თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა კვირას დაადასტურა, რომ ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა დათხოვილია. ახალი შემადგენლობის არჩევნები 2 ივლისს დაინიშნა, აღნიშნულია ტერნბულის პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში.
„გენერალ-გუბერნატორმა მიიღო ჩემი რეკომენდაცია ხვალ დილით პარლამენტის ორივე პალატის დათხოვნასთან და არჩევნების 2 ივლისს დანიშვნასთან დაკავშირებით“, — აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში, იუწყება სააგენტო Sputnik.
მანამდე ტერნბული აცხადებდა, რომ მზადაა, დაითხოვოს ქვეყნის პარლამენტი, თუ მთავრობის მიერ შეთავაზებულ ორ კანონპროექტს არ დაამტკიცებს. ერთ-ერთი კანონპროექტი პროფკავშირების საქმიანობის წინააღმდეგ არის მიმართული. მეორე კანონპროექტის თანახმად, უნდა აღდგეს მშენებლობისა და მრეწველობის ავსტრალიური კომისია.