ულამაზესი ქართველი ქალი, მისი აფრიკულ-გურული სიყვარული და ხელოვნება

© FB/ Sofo Barnoviსოფო ბარნოვი
სოფო ბარნოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იგი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა გარეგნული სილამაზე სულიერთან უნისონშია. ამას გარდა სოფო ბარნოვი ნიჭიერი ხელოვანია და ულამაზეს სამკაულებსა და ნივთებს ქმნის.

მინანქარი ჯერ კიდევ ბავშვობაში შეისწავლა. უყვარს ფერწერა, არქიტექტურა, გრაფიკა, ინტერიერის დიზაინი. პროფესიით ტექსტილის დიზაინერია და საიუველირო კუთხითაც მუშაობს. 

აკადემიაში სწავლის პერიოდში ბევრ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. გარდა საქართველოსი, გამოფენები იტალიასა და ესპანეთშიც ჰქონდა. დღეს მეუღლესთან, მუსიკოსსა და ტელეწამყვანთან, სამორ ბალდესთან ერთად ბრუკლინში ცხოვრობს. 

ნიუ-იორკში მისი ორი გამოფენაა დაგეგმილი. ამას გარდა სხვადასხვა არტ-პრომოუშენ კომპანიებისაგან, ასევე გალერისტებისა და დიზაინერებისგან ბევრი საინტერესო შემოთავაზება აქვს. სოფოს ამერიკაში დავუკავშირდით.

- სოფო, როგორც ქართულ გარემოში გაზრდილ ადამიანს, ყველაზე მეტად ამერიკულ ცხოვრებასა და ურთიერთობებში რა გაოცებთ?

— ნიუ-იორკში ჩემს გაოცებას ყოველდღიურად ახერხებს. ალბათ ვისაც აქ უცხოვრია, დამეთანხმება იმაში, რომ ეს ნამდვილად უნიკალური და გამორჩეული ქალაქია. ის ადგილია, სადაც რაღაც ახალი მუდმივად ხდება, რა სფეროშიც უნდა მოღვაწეობდე. რამდენადაც რთულია აქ ცხოვრება, იმდენად უამრავი შესაძლებლობისა და პერსპექტივის მომცემია, რასაც ან ვიყენებთ, ან არა. მაოცებს ის, რომ ბევრი არასწორი სტერეოტიპი და შეხედულება არსებობს. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ადამიანებს თავისი ქვეყანა ძალიან უყვართ და ყველა სახლზე ქვეყნის დროშა აქვთ. საკუთარ თავსა და ხელოვნებაზე საუბარი ცოტათი უხერხულია, თუმცა მახარებს ის, რომ ჩემი ნამუშევრები აქაურ დამთვალიერებელსაც მოსწონს. ვცდილობ, თავი ყველაფერს გავართვა და დრო სწორად გადავანაწილო. მინდა, ტექსტილის დიზაინის განხრით ჩემი გამოცდილება ამერიკელ სტუდენტებს გავუზიარო და მათგან ვისწავლო ის ტექნოლოგიები, რასაც ისინი ფლობენ.

© FB/ Sofo Barnoviსოფო ბარნოვის შექმნილი სამკაული
სოფო ბარნოვის შექმნილი სამკაული - Sputnik საქართველო
სოფო ბარნოვის შექმნილი სამკაული

- სოფო, ვიცი, რომ მინანქრით ბავშვობიდან დაინტერესდით… 

— ჯერ იმას გეტყვით, რომ სამი წლიდან ვხატავ, ძალიან მიყვარდა ძერწვაც, მახსოვს პატარა რომ ვიყავი, თიხის მძივებს ვაწყობდი და ორნამენტებით ვაფორმებდი. მინანქრით14 წლის ასაკში დავინტერესდი. ეს საქმე მე და ჩემს მეგობარს მისმა უფროსმა ძმამ გვასწავლა, რომელიც არაჩვეულებრივი მოქანდაკეა, მას შემდეგ საიუველირო კუთხითაც ვმუშაობ და დღემდე საინტერესო აღმოჩენებს ვაკეთებ, რაც ამ პროფესიის სიღრმეზე მეტყველებს. ამის მერე ბატონებმა —  გელა გიორგაძემ და დავით აბრამიშვილმა პროფესიონალურ დონეზე შეგვასწავლა ყველაფერი, რის გამოც მუდამ ვიქნებით მათი მადლიერი. აბიტურიენტი რომ გავხდი, ბევრი არ მიფიქრია იმაზე, რა პროფესია ამერჩია-აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე. უნიჭიერეს და უგანათლებულეს პიროვნებასთან, თამაზ შათირიშვილთან ვემზადებოდი, ვინც ჩემი აზრით ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგი და პიროვნებაა. 

- ამბობენ, შორიდან უფრო კარგად ჩანს ის, რასაც ახლოს მყოფი ვერ ამჩნევ, თქვენს შემთხვევაში რა იყო ის, რაც შორიდან უკეთ გააცნობიერეთ?

