თბილისი, 10 მაისი — Sputnik. როგორია ქართველი მსმენელი რუსული პოპ-კოლექტივის А-Studio-ს აზრით და რაშია ვოკალისტ ქეთა თოფურიას წარმატების საიდუმლო — ამის შესახებ ლეგენდარული ჯგუფის წევრებმა თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს. პრესკონფერენცია А-Studio-ს დაგეგმილ კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე გაიმართა.
მუსიკალურად მგრძნობიარე და დახვეწილი უწოდა ქართველ მსმენელს ჯგუფის ბას-გიტარისტმა ვლადიმირ მიკლოშიჩმა. სწორედ ამიტომ მისი თქმით, А-Studio-ს წევრებისათვის საქართველოში მსმენელის წინაშე წარდგომა სასიამოვნოც არის და საპასუხისმგებლოც.
„უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკალური მხრივ ქართველი ხალხი ძალიან მგრძნობიარეა. იქნებ კავკასიის რეგიონია ასეთი — არ ვიცი, შესაძლოა, ხალხური მუსიკის გამოც, მაგრამ აქ მუსიკაზე უფრო დახვეწილად საუბრობენ. ისე როგორც აქ აფასებენ, რა დამოკიდებულებაც არის — არც ისე ხშირად ხდება, ჩვენ კი დედამიწის ნახევარი გვაქვს მოვლილი“, — თქვა მიკლოშიჩმა.
ჯგუფის ვოკალისტმა ქეთა თოფურიან აღნიშნა, რომ მისთვის კონცერტი თბილისში ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა.
„ეს ჩემი სამშობლოა, ეს ის ქალაქია სადაც მე დავიბადე, სადაც ჩემი ნათესავები, მეგობრები ცხოვრობენ, და ჩემთვის აქ კონცერტებით ჩამოსვლა ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობაა. და საერთოდ ჩემი მეგობრები სიამოვნებით ჩამოდიან აქ, რადგან აქ სხვანაირად გვხვდებიან ყოველთვის უხარიათ და კონცერტები დიდი წარმატებით ტარდება“, — განაცხადა თოფურიამ.
ქეთა თოფურიას, რომელიც ახლახან გახდა დედა, მასმედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, რაშია მისი წარმატების საიდუმლო და როგორ ახერხებს მომღერალი შეათავსოს გასტროლები, გოგონას აღზრდა და ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობა. მომღერალმა განაცხადა, რომ არანაირი საიდუმლო არ აქვს, მას ეხმარებიან ბებიები და ძიძები.
„პრინციპში ყველაფერს ვასწრებ, უბრალოდ ჩემთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება, რათა ცოტა დავისვენო. მხოლოდ მაშინ როცა ცხრის მერე კონცერტი არ მაქვს, როცა ოლივიას (ქალიშვილს) სძინავს. ხოლო წარმატების საიდუმლო არ არსებობს, რადგან ასე რომ იყოს ყველას ეცოდინებოდა და წარმატებულები იქნებოდნენ. ალბათ ეს სურვილია, ასევე საჭირო ადგილი და საჭირო დრო“, — აღიარა მომღერალმა.
პრესკონფერენციის ბოლოს ჟურნალისტებმა ჰკითხეს А-Studio-ს ჯგუფის წევრებს, როგორ იმოქმედა მათ პოპულარობაზე ვოკალისტ ქეთა თოფურიას გამოჩენამ მათ რიგებში.
„ქეთას ხმის საოცარი ტემბრი აქვს, თავისი ქარიზმა. შეიძლება ითქვას, რომ იგი „პირველი სკრიპკაა“ ორკესტრში“, — თქვა ჯგუფის დამფუძნებელმა პროდიუსერმა ბაიგალი სერკებაევმა.
რუსული პოპ-ჯგუფის А-Studio-ს სოლო კონცერტი 10 მაისს ფილარმონიაში გაიმართება.