თბილისი, 12 მაისი — Sputnik. დიასპორების წარმომადგენელთა ფორუმი სახელწოდებით „გაუზიარე სამშობლოს გამოცდილება“ თბილისში 27-28 მაისს ჩატარდება.
დიასპორის დღე საქართველოში 2008 წლიდან აღინიშნება. წელს ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნება.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ის თანამემამულეები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს ამა თუ იმ სფეროში, სასულიერო პირები, ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, იუწყება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს-სამსახური.
ფორუმის გახსნის ცერემონიის შემდეგ მონაწილეები სხვადასხვა თემატურ ჯგუფებად დაიყოფიან: დიასპორა და სამედიცინო პრობლემები, დისპორული ბიზნესმენტორები და ინვესტიციებისთვის ხელშეწყობა, დიასპორული ორგანიზაციები და მათი მოღვაწეობა, ახალგაზრდობა და დიასპორული მასმედია.
ფორუმის მიზანია ქართული დიასპორის ინტელექტუალური რესურსის თავმოყრა. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ კონკრეტულ სფეროებში არსებულ გამოწვევებსა და ეფექტური თანამშრომლობის საკითხებზე.
ამას გარდა ჩატარდება დისკუსიები და დებატები, რომლებზეც დიასპორების წარმომადგენლების ინიციატივები იქნება წარმოდგენილი.
ფორუმის მონაწილეთათვის 28 მაისს მუშტაიდის პარკში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართება და სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი ღნისძიებები ჩატარდება.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია 20 მაისამდე დარეგისტრირება.