აი, დღევანდელ დილას თუ გადავურჩები, ესე იგი, აღარაფრის აღარ შემეშინდება საერთოდ და არც დავიწუწუნებ არასდროს… გპირდებით…
დავიწყოთ იქიდან, რომ წარმოდგენა არა მაქვს, რა ჩავიცვა? სავარაუდოდ, რამე ფარაჯანოვ-კოლაჟურ სტილში უნდა მოვიხდინო, არეულ-დახვეწილი… ხელში კი, კარგი იქნებოდა, მთლად გადახეთქვამდე მისული მუქი წითელი ბროწეული დამეჭირა… მაგრამ ეს ჩვენი აივნის მკვიდრი ბროწეული მდგმურივით იქცევა, არა და არ მაღირსა საოცარი ყვავილების გადაშლაც კი. ასე რომ, ავიღებ ლამაზ და დიდ მწვანე ვაშლს… მითუ ფრო, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი საკუთარ შემოქმედებას ერთი ფრაზით საზღვრავდა, რომელშიც სწორედ ვაშლი იყო „შუაში“…
„სისულელის და უნიჭობის ზედა ზღვარია – დახატო ვაშლი ისეთი, როგორიც ის არის. დახატე სიყვარულისგან გულგაგლეჯილი ჭიაყელა და კასტანიეტებით მოცეკვავე ლანგუსტა, ვაშლის თავზე კი მფრინავი სპილოები ააფართხალე და თავად დაინახავ, რამდენად ზედმეტი გახდება შენ ნახატზე ვაშლი…“ ვინც ფერწერასთან ახლოსაა, უკვე მიხვდებოდა, ვინაა ჩვენი სტუმარი. ვინც არც მთლად ახლოსა ვართ, ერთ მის ფრაზას კიდევ შეგაშველებთ — „სანამ მთელი სამყარო ჩემ ულვაშებზე ჭორაობს… მე ვიმალები მათ უკან და ჩემ საქმეს ვაკეთებ“…
აი, ახლა კი ნამდვილად ვიცით, რომ ზუსტად ამ დღეს, 1904 წლის 11 მაისს კატალონიაში, ქალაქ ფიგერასში დაიბადა სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი, რომელიც თვლიდა, რომ ბედმა მას ორი საჩუქარი გაუკეთა: პირველი, რომ ის ესპანელია და, მეორე, რომ ის სალვადორ დალია.
სალვადორ დალი საოცარი შემოქმედი და პიროვნება იყო. ის მართლაც არავის არ ჰგავდა… ბევრს მიაჩნდა, რომ ის მუდმივად თამაშობდა, და ისიც არასდროს უარყოფდა ამას. უბრალოდ, გულახდილად ამბობდა, რომ თავადაც არ იცის, სად გადის ზღვარი მის მსახიობობასა და ნამდვილ დალის შორის. ის წინააღმდეგობებით სავსე ადამიანი იყო. ერთი მხრივ, ამბობდა, რომ საუკუნეების მანძილიდან ესაუბრებოდა ლეონარდო და ვინჩის, მეორე წუთში კი შეეძლო გულწრფელად გაკვირვებოდა თავისი ნახატების წარმატების და ეთქვა, რომ ის პირადად თავის ნამუშევრებს არაფრისდიდებით არ შეიძენდა… ერთ დღეს აცხადებდა, რომ გენიოსია და მეორე დღეს სერიოზულად ამტკიცებდა, რომ გიჟია და სხვა გიჟებისგან მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ ამას თვითონაც აცნობიერებს…. დალი აცხადებდა, რომ ერთდროულად არის მართლმადიდებელიც და კათოლიკეც, მაგრამ მხატვრობაში არც ერთი არ გამოადგა… სახელმწიფოს იდეალურ წყობად კი „მონარქიული ანარქია“(?!) მიაჩნდა.
