ეკა ქუთათელაძის ახალგაზრდობის ელექსირი

© ე. ქუთათელაძის პირადი არქივიმსახიობი ეკა ქუთათელაძე
მსახიობი ეკა ქუთათელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს უმშვენიერეს ქალბატონს, ნიჭიერ მსახიობს, სამი შვილის დედას და რვა შვილიშვილის ბებიას, ეკა ქუთათელაძეს 60 წელი შეუსრულდა.

იყო დრო, როცა ეკა ქუთათელაძისა და რეზო ჩხიკვიშვილის პოპულარული დუეტი რუსთავის თეატრის სპექტაკლში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ ქუხდა. ტელეგადაცემებში ხშირად ნახავდით ნაწყვეტებს ამ წარმოდგენიდან. მაყურებელს  ეკა ქუთათელაძის გმირის წმინდა, სპეტაკი გრძნობები მოსწონდა. მშვენიერი გარეგნობის მსახიობს თეატრში და კინოში როლები არ მოჰკლებია, მაგრამ 90-იან წლებში საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა ამბებმა, სიცოცხლით სავსე ცხოვრება უმრავ ადამიანს გაუმრუდა. ბევრი შეეწირა, ბევრმაც იბრძოლა და თავი გაიტანა. დღეს ეკა ქუთათელაძე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეტყველების პედაგოგია და მისი ხელწერა სტუდენტების სადა, ზომიერი და აზრით გაჯერებული ფრაზების წარმოთქმით გამოიხატება, რომელიც ახალგაზრდას საკუთარ მეს არ უკარგავს, ფანტაზიას უღვივებს და აზროვნებას აჩვევს.

- ქალბატონო ეკა, ისეთ დღეს არის თქვენი დაბადების დღე, როცა დარაბებს მიღმა ნამდვილი გაზაფხულია. დღეს 60 წელი შეგისრულდათ, ასაკსაც არ მალავთ. წლების მატებას როგორ ეგუება ქალი? 

— ამდენი წლის ვარ? არა მგონია… როგორ სწრაფად გარბის დრო. ძალიან ბევრი დამრჩა გასაკეთებელი, ბევრ რამეზე გული მწყდება, მაგრამ ადამიანი მაინც წინ მიიწევს! უნდა ვთქვა, რომ „ჩემი წლები, ჩემი სიმდიდრეა“ (იცინის).

- თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან ბევრი დაგრჩათ გასაკეთებელი და რა იგულისხმეთ?

— ჩემი საოცნებო, განუხორციელებელი როლები. ახალგაზრდობაში ბევრი გმირის თამაში შეგიძლია, ხანდაზმულ ასაკში არა, იმიტომ რომ ბევრი როლი არ არის დაწერილი. მაგრამ მე  ხანდაზმული არ ვარ. ადრე სულ მეცინებოდა, როცა ამბობდნენ: „გული არ ბერდება!“ ახლა ვხვდები, რომ მართლაც არ ბერდება. 20 წლის, რომ ვიყავი 40 წლის ქალზე ვფიქრობდი: „ამას რაღა სჭირდება…“ 40 წლის, რომ გავხდი: „აუუ! 60 წლის ქალი?“ ახლა მე ვარ 60 წლის და ალბათ ასე ვიფიქრებ: „80 წლის ქალი?“ ღმერთმა მიმიყვანოს 80 წლამდე, მაგრამ გული თურმე მაინც არ ბერდება. ყველაფერი მიხარია: გათენება, მზის ამოსვლა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ლამაზი მთვარე, ახალი კვირტი, ყვავილის კოკორი, ბავშვების ჟრიამული — აი, ეს არის ბედნიერება! 

© ე. ქუთათელაძის პირადი არქივი"დარაბებს მიღმა გაზაფხულია"
დარაბებს მიღმა გაზაფხულია - Sputnik საქართველო
"დარაბებს მიღმა გაზაფხულია"

- მითუმეტეს თქვენს დაბადების დღეზე, ეს ყველაფერი შესამჩნევია: მზე, იასამანი, ზამბახები, ვარდები…

— ჰო, ძალიან მიყვარს ყვავილები, მაისს ხომ ვარდობის თვე ერქვა და მე მგონია, რომ სიხარულისა და სიყვარულის თვეა! თუმც წელიწადის ყველა დროს, ისევე როგორც ასაკს, თავისი ხიბლი აქვს. პატარა გოგოს სულ სხვა სიხარული აქვს; წამოიზრდები, პირველი სიყვარული გეწვევა და სხვანაირი ხდები; მერე შვილები გმატებენ განსაკუთრებულ სიხარულს, მერე შვილიშვილები გახალისებენ. 

- ქალბატონო ეკა, მე გიცნობთ, როგორც პოეტური სულის ადამიანს, მაგრამ ძალიან ხშირად გამოგიმჟღავნებიათ იუმორი. 

