ეკატერინე მიქარიძე
არასდროს დაგუფლებიათ დაუძლეველი სურვილი იმისა, რომ გაგერკვიათ, როგორია ესა თუ ის ნივთი შიგნიდან? ასე, შვიდი წლისა ვიქნებოდი, როცა როსტოვიდან შორეული ნათესავი გვესტუმრა და ლამაზი სათამაშო ტელეფონი ჩამომიტანა. დღის ერთი ნახევარი გაუჩერებლად ვატრიალებდი ციფერბლატს და წარმოსახვით დაქალებს ვეჭორავებოდი, მეორე ნახევარი კი ღილაკებზე თითის დაჭერითა და გამოცემული ბგერების მოსმენით ვერთობოდი. მერე ეს საქმიანობაც მომწყინდა და გადავწყვიტე, გამეხსნა და შიგნიდან მენახა, რისგან და როგორ იყო გაკეთებული ეს „წიკვინა“ მოწყობილობა. გამოგიტყდებით, სათამაშო ტელეფონის ათვისების ეს მესამე ეტაპი დღემდე სასიამოვნოდ მახსოვს… და აი ახლაც მაშინდელივით სასიამოვნო და მსუბუქი მღელვარების შეგრძნება მეუფლება, იმიტომ რომ ცოტა ხანში „ქალაქის გულში“ უნდა ჩავიხედო და მისი ძგერა უნდა ვიგრძნო…
ძველებური საათი კვლავაც მუშაობს
ქალაქის გული — ეს მისი მთავარი საათია, რომელიც თბილისის საკრებულოს კოშკურაში დგას. მისი გაჩერება ისევე სავალალოა, როგორც ადამიანის გულისა და ამიტომ მუდამ გამართული უნდა იყოს. თუმცა „კლინიკური სიკვდილი“ ერთხელ მაინც გადაიტანა…
ეს 90–იანების დასაწყისში მოხდა, თბილისის ომისას. ირგვლივ ქვემეხები გრიალებდა, მაგრამ ქალაქის მთავარ მესაათეს, ვასო აკოფიანს მაშინდელი მერიის შენობაში სიარული არ შეუწყვეტია — საქმე ჰქონდა, საათი უნდა დაექოქა. ბარიკადებს მოურიდებლად მიარღვევდა და თუ სადმე წინააღმდეგობას გადააწყდებოდა, მრისხანედ აპროტესტებდა — ქალაქის გული არ შეიძლება გაჩერდეს, საათმა უნდა იმუშაოსო. ბევრს კი ეცადა ვასო, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა: საათი გაჩერდა, იმიტომ რომ ციფერბლატს ორი ტყვია მოხვდა. ქალაქის გულისცემა შეწყდა… მაგრამ გავიდა დრო და „პაციენტი გაცოცხლდა“.
გერმანული წარმოების საათი ტფილისის სათათბიროს შენობაში ჯერ კიდევ 1884 წელს დადგა ცნობილმა ტფილელმა მესაათემ იულიუს გენემ, რომელიც მის მომვლელადაც იქცა. გავიდა ბევრი წელი და ქალაქის მთავარი საათის ხელოსნად არაბაქ ანდრეასიანი დანიშნეს, რომელმაც საქმე მემკვიდრეობით გადასცა საკუთარ ვაჟს, იმან კი — თავისას… მერე „თბილისის გულის“ მოვლის საპატიო მისია ვასომდე მოვიდა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც საათის მოვლა მისმა ვაჟმა, არტურმა იკისრა…
ადმინისტრაციისგან ნებართვა ავიღეთ და არტურთან ერთად საკრებულოს კოშკის ხის ხვეულ კიბეს შევუყევი. კიბე განახლებულია, თუმცა არა მთლიანად. მხოლოდ ის ნაწილია შეკეთებული, რომელიც გარედან ჩანს, ხოლო თვალს მოფარებული ზედა ნაწილი ხელუხლებლადაა დატოვებული.
