თბილისის „დინამოს“ მიერ ევროპის თასთა თასის აღების დღიდან, როდესაც ქართულმა გუნდმა გერმანულ „კარლ ცაისს“ სძლია, 35 წელის გავიდა. იხილეთ გუნდის ისტორიის ამსახველი Sputnik–ის ფოტოლენტა.
1981 წლის 13 მაისი — 1981 წლის 13 მაისი ფეხბურთის ქართველი ქომაგებისთვის საკრალური და უაღრესად ძვირფასი თარიღია, რადგან მსგავსი წარმატებისთვის ქართველ ფეხბურთელებს მას შემდეგ არ მიუღწევიათ.
ეს წმინდა სპორტული თვალსაზრისით, თუმცა ამ 35 წლის წინანდელ მოვლენას სხვა დატვირთვაც ჰქონდა. ყველას ახსოვს დიუსელდორფის რეპორტაჟიდან კოტე მახარაძის ბოლო ფრაზა: „Представляю что сейчас творится в столице Грузии – Тбилиси“.
თბილისში კი აი რა ხდებოდა: ერი და ბერი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ჯანმრთელი და ავადმყოფი, უკლებლივ ქალაქის ქუჩებში იყო გამოსული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველას ყველა უყვარს; ეს, ღიმილიანი და ბედნიერი ხალხის უზარმაზარი მასა დილამდე ზეიმობდა. რუსთაველის პროსპექტზე ქუჩის გამყოფ თეთრ ზოლზე იდგნენ მამაკაცები ღვინით სავსე დოქებით ხელში და აქეთ-იქით მანქანებიდან სანახევროდ გადმოსულ ხალხს ჭიქებს უვსებდნენ, ამის შემხედვარე მილიციელები მხოლოდ იღიმებოდნენ და არავის არაფერს უშლიდნენ, რადგან არავინ არაფერს აშავებდა. იმ ღამეს არ მომხდარა არანაირი კანონდარღვევა, თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია არავის თავიდან.
ამ წარმატებამდე მისასვლელი გზა, რომელიც ჭეშმარიტად სპორტული ჰეროიზმით იყო აღსავსე, „დინამოელებმა“ ლეგენდარული მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის წინამძღოლობით გაიარეს.