-ბატონო გია, უკვე მერამდენედ გიწევთ ახსნა განმარტების გაკეთება თქვენი გუნდის წევრების გამონათქვამებთან დაკავშირებით.
— ბოლო ხანს, მართლაც ხშირად მიწევს კომენტარის გაკეთება კოლეგებისგან ცხადებებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ ბატონების განცხადებები არ გახლავთ ზოგადად ფრაქციისა და პარტიის პოზიცია. მე არ ვეთანხმები თამაზ მეჭიაურს და არა მარტო თამაზ მეჭიაურს, რადგან მიმაჩნია, რომ ქართულ ჯარს სჭირდება მომზადება, სჭირდება ინსტრუქტორები, რომლებიც გაცილებით მეტ გამოცდილებას ფლობენ. გვჭირდება ტექნიკა, რომელზეც უნდა ისწავლონ და აითვისონ ახალი სტანდარტები. მიმდინარეობს ჩვეულებრივი სწავლება და ეს არანაირად არ ემუქრება არც მეზობლებს და არც ზოგადად კავკასიაში უსაფრთხოების თემას.
-საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თემა ბოლო ხანს ბევრ კითხვას ბადებს.
— არის ასეთი მოსაზრება —თუ არ გვღებულობენ რა გვინდა ამ NATO-შიო. არ არის სწორი პოზიცია. NATO-სწევრი ქვეყნები გვეუბნებიან, რომ ახლა არ არის ამის დრო და ვითარება, ეს ეფუძნება სერიოზულ პოლიტიკურ გაანგარიშებებს უსაფრთხოების თემაზე. „დღეს და ამ წუთში”-ასეთი სახის მოთხოვნა არის დამაზიანებელი, ვინაიდან სკეპტიციზმს წარმოშობს. „დღეს და ამ წუთში” არ მოხდება არაფერი, საჭიროა მუშაობა, მოლაპარაკებები და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
- ადამიანთა გარკვეული ჯგუფი თვლის,რომ NAT0-ში გაწევრიანება აუხდენელ ოცნებად იქცა და ამაში ახლანდელი ხელისუფლების ბრალს ხედავენ.
— არიან ასეთი ადამიანები, ასეთები განსაკუთრებით ”ნაციონალურ მოძრაობაშია” ბევრი, ისინი მთავრობას აბრალებენ, რომ ნაკლებად აქტიურები ვართ და აქედან გამომდინარეობს NATO-ს განცხადებები, რომ ახლა მომენტი არ არის და უნდა ვიმუშაოთ ერთად და აქტიურად. ეს ჯგუფი კვებავს მეორე ჯგუფს, რომელიც ამბობს — აი, ხომ ხედავ, არ გვიღებენ! გეგონება, პატარა საქართველოს რეალურად იმხელა რესურსი გააჩნია, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები ერთი ხელის დარტყმით განახორციელოს. ჩვენთვის NATO და ევროკავშირი მნიშვნელოვანია არა პოლიტიკური კეკლუცობისთვის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთვის, მიმაჩნია, რომ ურთიერთობა ჩვენსა და NATO-ს შორის მიმდინარეობს ინტენსიურად და ხარისხიანად.
- გამოიწვევს თუ არა ერთობლივი სამხედრო წვრთნები მეზობლების გაღიზიანებას?
— მსგავსი ხასიათის წვრთნები პირველი არ არის და ადრეც ყოფილა. ვერ ვიხსენებ ამის გამო ვინმე გაღიზიანებულიყო. ჩვენ არავის ვემუქრებით, ეს წვრთნები ხორციელდება ქართული სამხედრო კონტინგენტის უკეთ მომზადების მიზნით და არა ვინმეს გასაბრაზებლად.
თენგიზ ჩოჩუა