ჯორჯ კლუნი: ქალი მუდამ უნდა გრძნობდეს, რომ ვიღაცას უყვარს...

ჯორჯ კლუნის და ამალ ალამუდინის ქორწილი
ჯორჯ კლუნის და ამალ ალამუდინის ქორწილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს დილიდანვე და, სხვათა შორის, ძალიანაც დროულად ამეკვიატა სტროფი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოეტის მორის ფოცხიშვილის ლექსიდან: 

„ახლა ყველაფერი უკვე გვიანია…

მორის ფოცხიშვილი ცოლ-შვილიანია“…

დიახ, დღეს რომ ორი წლის წინანდელი დილა მაინც ყოფილიყო, ისეთი გაპრანჭული გამოვიდოდი ჩვენ აივანზე… მზე თვალებს მოჭუტავდა და ბრმად მომაწვდიდა ნარგიზისფერ სხივს… მემაწვნე იოსებს მოულოდნელობისგან ხელიდან ქილა გაუვარდებოდა, თქვენ კი ვერ მიცნობდით და მკითხავდით: „აქ ერთი მაღალი, გამხდარი და ლაბრადორიანი ქალი ხომ არ გამოჩენილა, დილაობით რომ დაბორიალობს?“

მაგრამ… ახლა ყველაფერი უკვე მართლაც გვიანია, რადგან ჩვენი იუბილარი, რომელიც ზუსტად ამ დღეს, 1961 წლის 6 აპრილს დაიბადა კენტუკის შტატის ქალაქ მეისვილში და რომელსაც სრულიად უშედეგოდ დასდევდნენ მთელი მსოფლიოს ქალები, უკვე დაქორწინდა…

ეს გახლავთ ელეგანტური, ოდნავ გაუპარსავი და მომხიბვლელი ექიმი და „ბეტმენი“ ჯორჯ კლუნი… სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის ნახევარდის შვილიშვილი მე-4 თაობაში!

ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ კლუნის, რომლის დედა სილამაზის რამდენიმე კონკურსში გამარჯვებული გახლდათ და რომელსაც ის გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა, როდესმე ჰქონოდა პრობლემა გარეგნობასთან დაკავშირებით… თუმცა ის დღემდე გულისტკივილით იხსენებს, რომ ბავშვობაში გადაიტანა ე.წ. „ბელას დამბლა“ და გარკვეული დროის განმავლობაში სახის ნახევარი გაშეშებული ჰქონდა, ხოლო თვალი დახუჭული, რის გამოც მას ბავშვები „ფრანკენშტეინს“ ეძახდნენ. კლუნის თქმით, ეს იყო ერთადერთი ძალიან მძიმე პერიოდი მის ცხოვრებაში… 

საინტერესოა, რომ ცნობილმა გრაფოლოგმა, ანუ სპეციალისტმა, ვისაც ხელწერით ადამიანის ხასიათის გამოცნობა შეუძლია, დიდი ხნის წინ უთხრა კლუნის, რომ ის ბევრს მიაღწევდა ცხოვრებაში, რადგან ძალიან მიზანდასაახული და თავის თავში დარწმუნებულია, ხოლო მისი ხელის მოწერა იმდენად მაღლა ატყორცნილი ხაზით სრულდება, რომ მას ვერაფერი და ვერავინ მოერევა. თანაც, ყველაფერ ამასთან ერთად, კლუნი ნებისმიერ სიტუაციასთან ადაპტაციის ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული. 

სხვათა შორის, ერთხანს ძალიან გატაცებული ვიყავი გრაფოლოგიით და მინდა გირჩიოთ, ხელის მოწერის დროს ეცადეთ ბოლო შტრიხს ყოველთვის აღმავალი მიმართულება მისცეთ. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს გარკვეულწილად ხელს უწყობს თქვენ ირგვლივ დადებითი აურის შექმნას…

თავად კლუნის რწმენით კი მას ყოველთვის მფარველი ანგელოზი იცავს და სწორედ ამიტომ მთელი მისი ცხოვრება „ერთი გრძელი და დაუსრულებელი დღესასწაულია“. ვფიქრობ, ასეთი ოპტიმისტური განწყობა უკვე წარმატების საწინდარია.