დალი ყველაფერში ეპატაჟური იყო — ნახატებში, გამონათქვამებში, შეფასებებში, მოქმედებებში… შეეძლო ქალაქის ცენტრში გასულიყო ოქროს ჯაჭვზე მიბმული ნიანგით, ან საგანგებოდ გამომცხვარი 2-მეტრიანი პურის ბატონით, სერიოზულ ღონისძიებაზე სტუმრებს დახვედროდა სკაფანდრსა და წყალქვეშა ცურვის კოსტუმში გამოწყობილი…
თუმცა, რატომღაც, რჩება ისეთი შთაბეჭდილენა, რომ დალი ამას არ აკეთებდა ვიღაცის განგებ გასაღიზიანებლად ან ზედმეტი პოპულარობის მოსახვეჭად. მაშინ ის აუცილებლად დაიღლებოდა ამისგან… უბრალოდ, მასში იმდენი კოსმოსური ენერგია გროვდებოდა, იმდენად სხვანაირი და განსხვავებული აღქმა ჰქონდა სამყაროსი, რომ ეს ყველაფერი მის არსებაში ვერ ეტეოდა და უნდა ამოხეთქილიყო… ერთხელ დალის წამოსცდა, რომ ყოველთვის ხედავდა იმას, რასაც მის გარდა ვერავინ ხედავდა და ვერ ხედავდა იმას, რაც სხვებისთვის სრულიად ცხადი იყო. ეს კარგად ჩანს მის ნამუშევრებში – შეიძლება ვერ გაიგო ბოლომდე, არ მოგეწონოს, ვერ მიიტანო გულთან ახლოს, მაგრამ ის, რომ მისი ქმნილებები საოცრად ნიჭიერი, განსაკუთრებული ენერგეტიკის მატარებელი და გულწრფელია, ამის ვერდანახვა შეუძლებელია… და მაშინ იჯერებ, რომ მისი ცნობილი საათი, როგორც დალიმ თქვა, „მართალია ჩამოღვენთილია, მაგრამ ყველაზე ზუსტ დროს აჩვენებს“…
დალის პროფესიული კარიერა წარმატებით წარიმართა. 18 წლის ასაკში ის მშობლიური ქალაქიდან უკვე მადრიდში გადავიდა, სადაც განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის განკუთვნილ „რეზიდენციაში“ დასახლდა. ურთიერთობდა ცნობილ ესპანელ რეჟისორ ლუის ბუნიუელთან და ფედერიკო გარსია ლორკასთან. ცოტა ხანში კი დალი გადავიდა პარიზში, სადაც გაიცნო პაბლო პიკასო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი და ჟოან მიროს გავლენის ქვეშ მოექცა. თუმცა სწრაფად მონახა თავისი სტილი და ამაყად გამოაცხადა — „სიურრეალიზმი — ეს მე ვარ!“
სწორედ მაშინ გაიცნო დალიმ ცნობილი ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გალა (სინამდვილეში — ელენა დიაკონოვა), რომელიც წარმოშობით რიაზანიდან იყო და დალიზე 10 წლით უფროსი. სულ ცოტა ხანში გალამ მეუღლე მიატოვა, ხოლო დალიმ, „კომპენსაციის სახით“, პოეტის პორტრეტი შექმნა… დალის უზომოდ უყვარდა გალა. მან ერთხელ თქვა — „გალა ჩემი ერთადერთი მუზაა, ჩემი გენია, ჩემი ცხოვრებაა… მის გარეშე მე არარაობა ვარ“. გალა მეუღლეზე გაცილებით პრაქტიკული იყო, თუმცა ის კი ნამდვილად იცოდა, რომ გენიოსს გაჰყვა ცოლად და ბევრ რამეს პატიობდა, ისევე, როგორც მას დალი… მათ შვილები არ ჰყავდათ. დალი ამას თავის თავს აბრალებდა, ამბობდა, რომ ის გენიოსია და ვერ გადაიტანს, თუ შვილში არ გაუმართლებს. სინამდვილეში კი, გაირკვა, რომ გალას გაკეთებული ჰქონდა ოპრერაცია, რის შემდეგაც დედა ვერ გახდებოდა…
დალი ომახიანად იძახდა – „დალი უკვდავია, დალი არასდროს მოკვდება!“
მაგრამ გალას გარდაცვალებამ ის საოცრად მოტეხა, მის ცხოვრებას აზრი დაუკარგა. დადიოდა ოთახებში, უყურებდა მის მიერ დახატულ „გალას“ და გულისტკივილით ამბობდა, რომ ის ცხოვრებაში გაცილებით ლამაზი იყო, ვიდრე მის ტილოებზე.
დალი გარდაიცვალა 1989 წელს, გულის შეტევით… ის დაასაფლავეს მის საყვარელ კატალონიაში, მშობლიურ ფიგერასში, მისი სახელობის თეატრი-მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზის იატაკის ქვეშ…
„მე მინდა ჩემს გულს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გადაუაროს!“ – ასეთი იყო სალვადორ დალის ბოლო, როგორც ყოველთვის, უცნაური და ლამაზი ნება…
მე კი გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დღეს!