— ვფიქრობ, რომ შორიდან მართლაც უფრო კარგად ჩანს ის პლიუსები და პოტენციალი, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. უცხო ქვეყანაში მყოფს ქართული კულტურის, ისტორიისა და სიმდიდრის მიმართ პატივისცემა კიდევ უფრო გიასმაგდება. ის ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე, რაც ქართველებს გაგვაჩნია, ბევრ ქვეყანას არ აქვს და როგორ შეიძლება, რომ ამით ამაყი არ იყო?! ვამაყობ ჩვენი ქვეყნით, მისი წარსულითა და ჩემი გვარით. ამერიკაში ყოველთვის ვცდილობ აქაურ მეგობრებს და უბრალოდ ადამიანებს, ვისთანაც მიწევს შეხვედრა. ჩვენი ქვეყნის შესახებ ბევრი მოვუყვე. რატომღაც უმრავლესობას არ სჯერა, რომ ერთ პატარა ქვეყანაში შეიძლება ასეთი სილამაზე, მდიდარი ისტორია და კულტურა იყოს გაერთიანებული.

© სამორი ბალდეს პირადი არქივისოფო ბარნოვი და სამორი ბალდე
სოფო ბარნოვი და სამორი ბალდე - Sputnik საქართველო
სოფო ბარნოვი და სამორი ბალდე
 

- ვიცი, პირველად არ ისმენთ, რომ ფოტომოდელის გარეგნობა გაქვთ, ხშირ შემთხვევაში, ასეთი გარეგნობისა და თქვენი ასაკის გოგოები თვითგანვითარებასა და განათლებაზე არ ფიქრობენ, თქვენ ამ მხრივ გამონაკლისი ხართ. რას,,აბრალებთ“ ამას?

— ასეთი შეფასებისთვის მადლობა მინდა გითხრათ. რა თქმა უნდა ბავშვის ცნობიერების ჩამოყალიბებაში ოჯახი უპირველეს როლს ასრულებს. ვფიქრობ, სწორი აღზრდის შემთხვევაში, ამბიციები და საკუთარ თავზე წარმოდგენა უფრო ობიექტური ხდება, რა სილამაზის პატრონიც უნდა იყო. ზოგადად სილამაზე ჩემი აზრით, პირობითი და ამავდროულად მარადიული ცნებაა, პირობითი იმიტომ, რომ თუ ადამიანის მთავარი ღირსება მხოლოდ გარეგნული მხარეა და მას არ ახლავს გონებრივი და სულიერი მშვენიერება, მხოლოდ გარეგნული აზრს ჰკარგავს… ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თვითგანვითარებაზე ზრუნვა და თუ უფლის წყალობით გარეგნობაც ხელს გიწყობს, ამას რა სჯობია.

- თქვენი წყვილი სამორთან ერთად ჰარმონიულად მოჩანს. რა არის ის, რითიც ფიქრობთ, რომ სხვებისგან გამოირჩევით? 

— ორი წლის წინ ცოლად მუსიკოსსა და ტელეწამყვანს, სამორ ბალდეს გავყევი. ისიც ხელოვნებას ემსახურება და მის თანადგომას მუდმივად ვგრძნობ. სპეციალურად არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, როგორც გამორჩეული წყვილი ისე რომ გამოვიყურებოდეთ. პირად ცხოვრებაზე საუბარს რიგი მიზეზების გამო ყოველთვის ვარიდებთ თავს. მიმაჩნია, რომ ურთიერთობა ნდობას უნდა ემყარებოდეს, თავადაც გულწრფელი უნდა იყო, რომ საყვარელი ადამიანის მხრიდან იგივე დამოკიდებულება მიიღო. 

© FB/ Sofo Barnoviსოფო ბარნოვის შექმნილი სამკაული
სოფო ბარნოვის შექმნილი სამკაული - Sputnik საქართველო
სოფო ბარნოვის შექმნილი სამკაული

- მოგვიყევით თქვენი ცხოვრების ერთი ლამაზი ამბავი, რაც თქვენი აზრით არ გახუნდება და ცხოვრების ბოლომდეც გაგყვებათ…

— რომელიმე კონკრეტული ერთი ასეთი ამბის გახსენება გამიჭირდება, რადგან ასეთი რამდენიმეა. ყველა მათგანი ჩემს საყვარელ ოჯახს და მეგობრებს უკავშირდება, ადამიანური ბედნიერება პირადად ჩემთვის არც მატერიალურ სტაბილურობას და არც ''პოპულარობას'' არ უკავშირდება, რადგან ეს ყოველივე წარმავალია. ისე, თუ მაინც ერთი კონკრეტული დღე და ამბავი უნდა დავასახელო, თქვენი ნებართვით, დეტალებს საიდუმლოდ შევინახავ, მაგრამ გეტყვით, რომ ასეთი დღე 10 აპრილია, როდესაც მე და სამორი ერთმანეთს შევხვდით. უკვე დანამდვილებით ვიცი, რასაც გასცემ და რასაც სხვას უსურვებ, ის უკანვე გიბრუნდება და აქ შემთხვევითობა გამორიცხულია…


ყველა ახალი ამბავი
0