რაც უფრო ზემოთ მივიწევთ, საათის წიკწიკის ხმა სულ უფრო იმატებს. და აი ისიც — უზარმაზარი მექანიზმი, რომელიც თანაბრად „ყრის“ წამებსა და წუთებს. საათის თავზე მტკიცე ბაგირებს უმძიმესი რკინის გირები უჭირავს.
„სადღაც XX საუკუნის დასაწყისში ერთ–ერთი გირი მოწყდა. არადა ძალიან მძიმეა, ისეთი მძიმე, რომ იატაკი და ქვემოთ ჭერი გაანგრია. საათი გაფუჭდა, მაგრამ გაჩერება არ შეიძლებოდა და სანამ შეაკეთებდნენ, ერთი ხელოსანი გამოიძახეს, მექანიზმს მიუსვეს და ხელით ატრიალებინეს ისრები“, — ყვება არტური.
კოშკის სხვენში დღის შუქი მხოლოდ კედელში გამოჭრილი ვიწრო ნიშიდან შემოდის. არტური შუქის ანთებას ცდილობს, მაგრამ ამაოდ. მაშინ სხვენის კამარაზე გადებულ ხის კოჭებზე ძვრება და გადამწვარ ნათურას წვდება… ჰო, მართლა, ეს ხის კოჭები საათის დადგმის შემდეგ არც გამოცვლილა, აი ციფერბლატი კი ოთხჯერ შერემონტდა — უკანასკნელად სამი წლის წინ.
საათის გვერდით კედელზე ტფილელი მესაათეების გილდიის გერბია ჩამოკიდებული. არტური ამბობს, მასში შემავალი ყველა მესაათე ნაღდი ოსტატი იყოო. მოგვიანებით გილდია კომისიად გადაკეთებულა, რომელიც მუშაობის ნებართვას ანიჭებდა მესაათეს — სპეციალურ სერთიფიკატს აძლევდა.
არტურის მამას, ვასოს ეს სერტიფიკატი, რაღა თქმა უნდა, ჰქონდა, აი არტურს კი — არა. საათებით 14 წლისა დაინტერესებულა. მამას ხშირად დაჰყვებოდა „ქალაქის გულის“ დასაქოქად და მერე, როცა ვასოს კიბეებზე ასვლა აღარ შეეძლო, მან გადაიბარა საქმე.
ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან
სახურავზე ასვლა სპონტანურად გადავწყვიტეთ — ციფერბლატის ახლოდან ნახვა მინდოდა. კვლავ ხის ხვეულ კიბეს შევუყევით და დაბალ კარს მივადექით — იმდენად დაბალს, რომ საშუალო სიმაღლის ადამიანიც კარგა გვარიანად უნდა მოიხაროს, იქ რომ გაეტიოს. საკრებულოს სახურავი საკმაოდ დაქანებულია. არტური მიჩვეულია ამას და მკვირცხლად მოძრაობს, მე და ფოტოგრაფი კი ნელა მივღოღავთ. თუმცა სიფრთხილეს მოულოდნელად თვალწინ გადაშლილი ხედი გვავიწყებს.
აქედან ხელისგულივით მოჩანს მოედანი და მისგან სხვადასხვა მიმართულებით სხივებივით გამავალი ქუჩები. ემოციები მეჭარბება და მშობელი ქალაქის გულში ჩახუტება მინდება. კიდევ ყვირილი მინდება: „ხალხო, ზემოთ ამოიხედეთ, ნახეთ, სად ვართ!“ მაგრამ ვის ესმის?! წმიდა გიორგის ძეგლის გარშემო მოძრავ მანქანებსა და ქუჩაში მოძრავ ადამიანებს საკუთარ საქმეებზე მიეჩქარებათ.
ასი წლის წინ, როცა ამ საათს დგამდნენ ტფილისის ქუჩებში მხოლოდ ცხენშებმული ეკიპაჟები მოძრაობდა, ხოლო მაშინდელ ერივნის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი) არანაირი ძეგლი არ იდგა. წმიდა გიორგის მონუმენტი აქ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში აღიმართა, მანამდე კი აქაურობას ვლადიმერ ლენინის ძეგლი „ამშვენებდა“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აიღეს.
