თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz-ის ნომრის დროს, რომლებიც საქართველოს „ევროვიზია 2016“-ზე წარადგენენ, ბექ-ვოკალს ცნობილი შვედი მომღერალი ლარს სეფსუნდი შეასრულებს.
„შვედი მუსიკოსი მრავალი ცნობილი შემსრულებლის ბექ-ვოკალისტი იყო… ის ჯგუფების AOR Band, Work Of Art და Enbound-ის ფრონტმენია“, — აღნიშნულია კონკურსის ვებ-გვერდზე.
გარდა ამისა, სეფსუნდი „ევროვიზიაზე“ კვიპროსელ მუსიკოსებთან, ჯგუფ Minus One-თანაც გამოვა.
ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz სიმღერით Midnight Gold კონკურსის მეორე ნახევარფინალში მე-16 ნომრად 12 მაისს გამოვლენ.
მუსიკოსები პირველ რეპეტიციას Globe Arena-ს სცენაზე 5 მაისს ჩაატარებენ. ამის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება და ქართველი შემსრულებლები მასმედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხებენ.
9 მაისს შვედეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ნიკა კოჩაროვის & Young Georgian Lolitaz-ის მხარდასაჭერად მიღება გაიმართება. ღონისძიებას, შვედეთში მცხოვრები ქართველების გარდა, ჟურნალისტები, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები და ასევე საგანგებოდ მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.
სტუმრებს სამახსოვროდ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული საჩუქრები გადაეცემათ. ქართული ჯგუფი სპეციალურად მათთვის რამდენიმე სიმღერასაც შეასრულებს.
„ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალი 10 მაისს, მეორე კი 12 მაისს გაიმართება. ორივე ნახევარფინალის შედეგებით გაირკვევა კონკურსის ფინალისტების რიგითობა.
ფინალი 14 მაისს გაიმართება. ფინალში საუკეთესო ოცეულს შეუერთდებიან მასპინძელი — 2015 წლის გამარჯვებული ქვეყანა და „დიდი ხუთეული“ (კონკურსის დამფუძნებელი ხუთი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი).
კონკურსის ფინალისა და ორი ნახევარფინალის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს (თბილისის დროით 23:00 საათზე).
ჯგუფი Young Georgian Lolitaz (YGL) 2000 წელს დაარსდა. მასში ოთხი წევრია — ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი. მუსიკოსებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არაერთ სხვადასხვა როკ-ფესტივალში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
„ევროვიზია 2016“ სტოკჰოლმში Globe Arena-ს სცენაზე გაიმართება. კონკურსის გამართვის უფლება შვედეთს გასულ წელს მომღერალმა მონს ზელმერლევმა მოუტანა. წელს კონკურსში 42 ქვეყანა მონაწილეობს.