ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის მაგია და საიდუმლო...

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

როგორ მიყვარს ის განსაკუთრებული დღეები, როდესაც ჩვენს აივანზე გასვლის წინ ცოტა ვნერვიულობ და ვიბნევი… 

ალბათ, მაინც ფრიდრიხ შილერის ცნობილ ფრაზას მოვიხმარ — „იყავი დარწმუნებული საკუთარ თავში და შენ დაარწმუნებ მთელ მსოფლიოს!“… დედოფლური ჟესტით გამოვაღებ ჭრიალა კარს და მედიდური სვლით მივუახლოვდები თბილისზე გადმოსახედ წერტილს…  შემდეგ მივიღებ ჰიმნის შესრულებისთვის საზეიმო პოზას და იმავე შილერის ცნობილ „სიხარულის ოდაზე“ შექმნილ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ფინალურ ნაწილს შევასრულებ, თანაც, აუცილებლად უნდა ამყვეთ…

რადგანაც  1972 წელს სწორედ ეს უკვდავი მუსიკა (თანამედროვეობის უდიდესი დირიჟორის, ჰერბერტ ფონ კარაიანის საორკესტრო არანჟირებით) ევროკავშირის ჰიმნად იქნა აღიარებული…. ხოლო ზუსტად დღევანდელ დღეს, 1824 წლის 7 მაისს, ვენაში შედგა დიდი ბეთჰოვენისმე-9 სიმფონიის პრემიერა…

სიმფონია ბეთჰოვენს შეუკვეთა ლონდონის ფილარმონიულმა საზოგადოებამ. კომპოზიტორმა  სიამოვნებით მიიღო წინადადება და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა ევროპაში ყველაზე ცნობილი შემრულებლებისთვის მუსიკის შექმნა. ცოტა ხანში ის ისე ჩაეფლო მუშაობაში, რომ სრულებით განცალკევდა და არავის იღებდა უახლოესი მეგობრების გარდა…

პრემიერის დღეს ვენის თეატრის  დარბაზი გავსებულიიყო… სამწუხაროდ, ბეთჰოვენი დამოუკიდებლად ვერ დირიჟორობდა, რადგანაც  ჯერ კიდევ  სიმფონიის შექმნამდე საბოლოოდ დაკარგა სმენა… ამიტომაც მას ეხმარებოდა მისი კოლეგა და მეგობარი, მიქაელ უმლაუფი, რომელიც ფაქტიურად სუფლიორის როლს ასრულებდა, ოღონდ ჟესტებით… კომპოზიტორი  ძალიან ნერვიულობდა, რადგანაც პირველად ისტორიაში,  სიმფონიურ ნაწარმოებში ინსტრუმენტებთან ერთ დონეზე ადამიანის ვოკალი ჩასვა…თვითმხილველების მონაყოლით, წარმოდგენა  ტრიუმფით დასრულდა…  იმ დროს იმპერატორის მისასალმებლად, მიღებული იყო ტაშის სამჯერ დაკვრა, მაესტროს კი ტაში 5-ჯერ დაუკრეს და გაჩერდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიციამ სიჩუმისკენ მოუხმო… აღსანიშნავია, რომ როდესაც სიმფონია დასრულდა, ბეთჰოვენმა  გააგრძელა დირიჟორობა და მხოლოდ იმის შემდეგ რაც ალტისტმა ანიშნა, შეჩერდა და შემობრუნდა მაყურებლისკენ, რომ მიეღო დარბაზის მქუხარე ოვაციები და აღიარება…

ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას მაგიურს უწოდებენ, რადგანაც ეს მისი ბოლო სიმფონია იყო, მე-10 სიმფონიის წერისას კი იგი გარდაიცვალა… შემდეგ კი ექსპერტებმა   ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ბეთჰოვენის შემდეგ, ბევრი კომპოზიტორი, მე-9 სიმფონიის დაწერის შემდეგ კვდებოდა…  ასე მოხდა  ანტონ ბრუკნერის,  ფრანც შუბერტის, ანტონინ დვორჟაკის შემთხვევაში. მოგვიანებით, ამ „სიას“ ალფრედ შნიტკეც დაემატა… ამ მოვლენას „მე-9 სიმფონიის ბოროტი მაგიაც“ კი უწოდეს…  რატომღაც არა მგონია, რომ ასეთი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით სადღეასასწაულო და სასიხარულო მუსიკა რაიმე კავშირში იყოს ნეგატიურ მოვლენებთან… მითუმეტეს, რომ იაპონლებს, რიმელთა სიბრძნესაც და ინტუიციას სავსებით ვენდობი, ტრადიციად აქვთ ახალი წლის წინ სწორედ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას მოსმენა…

მე კი, პირადად აღმოვაჩინე 2 დამთხვევა (არ დამავიწყდეს საავტორო  უფლებების დაფიქსირება)… მე-9 სიმფონიის დაბადების დღეს, ასევე 7 მაისს, ოღონდ 9 წლის შემდეგ, ჰამბურგში დაიბადა იოჰანეს ბრამსი რომლის პირველ სიმფონიას, მისი სიძლიერის გამო, ბეთჰოვენის მე-10 სიმფონია შეარქვეს… 

გარდა ამისა, ლუკ ბესონის ცნობილ ფილმში „ლეონი“,რომელშიც ნარკომანი პოლიციელის როლს ასრულებს გერი ოლდმენი, ის მუდმივად უსმენს სწორედ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას. „ლეონის“  შემდეგი ფილმი კი მსახიობის კარიერაში სრულიად  „შემთხვევით“ აღმოჩნდა  ბერნარდ როუზის დრამა „უკვდავი შეყვარებული“, სადაც ის ბეთჰოვენის როლს ანსახიერებს…

ბეთჰოვენის მე-9სიმფონია ლეიტმოტივად მიჰყვება სტენლი კუბრიკის ცნობილ ტრილერს „,მექანიკური ფორთოხალი“, ასევე ამ სიმფონიის თემაზეა შექმნილი ალესანდრო ბარიკოსის ფილმი „21 ლექცია“… 

2003 წელს, მე-9 სიმფონიის პარტიტურა  სოთბის აუქციონზე 3,48  მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა… ხოლო კომპანია  Philips-მა კომპაქტ დისკების სტანდარტად (ეტალონად) სწორედ ამ სიმფონიის ხათრით მიიღო არა 11.5, როგორც ადრე ჰქონდა განსაზღვრული, არამედ 12 სმ-იანი დიამეტრი, რომ მასზე დატეულიყო ბეთჰოვენის უკვდავი ქმნილება…

მე და თქვენ კი დილიდანვე, როგორც ქართველებმა და მაშასადამე ევროპელებმა, ევროკავშირის ჰიმნიც შევასრულეთ…  ახლა თქვენ აღარ შეგაწუხებთ და ბოლოს, როგორც ჩემმა უსაყვარლესმა კომპოზიტორმა, ჯუზეპე ვერდიმდაგვიბარა, თავს დაბლა დავხრი ლუდვიგ ვან  ბეთჰოვენის გენიას წინაშე…

თქვენ კი გისურვებთ  ბედნიერ და ხალისიან დასვენების დღეებს!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0