თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტმა ნომინაციაში „ელექტრონული სამეცნიერო მოღვაწეობა“, ინფორმაციული საზოგადოების საკითხებზე ჟენევაში გამართულ ყოველწლიურ მსოფლიო სამიტზე გაიმარჯვა.
საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის ავტორია ინსტიტუტის უშტატო თანამშრომელი ნინო დემეტრაშვილი და მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი ედვინ ვან დენ ჰიუველი. მათ ერთად დაწერეს სპეციალური მათემატიკური ფორმულა ადამიანის გენეტიკაში მემკვიდრეობითი ნიშნების გამოსათვლელად.
„ეს ნაშრომი მე ინსტიტუტის სახელით წარმოვადგინე…მოცემული პროგრამული უზრუნველყოფით ადამიანის გენეტიკაში მემკვიდრეობითი ნიშნები გამოითვლება. იგი (პროგრამა — რედ. შენ.) სასარგებლო იქნება ინჟინრების, მედიცინის მუშაკებისა და გენეტიკოსებისათვის“, — უთხრა Sputnik-ს ნინო დემეტრაშვილმა.
სამიტი 2-დან 6 მაისამდე მიმდინარეობს. დემეტრაშვილმა ვერ შეძლო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მიღება, ამიტომ მისი ჯილდო ჟრნრვაში მყოფ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს გადაეცათ.
წლევანდელი სამიტი მთლიანად საზოგადოებაში საინფორმაციო-ტექნოკოგიური კომუნიკაციების თემას მიეძღვნა. სულ წარმოდგენილი იყო 311 ნაშრომი სხვადასხვა მიმართულებით.
ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტში, რომელიც 2003 წელს შეიქმნა, მონაწილეობენ როგორც მეცნიერები, ასევე კერძო და სახელმწოფო სექტორის წარმომადგენლები. ისინი ერთმანეთს ინფორმაციებს უცვლიან გამოყენებითი მათემატიკის სფეროში.