ქანდის წმინდა ცამეტი ასურელი მამის მონასტერი — ერთადერთია მსოფლიოში, სადაც ღვთისმსახურება ქართულ და არამეულ ენაზე აღევლინება. სოფელი ქანდა, რომელიც მცხეთასთან ახლოს მდებარეობს, ძირითადად ასირიელებითაა დასახლებული. Sputnik-ი ამ უნიკალურ მონასტერში ღვთიმსახურების ამსახველ ვიდეოს გთავაზობთ.
ქანდის წმინდა ცამეტი ასურელი მამის მონასტერი სოფელ ქანდის კულტურულ ცენტრს წარმოადგენს, სადაც ძირითადად, ორი ათასზე მეტი ასირიელი ცხოვრობს. ეკლესიაში ახალგაზრდები რეგულარულად იკრიბებიან. ადგილობრივები ქართულ და არამეულ ენებზე საუბრობენ.
როგორც ასურელების სულიერი მოძღვარი სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბიტ-ხარიბი ამბობს, სოფელ ქანდას დაარსების შესახებ კონკრეტული ისტორიული მონაცემები არ არსებობს.
„მხოლოდ ის ვიცით, რომ ასურელებს საქართველოში ჩამოსახლება მათი პირველი გენოციდის შემდეგ, 1833 წლიდან დაუწყიათ. ჩვენი წინაპრები ქანდაში ძირითადად ირანიდან, ერაყიდან, თურქეთიდან და სირიიდან გადმოსახლებულან“, — აღნიშნა მოძღვარმა Sputnik-თან საუბრისას.
პატარა ტაძარი სოფელში 1997 წელს, ხოლო 2013 წელს კი 13 წმინდა ასურელი მამის სახელობის ეკლესია აშენდა. აქ წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილიო მეორის ლოცვა-კურთხევით ორ — ქართულ და არამეულ ენებზე მიმდინარეობს. ყოველწლიურად სოფელში ათასობით ადამიანი, მათ შორის მართლმადიდებელი ასურელი მღვდელმსახურებიც, ჩამოდის არამეულ ენაზე ლოცვების მოსასმენად.