სიყვარული ყველაზე მომგებიანი დაბანდებაა... რაც მეტს გასცემ, მით მეტი გიგროვდება...

© www.genia.geოდრი ჰეპბერნი
ოდრი ჰეპბერნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ისეთი სიფაქიზით და ჰაეროვნად გავედი ჩვენ აივანზე… ბალახი რომ იზრდებოდეს, იმასაც არ შევაწუხებდი ზედმეტად, ორ წვრილ ბალახს შორის გავსრიალდებოდი როგორმე ან სულაც გადავაფრინდებოდი… რადგან ზუსტად ამ დღეს, 1929 წლის 4 მაისს დაიბადა მართლაც ღვთაებრივი ქალბატონი, უმშვენიერესი და უკეთილშობილესი ოდრი ჰეპბერნი, რომელსაც სრულიად სამართლიანად „ჰოლივუდის შველს“ ეძახდნენ. 

ოდრი ამბობდა: „მე მჯერა ვარდისფერი ფერის… მე მჯერა იმის, რომ ყველა ბედნიერი ქალი ულამაზესია და რომ კალორიების დაწვის ყველაზე კარგი მეთოდი — სიცილია… მე მჯერა ხვალინდელი დღის და დღემდე მჯერა საოცრებების“…

ოდრი ჰეპბერნი, სრული სახელი — ოდრი კეტლინ ვან ჰეემსტრა რასტონი დაიბადა ბრიუსელში. მისი დედა, ბარონესა ელა ვან ჰეემსტრა ჰოლანდიის არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელი იყო, მამაზე კი (ჯოზეფ ვიქტორ ენტონი ჰეპბერნ-რასტონი) მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის წარმოშობით ავსტრალიიდან იყო. მშობლები დაშორდნენ მას შემდეგ, რაც ოდრის დედამ  ქმარს ძიძასთან შეუსწრო… ოდრისთვის მამის სახლიდან წასვლა ნამდვილი ტრაგედია აღმოჩნდა, რადგან მათ განსაკუთრებული სულიერი სიახლოვე აკავშირებდათ… როდესაც ოდრი მსოფლიოში ცნობილი მსახიობი გახდა, მან აპატია მამას, მოძებნა ის და სიცოცხლის ბოლომდე პატრონობდა… დედა კი ყველაზე მეტად იმით დაამახსოვრდა, რომ მისი საყვარელი შოკოლადის ჭამას უშლიდა, რადგან თვლიდა, რომ მეუღლემ მას ჭარბი წონის გამო უღალატა, და დღედაღამ უჩიჩინებდა პატარა ოდრის, რომ „ნამდვილი ლედი არ უნდა იწონიდეს 46 კილოგრამზე მეტს!“ უნდა ითქვას, რომ ოდრიმ შეასრულა დედის დანაბარები და მთელი ცხოვრების განმავლობაში 170 სმ სიმაღლის ოდრის წონა 45 კილოგრამი იყო. სულ ერთადერთხელ მან 3 კილოგრამი მოიმატა და სასწრაფოდ, 2 დღეში დაიკლო…

© www.pink.geოდრი ჰეპბერნი ფილმში "რომაული არდადეგები"
ოდრი ჰეპბერნი ფილმში რომაული არდადეგები - Sputnik საქართველო
ოდრი ჰეპბერნი ფილმში "რომაული არდადეგები"

ოდრი 11 წლის იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ის გერმანელების მიერ ოკუპირებულ ნიდერლანდებში აღმოჩნდა. მან სრულად გადაიტანა ომის ყველა სირთულე — დევნა, შიმშილი… ის ჰყვებოდა, რომ მისი ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ტიტის ბოლქვებითაც კი იკვებებოდა… 1948 წელს ოდრის ოჯახი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც ბალეტით გატაცებული ოდრი თეატრის სცენაზე გამოდიოდა… ის შეამჩნიეს და მიიწვიეს ბროდვეის მიუზიკლ „ჟიჟიში“ მთავარი როლის შემსრულებლად. ამ როლს მოჰყვა უმნიშვნელო როლები კინოში, 1952 წელს კი ის მიიწვიეს ფილმში „რომაული არდადეგები“, სადაც მას პარტნიორობას იმ დროისთვის უკვე სახელგანთქმული გრეგორი პეკი უწევდა. 