ჯორჯ და ამალ კლუნი ბერლინის კინოფესტივალზე
ჯორჯ და ამალ კლუნი ბერლინის კინოფესტივალზე - Sputnik საქართველო
ჯორჯ და ამალ კლუნი ბერლინის კინოფესტივალზე

ჯორჯ კლუნის პირველივე სერიოზულმა, ექიმი დაგროსის როლმა სერიალში „სასწრაფო” მას საყოველთაო აღიარება მოუტანა, რასაც მოჰყვა მისი დენი ოუშენი ფილმიდან „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“ (შემდგომში მეგობრების რიცხვის ორჯერ თითო-თითოს დამატებით), ბობ ბარნსი ფილმიდან „სირიანა“ (რომელშიც მსახიობმა „ოსკარი“ მიიღო), მეტ კინგი „შთამომავლებიდან“, რეჟისორი „სახიფათო ადამიანის აღიარებიდან“ და ბევრი სხვა…

ამბობენ, რომ ჯორჯს აქვს არაჩვეულებრივი ადამიანური ხიბლი, მასთან ურთიერთობა არის დიდი საიმოვნება, თუმცა, ბრედ პიტის შეფასებით, კლუნის ისე უყვარს გადაღების დროს პარტნიორების „გათამაშება“, რომ მასთან ერთ გადასაღებ მოედანზე ყოფნა ზოგჯერ სახიფათოცაა — „კაცმა არ იცის, როდის რა აგიფეთქდება და რომელი კარის გაღებისას დაგეცემა თავზე წყლით სავსე ვედრო…“

ჯორჯ კლუნი ქალების ინტერესისა და სიყვარულის მუდმივი ობიექტი იყო. მას ჰქონდა რომანები ჰოლივუდის ბევრ მშვენიერ ქალბატონთან. თანაც, მისი თქმით, ქალში ის ყველაზე მეტად იუმორის გრძნობას აფასებს და თავის პირველ შეყვარებულს კელი პრესტონს გოჭი, სახელად მაქსი აჩუქა. კელიმ ხუმრობა ვერ გაიგო და მიატოვა ჯორჯი… მინდოდა დამემატებინა, მერე ინანა-მეთქი, მაგრამ თავს ვიკავებ, რადგან ცოტა ხანში ის ჯონ ტრავოლტას გაჰყვა ცოლად. კლუნის კი შერჩა გოჭი მაქსი, რომელივ 18 (!) წელი ცხოვრობდა მის სახლში, დაჰყვებოდა არაოფიციალურ ღონისძიებებზე და როდესაც ის მოკვდა, კლუნისთვის ეს ნამდვილი ტრაგედია გახდა… 

მშვენიერმა მიშელ პფაიფერმა ორჯერ წააგო კლუნისთან საკმაოდ სოლიდური ნაძლევი, როდესაც კლუნიმ 40 და 50 წლის ასაკს უცოლოდ გადააბიჯა. მაგრამ 2014 წელს მსახიობმა შემთხვევით გაიცნო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული იურისტი, WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟისა და იულია ტიმოშენკოს ადვოკატი, აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს პირველი ლათინოამერიკელი წევრი, ბაჰრეინის მეფის და გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის მრჩეველი, წარმოშობით ლიბანელი ამალ ალამუდინი. ამბობენ, რომ ამალი თავისუფლად საუბრობს 4 ენაზე — ფრანგულზე, ინგლისურზე, არაბულსა და… მოდის ენაზე. ყველაფერთან ერთად ის არაჩვეულებრივად მომხიბვლელი და სულ სხვანაირად დახვეწილი ქალბატონია. მათ ერთმანეთი გაიცნეს აპრილში, სექტემბერში კი, სხვათა შორის, კლუნის დაჟინებული მოთხოვნით, ხელიც მოაწერეს…

ამალმა მეუღლის გამო თავი დაანება სიგარეტს, მაგრამ, ამბობენ, ჯერჯერობით ახალი გოჭის შესაძენად მზად არ არისო… თუმცა მეუღლეებმა ძაღლი უკვე შეიძინეს… და, ვინ იცის, ყველაფერი რაღაცით იწყება… 

გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დღეს!


ყველა ახალი ამბავი
0