თბილისი, 6 მაისი — Sputnik. „ევროვიზია 2016“-ზე ქართველი მუსიკოსების ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz გამოსვლისას სცენის გაფორმება ევროპული სცენისთვის ინოვაციური იქნება, მიიჩნევენ უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც კონკურსს აშუქებენ.
წელს, ისევე, როგორც გასულ წელს, ქართველი კონკურსანტების ნომრის სცენური გაფორმებით შვედი სცენოგრაფი საშა ჟან-ბატისტია დაკავებული.
როგორც ქართველი შემსრულებლების პირველ რეპეტიციაზე მყოფი ჟურნალისტები აღნიშნავენ, მაყურებელი ქართველების გამოსვლის დროს სარკის ეფექტს და უზარმაზარ ეკრანზე ჯგუფის წევრების გამოსახულების დუბლირებას იხილავს.
„მოქმედება სცენაზე ეკრანზე ნაჩვენები იქნება დაჩქარებული გადაღების კადრებისა და გადიდების მეშვეობით, მოელვარე ცეცხლითა და ანიმაციით, რაც ფსიქოდელიურ სახეს შექმნის, რომელიც დროდადრო კალეიდესკოპს მოგვაგონებს.
შოუს ბოლოს ასევე გამოყენებული იქნება პიროტექნიკური სპეცეფექტი.
ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz-ი სიმღერით Midnight Gold კონკურსის მეორე ნახევარფინალში მე-16 ნომრად 12 მაისს გამოვლენ. ბექ-ვოკალს ცნობილი შვედი მომღერალი ლარს სეფსუნდი შეასრულებს.
ფინალი 14 მაისს გაიმართება. ფინალში საუკეთესო ოცეულს შეუერთდებიან მასპინძელი — 2015 წლის გამარჯვებული ქვეყანა და „დიდი ხუთეული“ (კონკურსის დამფუძნებელი ხუთი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი).
კონკურსის ფინალისა და ორი ნახევარფინალის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს (თბილისის დროით 23:00 საათზე).
ჯგუფი Young Georgian Lolitaz-ი (YGL) 2000 წელს დაარსდა. მასში ოთხი წევრია — ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი. მუსიკოსებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არაერთ სხვადასხვა როკ-ფესტივალში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
„ევროვიზია 2016“ სტოკჰოლმში Globe Arena-ს სცენაზე გაიმართება. კონკურსის გამართვის უფლება შვედეთს გასულ წელს მომღერალმა მონს ზელმერლევმა მოუტანა. წელს კონკურსში 42 ქვეყანა მონაწილეობს.