აღსანიშნავია, რომ პეკმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ ტიტრებში ოდრის სახელი მისი სახელის გვერდით პატარა ასოებოთ კი არა, როგორც ეს იყო თავიდან განსაზღვრული, არამედ ასევე დიდი ასოებით დაეწერათ. როგორც პეკი მერე იტყვის, მან, როგორც პროფესიონალმა, თავიდანვე იგრძნო, რომ ოდრი ამ როლში „ოსკარს“ მიიღებდა… მისი წინათგრძნობა ასრულდა და დაიწყო ოდრის სვლა ჰოლივუდის ოლიმპზე… „საბრინა“, „ჩემი მშვენიერი ლედი“, „საუზმე ტიფანისთან“, „როგორ მოვიპაროთ მილიონი“ და სხვა. მაგრამ რატომღაც სწორედ რომანტიკულ და ძალიან მელოდრამატულ „რომაულ არდადეგებს“ განსაკუთრებული ადგილი ეკავა მის ცხოვრებაშიც და, სავარაუდოდ, ჩვენ გულებშიც…

ბუნებრივია, ისეთი მშვენიერი წყვილის ირგვლივ, როგორსაც ოდრი და გრეგორი პეკი ქმნიდნენ, უამრავი ჭორი დადიოდა, რომელიც ოდრიმ ერთი ფრაზით გააქარწყლა — „რა თქმა უნდა, მე ძალიან მიყვარდა გრეგორი, მაგრამ… მხოლოდ გადასაღებ მოედანზე, სადაც პარტნიორში ცოტა მაინც შეყვარებული აუცილებლად უნდა იყო“… ცხოვრებაში ისინი ბოლომდე ნამდვილ და ძალიან ერთგულ მეგობრებად დარჩნენ…

ფილმ „საბრინას“ გადაღებისას ოდრიმ გაიცნო მსახიობი უილიამ ჰოლდენი, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა, მაგრამ დასცილდა, როდესაც გაიგო, რომ უილიამს ვერ ეყოლებოდა შვილები. ოდრის პირველი მეუღლე და, მისი თქმით, ცხოვრებაში მისი ყველაზე დიდი სიყვარული იყო მსახიობი მელ ფერერი, რომელსაც ის დაშორდა საკმაოდ რთული 12-წლიანი ქორწინების შემდეგ. ოდრის მეორე მეუღლე იყო იტალიელი ფსიქოთერაპევტი ანდრეა დოტი, რომელსაც ღალატი ვერ აპატია. ბოლოს კი 50 წლის ოდრი შეხვდა ნიდერლანდელ მასახიობ რობერტ უოლდერსს, რომელთანაც გაატარა, როგორც თვითონ ამბობდა, „ყველაზე ბვედნიერი ბოლო წლები“. 

© www.angel.geოდრი ჰეპბერნი
ოდრი ჰეპბერნი - Sputnik საქართველო
ოდრი ჰეპბერნი

სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ ოდრი, რომელიც, სხვათა შორის, თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ და ჰოლანდიურ ენებს, გახდა საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი და რეალური წვლილი შეიტანა მსოფლიოს ბავშვების წინაშე მდგარი უმძიმესი პრობლემის გადაჭრის საქმეში… მან თავისი კეთილშობილური მისიით 20 ქვეყანაში იმოგზაურა… აშშ-ის პრეზიდენტმა მას თავისუფლების ორდენი მიანიჭა…

სომალიში ბოლო ექსპედიციის შემდეგ ოდრის დაუდასტურდა მძიმე დიაგნოზი – სიმსივნე. მან იცოდა იმის შესახებ, რომ განწირული იყო, მაგრამ ბოლო წუთამდე რჩებოდა კეთილშობილი, მომღიმარი და ოპტიმიზმით სავსე. 

ოდრი ჰეპბერნი გარდაიცვალა 63 წლის ასაკში, შობის დღეს, ოჯახის წევრების გარემოცვაში, რომლებიც განგებ მოიწვია, თითქოს გრძნობდა…

ელიზაბეტ ტეილორმა მაშინ თქვა — „ღმერთის დიდებულ ამალას კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა, რომელმაც ნამდვილად იცის, რა აკეთოს ზეცაში“… ალბათ, მართლაც… ასეთი ნათელი და მზიანი ადამიანები ზემოდანაც ალამაზებენ და აკეთილშობილებენ ჩვენს ცხოვრებას…

გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0