— იუმორის გარეშე ჩვენი ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა. გვერდიდან თუ არ შეხედე შენ თავს და ცოტათი თუ არ შეაფერადე, მაშინ ძალიან გაგიჭირდება. 90-იან წლებში რა არ გადავიტანეთ, არა? იმდენი გვიძახეს  - თქვენ ომი არ გინახავთო, რომ ვნახეთ და ათასი უბედურება გადაგვხვდა თავს. არ დამავიწყდება პურის რიგები, შიმშილი… ერთ ოთახში სანთლის შუქზე ვისხედით ყველა ერთად… შეშის ღუმელი დავდგით და მარტო ჩემი ოჯახი კი არა, მეზობლებიც თბებოდნენ, ლოტოს ვთამაშობდით, ვმღეროდით და შუქის ანთებას „ვაშა!“-ს ძახილით ვხვდებოდით. ის სიდუხჭირე იუმორმა გადაგვატანინა.

- 90-იან წლების ამბები იყო ელდა. ახლა ყველაფერს შევეგუეთ, მაგრამ ეს სტაბილური სიდუხჭირე რომ გაგრძელდა, მაინც იუმორით უყურებთ ყველაფერს? ახლა სინათლეც არის და გაზიც, მაგრამ…

— დღეს ადამიანური ურთიერთობები გაცვდა. მაშინ იმ სიდუხჭირემ გაგვაერთიანა, ხალხი ერთმანეთის გატანას ცდილობდა. ახლა ყველა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და სითბოს ნაკლებად გასცემს. ადამიანმა სითბო უნდა გასცეს, რომ მერე უკან დაუბრუნდეს. 

- ქალბატონო ეკა, სამი შვილი გყავთ და რვა შვილიშვილი, რომელიმეს თუ გამოარჩევდით?

— ვერა, ვერაფრით… ყველა ერთნაირად მიყვარს და შვილიშვილების სახით, პრინციპში შემოქმედებითი ჯგუფი მყავს:  ხატავენ, ცეკვავენ, მღერიან, მორაგბეებიც კი არიან… ძალიან უყვართ ჩემთან მოსვლა და ყველა ერთად რომ შეიკრიბება, წარმოიდგინეთ რა ხდება! ახლა ორი ძაღლი მყავს: ერთი დიდი — გერმანული ნაგაზი და მეორე პატარა. ბავშვების ერთი ნაწილი ერთობა, მეორეს კი დიდი ძაღლის ეშინია… 

- თქვენი დაბადების 60 წლის თავზე, წარმოუდგენელია არ გამახსენდეს აღიარებული სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. თქვენი და ბატონი რეზო ჩხიკვიშვილის გმირებმა უამრავი ახალგაზრდა მიიზიდა… ახლაც გცნობენ, ქალბატონო ეკა?

© Photo: courtesy of Eka Kutateladzeეკა ქუთათელაძე
ეკა ქუთათელაძე - Sputnik საქართველო
ეკა ქუთათელაძე

— მიკვირს, მაგრამ მაინც მცნობენ. რამდენიმე დღის წინ სამარშრუტო ტაქსში ერთმა ქალბატონმა მკითხა: თქვენ, ხომ მსახიობი ხართ? მე დავეთანხმე და გამიკვირდა — როგორ არ დავავიწყდი? მას ალბათ თავისი თავი გაახსენდა, ახალგაზრდობა გაახსენდა და ისიც, რა ბედნიერები იყვნენ მაშინ, ბევრი წლის წინ, როგორ დადიოდნენ სპექტაკლებზე და რა სიამოვნებას იღებდნენ. 

ერთხელ, ზამთარში სამარშრუტო ტაქსის მძღოლს სტალინის გვერდით ჩემი ფოტო ჰქონდა მიმაგრებული. დავინახე და შევცბუნდი. შეუმჩნევლად მინდოდა ჩასვლა, პალტოს საყელოში თავი ჩავყავი, მაგრამ წამოიძახა: „ეს თქვენ ხართ?“ მერე მგზავრებს გასძახა: „ეს იცით ვინ არის? შეხედეთ ამ სურათს, რა დამავიწყებს თქვენ თვალებს!“ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი.

- ქალბატონო ეკა, 23 წელია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში  მეტყველებას ასწავლით. თქვენი ყოფილი სტუდენტები მუშაობენ მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, ახმეტელის და სხვა თეატრებში. ყველა დედა და ბებია ამაყობს თავისი შვილებით და შვილიშვილებით, მაგრამ სტუდენტები?.. წარმოდგენაზე, რომ მიბრძანდებით, გაქვთ თუ არა შენიშვნები?

— არა! მე ვარ მაყურებელი, რომელიც დიდ სიამოვნებას ღებულობს. როგორც დედას უყვარს თავისი შვილები, ისე მიყვარს ისინიც. კრიტიკული თვალით ვერ ვუყურებ. 

- ქალბატონო ეკა, დაბადების დღე განსაკუთრებულად უნდა აღნიშნოთ?

— არა! მინდა გავიპარო სადმე, ჩავჯდე მატარებელში და წავიდე. შარშან ასე ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა შვილებმა, რძალმა და სიძემ სიურპრიზი გამიკეთეს: მითხრეს — ჩაიცვი, საღამოს საქმეზე მივდივართო და უცებ გაუხვიეს რესტორანში, სადაც ყველა ჩემი მეგობარი დამხვდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი! მადლობა მათ და ყველას, ვისაც ვახსოვარ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0