თბილისი, 10 მაისი — Sputnik. 2016 წლის სექტემბრიდან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უპილოტო საჰაერო ხომალდების — დრონების ექსპლუატაციის წესების შემოღებას გეგმავს.
ამისთვის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სპეციალურ ნორმატიულ აქტს შეიმუშავებს, სადაც გაწერილი იქნება უსაფრთხოების ის ნორმები, რომლებიც დრონების მფლობელებმა ან მომხმარებლებმა უნდა დაიცვან.
უპილოტო საფრენმა აპარატებმა საფრთხე არ უნდა შეუქმნან სამოქალაქო თვითმფრინავებსა და სხვა საფრენ ობიექტებს, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას — ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც დრონების გამოყენების სპეციალური წესების შემუშავება გახდა საჭირო, აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ახალი წესების შემუშავების შემდეგ შესაძლებელი გახდება დრონების გამოყენება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, სამართალდამცველი ორგანოები, ნავთობ-გაზსადენების მონიტორინგი, ინფრასტრუქტურის შემოწმება და სხვა.
თუმცა მანამდე, სანამ დრონების ფრენების მარეგულირებელი ნორმატიული აქტი ამოქმედდება, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უპილოტო საფრენი აპარატებით სარგებლობის რამდენიმე რეკომენდაცია გამოაქვეყნა.
მაგალითად, იკრძალება დრონების გამოყენება ქალაქებში, ქუჩებში, სკვერებში და მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. აკრძალულია დრონების გამოყენება აეროპორტებისა და აეროდრომების სიახლოვეს. უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო პორტებიდან 5,5 კილომეტრით უნდა იყოს დაშორებული.
გარდა ამისა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლების რეკომენდაციით, უპილოტო საფრენი აპარატები კარგი მეტეოროლოგიური პირობების დროს უნდა გამოიყენონ.
დრონების გამოყენების წესების შემუშავებაში ქართულ მხარეს საავიაციო უსაფრთხოების ევროპული სააგენტო (EASA) ეხმარებოდა.