ქართველი, ვის სიმღერასაც ინტერნეტში 9 მილიონი ნახვა აქვს

© FB/Soso Mikeladzeსოსო მიქელაძე
სოსო მიქელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მომღერალი, რომლის საავტორო სიმღერამ „მე და შენ“ ვირტუალურ სამყაროში, შეიძლება ითქვას, ფურორი მოახდინა სოსო მიქელაძე გახლავთ.

დღეს მის სიმღერას თითქმის ყველგან გაიგონებთ, მასებმა იგი ერთბაშად აიტაცეს. როგორც თავად გვითხრა, ამგვარი აღიარებით მისი ათწლეულების შრომა, სწავლა, უამრავი მუსიკალური და პოეტური ექსპერიმენტი დაფასდა. რა გზა გაიარა სოსო მიქელაძემ პოპულარობამდე ამას მასალიდან შეიტყობთ.

- სოსო, თქვენს შემთხვევაშიც ისე მოხდა, როგორც ფილმებში ან რომანებშია — ერთ მშვენიერ დღეს პოპულარულმა გაიღვიძეთ, მაგრამ რა იყო იმ ერთ დღემდე?

— იცით, სინამდვილეში პოპულარობა ერთ დღეში არ მოსულა. ეს რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესი იყო. ჩემმა სიმღერამ „მე და შენ“ გამოსვლიდან, ანუ 2015 წლის 1 სექტემბერიდან პოპულარობის პიკს ამა წლის თებერვალ-მარტში მიაღწია. გამოგიტყდებით, ძველი ოცნების ასრულების განცდა სასიამოვნო იყო. ის, რაც წლების განმავლობაში იგეგმებოდა, რაზეც ხშირად ვფიქრობდი და რასაც ველოდი, ამ ყველაფრის ხორცშესხმა უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში მოხდა. რა იყო პოპულარობამდე? დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ თელავში. ძალიან მიყვარს ჩემი პატარა, უძველესი, ერთ დროს სატახტო, მეფე ერეკლეს II-ის ქალაქი. ჩემს ძირითად საქმიანობას ბოლო დრომდე წარმოადგენდა საკმაოდ ფართო თემატიკის ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები (პიროვნული განვითარება, ქოუჩინგი, ბიზნესი, კომუნიკაცია, ლიდერობა და სხვა). ადრეული ბავშვობიდან ჩემი საყვარელი საქმე მუსიკა იყო. დავამთავრე თელავის N2 მუსიკალური სკოლა კლასიკური გიტარის განხრით. შესანიშნავი პედაგოგის, ბატონ პავლე დემურიშვილის ხელმძღვანელობით ვუკრავდი ალბენისის, ტარეგას, მანუელ დე ფალიას, ბახის და სხვა დიდი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. საკმაოდ რთული პროგრამა ავითვისე. საშუალო სკოლის დამთავრებამდე სოლო-კონცერტებს ვატარებდი. გიტარა მართლაც გენიალური ინსტრუმენტი და დიდი მასწავლებელია!..

-სოსო, სიმღერების გარდა ქართულ და რუსულ ენებზე ლექსებსა და მოთხრობებს წერთ…

— ლექსებს და მოთხრობებს ორ ენაზე 1994 წლიდან ვწერ. საავტორო სიმღერებს კი — 1996 აპრილიდან ვქმნი. პირველი საავტორო საღამო ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩავატარე. გამოდის, რომ 20 წელი შესრულდა, რაც ჩემი პოეზია და სიმღერები ფართო სამსჯავროზე გამოვიტანე. შემიძლია ვთქვა, რამდენიმე სიმღერა იმ ძველი რეპერტუარიდან კვლავაც სასიამოვნოდ და აქტუალურად ჟღერს. ამიტომ ვგეგმავ, რომ ისინი მომავალ ალბომში შევიტანო. შემდეგ იყო ხანგრძლივი პაუზა და ახალგაზრდული იმედგაცრუება იმის გამო, რომ წარმატება ერთბაშად და მალე არ მოვიდა. თუმცა საავტორო მუსიკას რამდენიმე წლის მერე კვლავ მივუბრუნდი და საშემსრულებლო ოსტატობის დახვეწას შევუდექი. ეს მართლაც დიდი და თავდაუზოგავი შრომა იყო. აქტიურად ვსწავლობდი სხვადასხვა მომღერლის თუ ჯგუფის (ამერიკელის, ბრიტანელის, რუსის, ქართველის და ა.შ.) საშემსრულებლო მანერას, წერის და თვითგამოხატვის ტექნიკას, ვმღეროდი ე.წ. „ქავერებს“, ვამუშავებდი სიტყვის და ლექსის ფლობის უნარებს, საავტორო კონცერტებს ვაწყობდი. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია განვაცხადო, რომ საკუთარი მოწოდებისადმი თავდადებამ, ზოგჯერ მეტისმეტმა თვითკრიტიკამ, უკეთესობისაკენ სწრაფვის მცდელობამ ჩემი საშემსრულებლო ოსტატობა თანდათან უფრო დახვეწა. ჩემს დღევანდელ წარმატებაში სწორედ ამგვარ ლოგიკას ვხედავ. ახლა უკვე მყავს გულშემატკივრების არც თუ ისე მცირერიცხოვანი წრე, რომელიც სიახლეებს ჩემგან ინტერესითა და ერთგულად ელის და იღებს.