უკანასკნელად შევავლე თვალი ციფერბლატს და… შევყოვნდი. ორიოდე წუთიც და საათი უპოპულარეს მელოდიას „დაამღერებს“ — ლაღიძის „თბილისოს“.
ყველაფერში საათია „დამნაშავე“
საუბარი ქალაქის მთავარი მესაათის სახლში განვაგრძეთ, რომელიც იქვე, ხელის გაწვდენაზე მდებარეობს. შინ არტურის დედა, დეიდა როზა დაგვხვდა. ფინჯან ყავას მივუსხედით და არტურის მიერ გახსენებულ წარსულის კურიოზებს მივუგდეთ ყური.
„ერთხელ ქვისლთან ერთად ცოტა დავლიე, მანქანაში ჩავსხედით და სახლში წამოვედით. რამდენიმე კაცი ვიყავით. საკრებულოსთან რომ მოვედით, ავტყდი, გააჩერეთ მანქანა, საათი უნდა დავქოქო–მეთქი.
ქვისლი მეუბნება, რამ გაგაგიჟა, რა დროს საათია, სახლში წამოდიო. მე კიდევ არ ვჩერდები, როგორ არ გესმით, საათი უნდა დავქოქო–მეთქი. რაღა თქმა უნდა, არ გამიჩერეს… მერე დიდხანს დამცინოდნენ, კაცი რომ დათვრება, ზოგი იარაღის სასროლად იქაჩება, ზოგი — საჩხუბრად, ვიღაც მთელ ქვეყანას სიყვარულს უხსნის, მაგრამ საათის დასაქოქად რომ გარბოდეს, ეგეთი არც კი გვსმენიაო“.
მერე დედას სთხოვს, მამაჩემი როგორ გაიცანი, ეგ ისტორია გვიამბეო. თურმე ამ ამბავშიც საათი ყოფილა „დამნაშავე“. და დეიდა როზაც ღიმილით იწყებს თხრობას:
„საღამოს განყოფილებაზე ვსწავლობდი და მეგობარს გამუდმებით საათს ვეკითხებოდი. ისიც ყოველ ჯერზე გახსნიდა ყუთს, ამოიღებდა საათს და დროს მეუბნებოდა. ერთხელაც მითხრა, მოდი, რა, საათი იყიდეო. მეც წავედი მარჯანიშვილზე, საკომისიო მაღაზიაში და მაჯის საათი ვიყიდე. და რა გგონიათ? სამ დღეში გაჩერდა. წავიღე ხელოსანთან და… ვასიკოსთან მოვხვდი. საათი ვანახე და იმანაც რამდენიმე დღეში დამიბარა. მივედი — არ არის გაკეთებული. მეორე დღეს ისევ მივაკითხე, მეუბნება, ჯერ არ გამირემონტებია, რთული მექანიზმი აქვს და კიდევ ერთი დღე დამაცადეო. მაშინ კი ვიეჭვე რაღა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მაგრამ კიდევ რომ მივედი და საათი ისევ გაუკეთებელი დამხვდა, ძალიან გავბრაზდი და დავემუქრე, აღარც მოვალ–მეთქი. ამასობაში უკვე „გამოძალული“ ჰქონდა ინფორმაცია, სად ვსწავლობდი და მეორე დღეს რამდენი ლექცია მიტარდებოდა. მეორე დღეს ადრე გაპარვა გადავწყვიტე ლექციებიდან, მაგრამ ვასო უკვე მელოდებოდა… მოკლედ, რომ არ დაგღალოთ, ძალიან მალე დავქორწინდით და მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ“.
ოთახში დუმილი ჩამოწვა, რომელსაც მხოლოდ საათის წიკწიკი არღვევს — ბევრი ძველებური საათისა, თითქოს ორკესტრი იყოს, სადაც თითოეულ მექანიზმს თავისი პარტია აქვს…