თბილისი, 9 მაისი — Sputnik. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლს პატივი მიაგო და ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.
დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს მშვიდობისთვის. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავიხსენოთ ისინი და პატივი მივაგოთ მათ ამაგს ქვეყნის წინაშე“, — განაცხადა ნარმანიამ.
ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს 9 მაისი დილიდან მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებმა, მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის პრემიერის სახელით საზეიმო სადილი მოეწყობა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანები 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახები — 300 ლარს. გასულ წელს ეს დახმარება 1000 ლარს შეადგენდა.
საქართველოში სულ 1296 ვეტერანი ცხოვრობს.