თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსულტაციებს ატარებს სომხეთში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნის თაობაზე.
სომხეთში საქართველოს ელჩის თენგიზ შარმანაშვილის უფლებამოსილება მიმდინარე წლის აპრილში ამოიწურა. იგი ამ თანამდებობას 2011 წლის აპრილიდან იკავებდა.
„ამჟამად სომხეთში ელჩის მოვალეობას დესპანი მალხაზ მალაშხია ასრულებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო პროცედურებს ატარებს ახალი ელჩის დასანიშნად. ორ კვირაში ეს არ გადაწყდება, ამას დრო სჭირდება“, — ციტირებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს მარი ნარჩემაშვილს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავი შეიკავა სომხეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის სავარაუდო კანდიდატების დასახელებისაგან.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. მხარეები თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, განათლება და სხვა.