დღეს იმდენად დიდებული დღეა, რომ, რაღა თქმა უნდა, არ დაგღლით ზედმეტი გამოცანებითა და ინტრიგებით…
უბრალოდ კდემამოსილი გავალ ჩვენ აივანზე და ყველას დიდი სიყვარულით მოგილოცავთ წმიდა თამარ მეფის ხსენების დღეს!..
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ყველა თამარს, თამრიკოს, თამუნას… უამრავი მყავს ახლობლობაში და ყველა ერთი მეორეზე კარგი და უკეთესი! სხვანაირად არც შეიძლება… უბრალოდ, არც უფლება აქვთ და არც არჩევანი… მეც ვცდილობ, რადგან, მართალია, ლამაზი ქართული სახელი მქვია, რომელიც საოცრად მიყვარს, მაგრამ ეკლესიურად მეც თამარი გახლავართ…
ის, რომ ქართველი ქალი ყოველთვის სარგებლობდა უდიდესი პატივისცემით, ყურადღებით და განსაკუთრებული მოწიწებით, არა მხოლოდ მისი სილამაზისა და შინაგანი ხიბლის, და არა მხოლოდ ქართველი მამაკაცების მხრიდან, მისდამი ხაზგასმულად გამორჩეული დამოკიდებულების დამსახურებაა… ქართველი ქალი თავისი ნიჭით, განათლებით და, თუ გნებავთ, ინტუიციით ყოველთვის ტოვებდა თავის განსაკუთრებულად ლამაზ და განსხვავებულ კვალს საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს ისტორიასა და კულტურაში…
ამ დიდებულ ქალთა შორის ერთ-ერთი პირველი კი, უდავოდ, თამარ მეფეა!..
ყოველთვის მაინტერესებდა, ლამაზი იყო თუ არა თამარი? შემორჩენილია 4 ფრესკა მისი გამოსახულებით, რომელზეც მართლაც მშვენიერია. ამბობენ, რომ დიდმა შოთამ სწორედ მას მიუძღვნა თავისი უკვდავი ქმნილება, მაგრამ შეყვარებული კაცის ამბავი ხომ მოგეხსებენათ… ამიტომ მე ყოველთვის ხალხურ შემოქმედებას ვენდობი, რომელშიც თამარის საგმირო საქმეებთან და სხვა ღირსებებთან ერთად ხაზგასმულია მისი სილამაზეც…
„ჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალო,
ყველაზე ლამაზო, თამარ დედოფალო,
კბილი – მარგალიტი, თვალ-წარბი – გიშერი,
შავი დალალები აბრეშუმისა“;
ან კიდევ
„თამარ ქალო, ქვეყნის თვალო,
რა ლამაზი რამე ხარო“;
აი, ახლა კი დავწყნარდი და ვუფიქრდები, რამდენად შინაგანად ძლიერი, გენეტიკურად ჯანმრთელი და ბრძენი ქალი უნდა ყოფილიყო თამარი, რომ მეფის ტიტული ჰქონდა და მაინც ლამაზი ქალის სახელი შერჩენოდა… ლამაზი იყო და დედოფლურად კი არა, მეფურად ემართა ქვეყანა…
მეფე თამარის პერიოდს საქართველოს „ოქროს ხანას“ უწოდებენ…
მეფე თამარი უფლის დიდი რწმენით გამოირჩეოდა და გამეფებისთანავე მის სამეფო საქმიანობაში უდიდესი ადგილი ეკლესიურმა და სასულიერო ცხოვრებამ დაიკავა. თამარ მეფის დროს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც შენდებოდა და იკაზმებოდა ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები, გზები, ხიდები, სკოლები… სწორედ თამარის მეფობის დროს აშენდა ვარძია, ქვათახევი, ბეთანია. განვითარდა მხატვრობა, ჭედურობა, ლიტერატურა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდის სკოლების პროგრამებში შეტანილი იყო ფილოსოფია, ისტორია, ბერძნული და ებრაული ენები, არითმეტიკა, ასტროლოგია, ლექსების წერაც კი. თამარ მეფის კარზე შეკრებილნი იყვნენ საუკეთესო მუსიკოსები, მგოსნები, ფილოსოფოსები, რომლებთანაც თამარ მეფე სიამოვნებით ბაასობდა და კამათობდა კიდეც…
ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ თამარ მეფე ხელსაქმით იყო გატაცებული… თავისი ხელით მოქსოვილ-შეკერილი სამოსით მოსავდა სასულიერო პირებს.
თამარ მეფემ თავისი გონიერება და დიდსულოვნება პირველად მაშინ გამოაჩინა, როდესაც განდგომილმა თავადებმა მას გარკვეული მოთხოვნები წამოუყენეს და ჯარიც კი შეუყარეს… თამარმა არ ისურვა სისხლისღვრა და მათთან მოსალაპარაკებლად ორი ხანდაზმული და ყველასგან პატივცემული მანდილოსანი, გავლენიანი ოჯახების წარმომადგენლები ხვაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი გააგზავნა, რომლებმაც მოახერხეს ამბოხებულთა დაშოშმინება.
თამარ მეფე იყო მეტად კაცთმოყვარე და მიმტევებელი ადამიანი. მან გააუქმა დამნაშავის სიკვდილითა დასჯა და დასახიჩრება, რაც იმ დროს ძალიან იყო გავრცელებული ევროპაშიც. თამარის მეფობის პერიოდში არავინ დაუსჯიათ სიკვდილით და არავინ დაუსახიჩრებიათ.
ამავე დროს, სწორედ თამარის ჯარმა დაამარცხა სამხრეთიდან შემოსული მრავალრიცხოვანი მტერი შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში…
საოცარი სიყვარულითა და სიფაქიზით აღწერს თამარ მეფის ცხოვრებას დიდი იაკობ გოგებაშვილი (აუცილებლად წააკითხეთ ბავშვებს). ის წერს: „საუბედუროდ, დიდხანს არ შერჩა საქართველოს მისი საარაკო — ბრწყინვალე მზე. თამარის ნაზმა აგებულებამ ვერ გაუძლო დიდხანს დაუცხრომელ და მუდმივ მზრუნველობას სამეფოსათვის და სიკვდილმა უდროოდ (50 წლისაც არ იქნებოდა) მოსტაცა საქართველოს დიდებული დედა და დააობლა“…
თამარ მეფის საფლავი დღემდე ვერ აღმოაჩინეს, ამბობენ, გელათის მახლობლად არის დასაფლავებულიო. საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ დოკუმენტურ მასალაში კი აღმოჩნდა ფრანგი ჯვაროსნის – დე ბუას წერილი, რომელშიც ვკითხულობთ: “მიემართება 15 წლის ჭაბუკი მეფე და მიასვენებს დედამისის ძვლებს”… მე კი ყველაზე მეტად მომწონს ბროკჰაუზის და ეფრონის ენციკილოპედიაში გაკეთებული ჩანაწერი — „ხალხური თქმულებით, თამარ მეფე არ გარდაცვლილა, მას სძინავს ოქროს აკვანში და როდესაც მიუვა ხალხის ხმა, ის გაცოცხლდება და გამეფდება“…
თამარ მეფე არის არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის ულამაზესი ფურცელი, ის ქართული ზნეობის, რწმენის, კაცთმოყვარეობის, ვაჟკაცობის, მიმტევებლობისა და პატიოსნების სიმბოლოა…
ამიტომაც, მისი ხსოვნა და მისი სახელი უკვდავი და მარადიულია…
გისურვებთ ბედნიერ და ამაღლებულ დღეს!
ლელა ანჯაფარიძე