- დავაკონკრეტოთ, რომ გულშემატკივრების “მცირერიცხოვან“ წრეში 9 მილიონი ადამიანი იგულისხმება… რა და როგორ შეცვალა თქვენში პოპულარობამ?

— კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმ გარემოებას, რომ ეს არ იყო ერთი დღე, ან დროის რაღაც მოკლე შუალედი. ეს იყო ინტერესის ზრდის, პოპულარობის თანდათანობითი აღზევების რამდენიმე თვიანი პერიოდი. მაგალითად, კარგად მახსოვს, რომ 2015 წლის სექტემბრის თვეში სიმღერას „მე და შენ“, რომელიც youtube-დან გავრცელდა- სულ რაღაც 40 ათასამდე ნახვა ჰქონდა. ოქტომბრიდან კი „მე და შენ“ რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში დატრიალდა. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას…შემიძლია ვთქვა, რომ ამ სიმღერის წარმატების შედეგად სიამოვნების, სამართლიანობის, ტრიუმფის განცდა მოვიდა. ყველაზე სასიამოვნო, რა თქმა უნდა, ათასობით უცნობი ადამიანის რეაქცია იყო, რომლებიც პირადად არ მიცნობდნენ, შესაბამისად, ყველაზე უფრო მიუკერძოებლები და ობიექტურები აღმოჩნდნენ. 

- ერთი სიმღერით პოპულარული, მექსიკელი კონსუელა ველასკესი მახსენდება, რომელსაც “ბესამე მუჩოს“ გარდა არაფერი დაუწერია- იმედია, თქვენ შემთხვევაში ასე არ იქნება… 

— ვფიქრობ, სიმღერა „მე და შენ“ საკმაოდ პოპულარულია დღეს და პოპულარული ქართულ რეალობაში კიდევ კარგა ხანს იქნება. რაც უნდა იყოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი შემოქმედებითი წვა გარკვეულ ნიშნულზე გაიყინება. გასულ დეკემბერს გამოვიდა ჩემი სიმღერა „მარიამი“, რომელიც მარტში და აპრილში რადიო „არ დაიდარდოს“ ტოპ-სამეულში იყო. მაისის დასაწყისში გავუშვი ახალი სიმღერა „მიყვარხარ“, რომელსაც სიყვარულით „მე და შენ —2“ ვუწოდებ. რატომ? ამ სიმღერაში გადმოცემულია სულისკვეთება, რომელიც მსმენელს ასე ძალიან მოსწონს და უყვარს სიმღერაში „მე და შენ“. ასე რომ, აუცილებლად გვექნება მრავალი ახალი, გემოვნებიანი, დახვეწილი სიმღერა. ამ წლის ბოლოსთვის ვგეგმავ ალბომის გამოშვებას, ჩემს მიერ დაწერილი წიგნის „ლიდერის დღიურის“ გამოცემას, საავტორო კონცერტების სერიას. სიმღერა „მე და შენ“ 2012 წლის მაისში დავწერე საავტორო კონცერტისთვის „დამშვიდობება გაზაფხულთან“. ბოლოს, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ ადამიანს, ოჯახის წევრებიდან დაწყებული მეგობრებითა და მუსიკოსებით დამთავრებული, რომლებიც ამ საერთო გამარჯვების მოპოვებაში გვერდით მედგნენ.


ყველა ახალი ამბავი
0