თბილისი, 1 მაისი — Sputnik. 18 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, რომელიც ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანის ტყეში აღმოაჩინეს, წინასწარი ინფორმაციით ე.წ. РПГ-7-ის ჭურვებია, ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" იტყობინება. ტერიტორია, სადაც ყუმბარები იპოვეს, ერთ-ერთ ადგილობრივს დავით იმერლიშვილს, ეკუთვნის, თუმცა მან ამის შესახებ საუბარი არ ისურვა. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ადგილობრივების ცნობით, ჭურვები მეთევზეებმა იპოვეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, ყუმბარები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო, რაც ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას, სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.