინიორ ანტუან კამილერიმ იმსჯელეს.
მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს თანადგომისათვის და გამოთქვა იმედი, რომ ვატიკანი კვლავაც აქტიურად განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას.
მონსინიორ ანტუან კამილერიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ და გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდება.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში რომის პაპის სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები.