ხელისუფლებამ 11 მლნ ლარი გამოყო დამწყები ბიზნესმენების დასახმარებლად

© FB/Георгий Квирикашвили გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი
გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამწყები ბიზნესმენები მთავრობისგან დაფინანსებას გარანტიებისა და გირაოს გარეშე მიიღებენ. პირველ ეტაპზე ამ საქმისთვის 11 მლნ ლარია გამოყოფილი.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა იწყებს საინტერესო ბიზნეს–ინიციატივების დაფინანსების პროგრამას, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პროგრამა დამწყები ბიზნესმენების დაფინანსებას ითვალისწინებს ყოველგვარი გარანტიისა და გირაოს გარეშე. პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ინოვაციური წინადადება აქვს.

„დღეს ჩვენ დავამტკიცებთ დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტის მუშაობის ძირითად პრინციპებს, ხოლო ერთი თვის თავზე ეს ინსტიტუტი დაიწყებს ფუნქციონირებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პარკის შენობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გამომდინარე იქიდან, რომ იგი იძლევა საშუალებას, დამწყებმა ბიზნესმენმა და ასევე ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფისა და გირაოს გარეშე“, — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქართველოში პირველად ხდება ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია, რაც ქვეყანაში ინოვაციური პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს.
პირველ ეტაპზე პროგრამის განსახორციელებლად 11 მლნ ლარი გამოიყო, შემდეგ კი ბიუჯეტი 35 მლნ ლარამდე გაიზრდება.

პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. პრემიერის თქმით, პროცესში ასევე ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები.

ყველა ახალი ამბავი
0