თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ქუთაისში „სოციალური მაცივარი“ გაიხსნა, სადაც შეჭირვებულთათვის სადღესასწაულო ტკბილეული, პასკა, კვერცხებიდა სხვა პროდუქტები ინახება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
„სოციალური მაცივარი“ ქუთაისში ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიხსნა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია — საკმარისია მაცივარში პროდუქტები დადოთ, რომელსაც შეჭირვებული მოსახლეობა გამოიყენებს.
„21-ე საუკუნეში ადამიანმა საკვები ნაგვის ურნებში არ უნდა ეძებოს“, განაცხადა ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის დირექტორმა ნატალია პატარიძემ.
პირველი „სოციალური მაცივარი“ გორში 2015 წლის 25 დეკემბერს დაიდგა, რომლის ინიციატორიც ახალგაზრდული ორგანიზაცია „დროა“ იყო. თბილისში „სოციალური მაცივარი“ 14 იანვარს გაჩნდა.
პროექტის მიზანი შეჭირვებულთა დახმარებაა.