5 მაისიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი კინოსურათების პრემიერები გაიმართება:
"ვისი სული გსურს" — ეს არის ახალი ქართული კომედია-ფენტეზი რეჟისორ დავით იმედაშვილისაგან, რომელიც გახმაურებული ფილმის „ოცნების ქალაქის“ ავტორია. სურათის მთავარ გმირს ბედი ბოროტად ეთმაშება. იმის გამო, რომ გიორგი არასწორად ცხოვრობდა და იმას რაც ჰქონდა არ აფასებდა, ბედისწერა სხვადასხვა ადამიანების სულებში სამოგზაუროდ აგზავნის, საიდანაც ის გარედან თავის ცხოვრების ხილვას შეძლებს. ის მოხვდება საკუთარი მრავალშვილიანი მძღოლის, მის მიერ დაჩაგრული მდივნის, მისი მეუღლის და ქუჩის ძაღლის სხეულშიც კი. კომედიაში როლებს ასრულებენ გიორგი ბახუტაშვილი, დუტა სხირტლაძე, თიკო მოსემღვდლიშვილი და ნიკოლოზ წულუკიძე.
„კაპიტან ამერიკა:სამოქალაქო ომი“ სუპერგმირული ბოევიკი Marvel-ის კომიქსების პერსონაჟის კაპიტან ამერიკის თავგადასავლების შესახებ — ეს ფილმის „კაპიტან ამერიკა:პირველი შურისმაძიებელი“ სიქველია. სურათის სიუჟეტის მიხედვით, მთავრობა განსაკუთრებული თვისებების მქონე ყველა ადამიანის რეგულაციას იწყებს. ტონი სტარკი ახალ კანონს მხარს უჭერს, ხოლო სტივ როჯერსი მასში სამოქალაქო უფლებების დარღვევასა და ყველაფერში რისიც სჯეროდა — შეფურთხებას ხედავს. ეს სამოქალაქო ომსა და შურისმაძიებლების გარდაუვალ განხეთქილებას გამოიწვევს. მთავარ როლებში — კრის ევანსი, რობერტ დაუნი-უმცროსი და სკარლეტ იოჰანსონი. ფილმის ნახვა თბილისში IMAX-ის ფორმატით არის შესაძლებელი.
გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაში გამოვიდა „ლამაზმანის“და „გაქცეული პატარძლის“ ავტორის კომედია „მხიარული დედები“(Mother's Day), დრამა დამწყები მოდელის ვარსკვლავური ოლიმპისკენ რთულ გზაზე „ტოპ-მოდელი“(The Model) და საშინელებათა ფილმი „არ დაიძინო“(Before I Wake).
თბილისის კინოთეატრებშია უკვე ბელგიურ-ფრანგული კომპიუტერულ-ანიმაციური კომედიური ფილმი „რობინზონ კრუზო“ (Robinson Crusoe), ნიკოლას სპარქსის სცენარის მიხედვით გადაღებული მელოდრამა „არჩევანი“(The Choice), კომედია აშშ-ს 37-ე პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის და როკ-ენ-როლის მეფის ელვის პრესლის შეხვედრის შესახებ "ელვისი და ნიქსონი" (Elvis & Nixon) და ლევან თუთბერიძის ქართული სოციალური დრამა „მოირა“.
გარდა ამისა, დედაქალაქის კინოთეატრებში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფანტასტიკური თრილერი „კრიმინალი“(Criminal), ბრიტანული ფილმი „ცათამბჯენი“(High-Rise), ამერიკული სათავგადასავლო ფილმი ფენტეზი „მონადირე:ზამთრის ომი“(The Huntsman: Winter's War), კიპლინგის ნაწარმოების ეკრანიზაცია „ჯუნგლების წიგნი“ (The Jungle Book) და ფანტასტიკური ბოევიკი „ბეთმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის განთიადი“ (Batman v Superman: Dawn of Justice).
კინო ბავშვებისათვის-მულტფილმი „ზოოტოპია“(Zootopia).
გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!